Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩანაწერები კანის კინოფესტივალიდან (5)


21 მაისი “შავი დღე” აღმოჩნდა რუსი კინოკრიტიკოსებისთვის. ჯერ იყო და მიშელ აზანიავიჩუსის “ძებნა” უჩვენეს, ფილმი, რომელსაც ავტორი ასე ახასიათებს “ესაა ასი პროცენტით ფრანგული და ასი პროცენტით ქართული ფილმი” (ჩეჩნეთის ომის ამსახველი სურათი თითქმის მთლიანად საქართველოშია გადაღებული). ამ სეანსის დასრულებისთანავე კი კონკურსგარეშე პროგრამაში ჩართული სერგეი ლოზნიცას “მაიდანი”, რომელიც, როგორც იტყვიან, “სიტყვასიტყვით” აღადგენს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს 2014 წლის ზამთარში. ამას დაემატა ლოზნიცას პოლიტიკური განცხადებები - ფილმის დაწყებამდე რეჟისორმა, რომელსაც თავად რუსი კინემატოგრაფისტები თავისიანად მიიჩნევენ (ვგიკი აქვს დამთავრებული) განაცხადა, რომ არ აძლევს ინტერვიუს რუსულ მედიას.

“ძებნა” ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ის კი არა, სეანსის დროს ვფიქრობდი, ასეთი ფილმი 2008 წლის აგვისტოზე რომ გადაეღო რეჟისორს და, მაგალითად, ეჩვენებინა, როგორ ბომბავს ქართული არმია “მძინარე ცხინვალს”, ზუსტად ასე ამიჩუყდებოდა გული და მომერეოდა ცრემლი? ვფიქრობ, რომ კი... რადგან ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, აზანიავიჩუსის ფილმი არ გამოხატავს სიმპათია-ანტიპათიას მსხვერპლი ჩეჩნეთის და აგრესორი რუსეთის მიმართ. პრინციპში ეს პოლიტიკური მელოდრამა, რომელშიც ხანდახან ჩნდება ელცინის პორტრეტები (და არა პუტინის), არა იმდენად რუსეთის აგრესიას, რამდენადაც ევროკავშირის ჩინოვნიკების, საერთოდ, მსოფლიო თანამეგობრობის გულგრილობას უფრო ეძღვნება. სურათის ყველაზე ამაღელევებელი ეპიზოდია მთავარი გმირის, კაროლის (ამ როლს აზანიავიჩუსუს მეუღლე, ფრანგული კინოს ამომავალი ვარსკვლავი ბერენის ბეჟო თამაშობს) სიტყვა, რომელსაც ის ევროპარლამენტში წარმოთქვამს. ამაღელვებელი და ძნელი სათამაშო: კაროლი ხომ იმეორებს ყველაფერ იმას, რაც უკვე ვნახეთ და შევიტყვეთ ჩეჩნეთის ომზე. ლაპარაკობს ათასობით დაობლებულ ბავშვზე, რომელთაც მშობლები თვალწინ დაუხვრიტეს, შეიძლება ითქვას, ჰყვება პატარა ჰაჯის ისტორიას, 9 წლის ბიჭისა, რომელსაც შემთხვევით გადაეყრება ნაზრანის ქუჩაში, სახლში მოიყვანს, აჭმევს, წიგნებს წაუკითხავს, მუსიკას მოასმენინებს, მერე კი ძალიან, ძალიან შეუყვარდება.

ძნელი სათამაშოა, რადგან ტრიბუნასთან მდგარი კაროლის სიტყვა შესაძლებელია გადაზრდილიყო პათეტიკასა და სწორხაზოვნებაში (ასეთი ფილმი დღეს ვნახეთ უკვე, დიდი კლასიკოსის, კენ ლოუჩის ახალი, და, შესაძლებელია, მართლაც უკანასკნელი ნამუშევარი “ჯიმის დარბაზი”). მაგრამ არა. სწორედ აქ ხვდები, რომ კარგი რეჟისორია აზანიავიჩუსი. კაროლი ყვება არაადამიანურ სისასტიკეზე, ევროპარლამენტის წევრები კი რაღაცაზე ებაასებიან ერთმანეთს, ზოგი ხვრინავს კიდეც. კაროლი ჩერდება და ხმამაღლა იმეორებს თავის სიტყვებს. მაგრამ ჩეჩნეთის ომი დიდად არც მაშინ აიტერესებდა ევროპას და დღეს ხომ არ აინტერესებს და არ აინტერესებს.

