Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის სახელმწიფო ტელერადიო-კომპანიას აეკრძალა ყირიმელი თათრების ლიდერის ჩვენება


სახელმწიფო ტელერადიო-კომპანია „ყირიმის“ ეთერში აკრძალეს ყირიმელი თათრების ლიდერ მუსტაფა ჯემილევისა და მეჯლისის თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვის ჩვენება. ამ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, ტელეკომპანიის თანამშრომლებს არ ურჩევენ ჯემილევისგან ინტერვიუს აღებას და ისეთი ფართო პლანის ჩვენებასაც კი, სადაც ჯემილევი გამოჩნდება. ცენზურა ვრცელდება ყირიმელი თათრების ლიდერის ხსენებაზეც. ყირიმის რუსეთის მხარდამჭერი ხელისუფლების მიერ დაწესებული სანქციები ვრცელდება მეჯლისის საქმიანობაზეც. ეს ინფორმაცია დაადასტურა მეჯლისის პრეს-მდივანმა ლეილა მუსლიმოვამ. 21 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ყირიმელი თათრებისა და მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინური რეჟიმის მიერ დეპორტირებული სხვა ხალხების რეაბილიტაციის შესახებ. 21 აპრილს სიმფეროპოლში მდებარე მეჯლისის შენობაზე თავდასხმა მოხდა. დაშავდა სამი ქალი. თავდამსხმელები შეიჭრნენ შენობაში და ჩამოხსნეს უკრაინის დროშა, რომელიც უმაღლესი რადის დეპუტატ მუსტაფა ჯემილევის ყირიმში ჩასვლის აღსანიშნავად იყო აღმართული. ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა ყირიმელი თათრები „ეროვნებათაშორის შუღლის გაღვივებაში“ დაადანაშაულა და მათ, ვისაც არ მოსწონს ნახევარკუნძულის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, ტერიტორიის დატოვება ურჩია. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმელ თათრებს, რომლებიც უარს ამბობდნენ რუსეთის მოქალაქეობაზე, სამსახურებიდან ათავისუფლებდნენ. ყირიმელი თათრების უმრავლესობამ ყირიმის უკრაინიდან გასვლისა და რუსეთთან მიერთების შესახებ მარტში ჩატარებულ რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა.
XS
SM
MD
LG