Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: სამხედრო ძალები „სრულ მზადყოფნაში“ არიან


უკრაინა, 2014 წლის 25 აპრილი
უკრაინა, 2014 წლის 25 აპრილი
უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა 30 აპრილს განაცხადა, რომ ქვეყნის არმია „სრულ სამხედრო მზადყოფნაში“ იმყოფება. ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადების ფონია პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ ადმინისტრაციული შენობების დაკავება აღმოსავლეთის კიდევ ერთ ქალაქში.

კიევში, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, ტურჩინოვმა თქვა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების საფრთხე რეალურია: „კიდევ ერთხელ ვუბრუნდები რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სახმელეთო ომის დაწყების რეალურ საფრთხეს. ჩვენი შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან“.
საიდუმლო არ არის, რომ რუსეთი განაგრძობს ძალების კონცენტრირებას უკრაინის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებთან და რომ ისინი მზად არიან ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრისთვის...
ალექსანდრ ტურჩინოვი

ტურჩინოვის თქმით, რუსეთი განაგრძობს უკრაინის საზღვრებთან ახლოს შეიარაღებული ძალების კონცენტრაციას: „საიდუმლო არ არის, რომ რუსეთი განაგრძობს ძალების კონცენტრირებას უკრაინის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებთან და რომ ისინი მზად არიან ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრისთვის“.

ტურჩინოვმა, იმავდროულად, კრიტიკულად შეაფასა ქვეყნის უსაფრთხოების „უმწეო“ ძალები. მისი თქმით, ეს ძალები უუნარონი არიან შეასრულონ მოქალაქეთა დაცვის თავიანთი მოვალეობა.

ამასთან, ტურჩინოვმა დასძინა, რომ ამ ძალების ნაწილი „ან ეხმარება, ან თანამშრომლობს ტერორისტულ ორგანიზაციებთან“.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ამ კრიტიკული გამოსვლის ფონია აღმოსავლეთში წარმოებული ოპერაცია, რომელშიც უკრაინის ჯარისა და პოლიციის პროგრესი თითქმის არ შეინიშნება. ამ ოპერაციის მიზანია პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებისთვის ხელის შეშლა ქვეყნის აღმოსავლეთის ქალაქებზე კონტროლის გაფართოებაში.

უკრაინის თავდაცვითი ძალების მობილიზაციაში მოყვანის შესახებ ცნობა ტურჩინოვმა რამდენიმე კვირის წინაც გამოაცხადა, მაგრამ ამას ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია. სეპარატისტებმა ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთით თორმეტიოდე ქალაქში დაიკავეს მთავრობის შენობები და პოლიციის შტაბბინები. ქვეყნის აღმოსავლეთის პრორუსულად განწყობილი ლიდერები გამოდიან მოთხოვნით, გაიმართოს რეფერენდუმი, რომელმაც მათ რეგიონს მეტი ავტონომია უნდა მიანიჭოს.

30 აპრილს პრორუსულად განწყობილმა აქტივისტებმა მთავრობის შენობა და პოლიციის შტაბბინა ქალაქ გორლივკაში დაიკავეს.

ალექსანდრ ტურჩინოვი
ალექსანდრ ტურჩინოვი
29 აპრილს აღმოსავლეთის ქალაქ ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ, რის გამოც ტურჩინოვმა მყისიერად გაათავისუფლა პოლიციის ადგილობრივი ხელმძღვანელები. მათ ქცევას ტურჩინოვმა უწოდა „უმოქმედობა, უძლურება და, ზოგიერთ შემთხვევაში, დანაშაულებრივი ღალატი“.

პარალელურად, აშშ და რუსეთი ერთმანეთს სდებენ ბრალს უკრაინაში არეულობის პროვოცირებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 29 აპრილს მოსკოვი უკრაინის კრიზისის გაღრმავებაში დაადანაშაულა, ნაცვლად იმისა, რომ უერთგულოს შეთანხმებას, რომელიც კრიზისის დეესკალაციას ითვალისწინებს.

ამავე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, უკრაინაში ვითარება დასავლეთმა აურია და ახლა განტევების ვაცს ეძებსო. პუტინის აზრით, ეს არის დასავლეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების მიზეზი.

პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალები არ იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG