Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 14 მაისი


„არჩევნებში „ოცნება“ კი არ გაიმარჯვებს, ოპოზიცია დამარცხდება“ - ამ სათაურით გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს ინტერვიუს პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძესთან, რომელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლებას აბსოლუტურად არაფერში სჭირდება არც გაბერილი საარჩევნო სიები და არც ერთპარტიული კომისიები, რომლებიც ბევრ ეჭვს ბადებს. მისი აზრით, ხელისუფლება რომ გონივრულად მოქმედებდეს, ორივეზე უარს იტყოდა, რეალური სიტუაცია კი ისეთია, რომ ის არჩევნებს მაინც იგებს. სხვა თემაა, რომ ისინი მომავალი საპარლამენტო არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან და ამ ტიპის სიებით და ამ კომისიებით ამას საფუძველს აქედანვე უყრიან, - ფიქრობს ხათუნა ლაგაზიძე, რომლის აზრითაც, ოდნავ რეიტინგული ოპოზიციის პირობებში „ოცნებას“ ყველა რეგიონში გაუჭირდებოდა გამარჯვება. პოლიტოლოგის თანახმად, ხელისუფლება ცდილობს ოპონენტად მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენოს და სხვა ოპოზიციურ ძალებს იგნორირებას უკეთებს. „ეს წინასაარჩევნო ვითარებისთვის დამახასიათებელი არ არის, ეს ხელისუფლების ტაქტიკაა, რომ საკუთარი თავი „ნაცმოძრაობის“ ფონზე უფრო მორალურად წარმოაჩინოს“, უთხრა ხათუნა ლაგაზიძემ გაზეთ „რეზონანსს.“

„ევროპასთან ასოცირების პროცესში დაძაბულობის ესკალაცია არ მოხდება“ - ასე კი სამხედრო პოლიტიკური ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ფიქრობს. ინტერვიუს მასთან დღეს გაზეთი „ახალი თაობა“ აქვეყნებს. იგი ფიქრობს, რომ ინდიკატორი, რომელმაც შეიძლება გაართულოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, არის უკრაინა-რუსეთის ურთიერთობაში ცვლილებები. ანუ, პოლიტოლოგის აზრით, მათ შორის სიტუაციის გართულებამ და საომარი მოქმედებების დაწყებამ შეიძლება კონფლიქტში საქართველოს ჩათრევაც გამოიწვიოს. გიორგი თავდგირიძე აქვე გამოთქვამს ვარაუდს, რომ ევროპასთან ასოცირების პროცესში რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია არ მოხდება, უფრო მოგვიანებით, ნატოს საკითხის გადაწყვეტისას კი, შეიძლება ვითარება დაიძაბოს. აქვე გიორგი თავდგირიძე ამბობს იმასაც, რომ რუსეთი საქართველოს ევროპასთან ასოცირებას შეეგუება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმუშავებს ქართული დიპლომატია და რა შეთანხმება შედგება. „სამწუხაროდ, აქ ჩვენ მოვიკოჭლებთ. დიპლომატია თავისთავად არ მოქმედებს. მან უნდა მიიღოს შეკვეთა ქართული პოლიტიკური ელიტისაგან. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური ელიტა ბუნებაში არ არსებობს. არც არის მზად სიღრმისეული სტრატეგიული ხედვების ჩამოსაყალიბებლად, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ გარკვეულ ბალანსს რუსეთთან და, გარკვეულწილად, ურთიერთობის დათბობას“, - უთხრა გიორგი თავდგირიძემ გაზეთ „ახალ თაობას“.

დაიწყება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე კომპრომატების ომი, ამას გაზეთ „ვერსიის“ ფურცლებიდან შეიტყობთ. გაზეთის რესპონდენტია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური. „კომპრომატების ომს არ ველი. როცა ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, საჯაროდ განაცხადა, შესაძლოა უწყებიდან მოსასმენი აპარატურა და ფაილების ასლები გატანილიაო, რაც სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა“, ამბობს ზვიად ძიძიგური და იქვე დასძენს, „რუსთავი 2“-ის ეთერით ფარული ჩანაწერების გავრცელება და ამით გამოწვეული აჟიოტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილიაო. მისი აზრით, გამოძიების დასრულების შემდეგ საზოგადოება დარწმუნდება, რომ მმართველი გუნდი ტელეკომპანიაში თვალთვალსა და ფარულ ჩანაწერებთან კავშირში არ არის.

„სად მთავრდება ცოდვა და სად იწყება დანაშაული ან, პირიქით“ - ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილის აზრს ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ გაზეთ „“ალიაში“ გაეცნობით. ფილოსოფოსის აზრით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე კიდევ ბევრი რამ გველის და ჩრდილოელი მეზობელი ისარგებლებს ყველა შეცდომით, რომელსაც დავუშვებთ. დაძაბულობა კანონის გარშემო, ზაზა ფირალიშვილის აზრით, სწორედ ამგვარი შეცდომის შედეგია. მისი თქმით, კანონმდებლების სრულიად კეთილი მიზნების მიუხედავად, საზოგადოება მოუმზადებელი აღმოჩნდა კანონის მისაღებად. „სახელმწიფო იბადება იქ, სადაც თუნდაც უკიდურესად დაპირისპირებული ძალები დიალოგის სივრცეს შექმნიან. თითქოს ჩვენთვის მთავარი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა კი არ არის, არამედ ერთგვარი თეატრალური პათეტიკის, ბოროტისა და კეთილის საბოლოო დაპირისპირების აპოკალიფსურ რეჟიმში ცხოვრება. სწორედ ამაზე თამაშობენ ეს ძალები“, - ამბობს ზაზა ფირალიშვილი, რომლის აზრითაც, კანონმდებლებმა ვერ განსაზღვრეს, რა მტკივნეულ ნერვს ეხებოდნენ და რომ ადეკვატური საინფორმაციო უზრუნველყოფის გარეშე ამ თემის შეხება არ შეიძლებოდა. უმწეო საინფორმაციო პოლიტიკის გამო კი ბევრ ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, ამბობს ზაზა ფირალიშვილი, თითქოს ტრადიციულ ღირებულებებს ხელყოფდნენ.
XS
SM
MD
LG