კანის პუბლიკის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, აზანიავიჩუსის სურათს არა აქვს შანსი გახდეს “ოქროს პალმის” ლაურეატი. ტაში დაუკრეს, მაგრამ ვიღაცამ დაუსტვინა კიდეც. მეორე დღეს ევროპულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, აზანიავიჩუსს პრესამ დაუსტვინაო. ხომ იცით, როგორ ხდება ხოლმე.

მაგრამ ერთია კანის ფესტივალზე აკრედიტებული პუბლიკა - სნობი და ცინიკოსი კრიტიკოსები - და მეორეა უბრალოდ მაყურებელი, თუნდაც ის ხალხი, ვინც წყვეტს მსოფლიო პოლიტიკას. აზანიავიჩუსმა, ვფიქრობ, სრულიად გააზრებულად მიმართა ფრედ ცინემანის 1948 წელს გადაღებული ფილმის, “ძებნის” რიმეიკს. ცინემანი ამერიკული კინოს კლასიკოსია და განსაკუთრებით უყვართ ჰოლივუდში. უყვართ აზანიავიჩუსიც - აქ, კანში, კინოკრიტიკოსები ირონიას ვერ მალავდნენ მის ფილმზე “არტისტი”, ფესტივალის ჟიურიმ იმ წელს აზანიავიჩუსის შავ-თეთრი მელოდრამა მუნჯი კინოს სტილში დიპლომითაც კი არ აღნიშნა. მაგრამ დასრულდა წელი და “არტისტი” გახდა ამერიკული “ოსკარის” ტრიუმფატორი.

არაა გამორიცხული, ახლაც იგივე მოხდეს - ზუსტადაც რომ ჰოლივუდის საუკეთესო სტანდარტების მიხედვითაა გადაღებული ეს პოლიტიკური მელოდრამა ჩეჩნეთზე. რაც, ჩემი აზრით, კარგი ამბავია - მსოფლიომ უნდა იცოდეს, რას აკეთებდა რუსეთის არმია, როგორ ზრდიდნენ რუსი ოფიცრები ჯალათებს ამ არმიაში. და რა შეიძლება მოხდეს ხვალ, თუნდაც უკრაინაში, თუკი ევროპარლამენტის ჩინოვნიკებმა განაგრძეს ხვრინვა და მთქნარება.

დამთავრდება კანის ფესტივალი და გავიგებთ, რა უფრო ეფექტურია, აზანიავიჩუსის მელოდრამატული სტილი, ფილმი რამდენიმე უძლიერესი ეპიზოდით, თუ იგივე სერგეი ლოზნიცას ცივი დოკუმენტალიზმი, როგორც “მაიდანში”, სადაც უმოძრაო კამერა ავტორის ჩარევისა და კომენტარის გარეშე აფიქსირებს იმას, რაც ხდება კიევის “მაიდანზე”. მაყურებელმა თავად უნდა იფიქროს, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი კადრში, თვითონ უნდა მიხვდეს რას უნდა მიაქციოს ყურადღება ლოზნიცას ორსაათიანი ფილმის სტატიკურ და დაუნაწევრებელ კადრებში.

რუსი კინოკრიტიკოსები აზანიავიჩუსის სურათს “ჩავარდნად” ნათლავენ. “ჰო, შემეცოდა ბავშვი, ჰო საწყლები არიან ეს ჩეჩნები, მერე რა?” - გვითხრა ერთმა რუსმა კოლეგამ ფილმის დასრულების შემდეგ. მართლა ვერ ვხდები, რა არის ცუდი იმაში, რომ შეგეცოდოს 9 წლის ბიჭი, რომელსაც მშობლებს თვალწინ დაუხვრეტენ.

მაგრამ “შავმა ოთხშაბათმა” ჩაიარა და რუსი კინოკრიტიკოსები ახლა კანის 67-ე ფესტივალის ფინალური დღის მოლოდინში არიან - კონკურსში ჩართულ რუსულ სურათს, “ლევითანს” ისინი “ოქროს პალმას” უწინასწარმეტყველებენ, ბევრი მათგანი დარწმუნებულია, რომ ზვიაგინცევი გაიმეორებს მიხეილ კალატოზიშვილის გამარჯვებას. გაგახსენებთ, რომ “მიფრინავენ წეროები” ერთადერთი საბჭოთა ფილმია, რომელიც კანის ფესტივალის მთავარი პრიზით აღინიშნა. საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ დღემდე “პალმა” ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთ რესპუბლიკას არ ღირსებია.

არადა რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან ქართველები. აზანიავიჩუსის “ძიება” ხომ “ასი პროცენტით ქართული” ფილმია, სურათს ჰყავს ქართველი პროდიუსერები, ფილმში ქართველი მსახიობები თამაშობენ. მე ცოტა “წავიოცნებე” კიდეც - ხომ შეიძლება “ოქროს პალმა” ორ ფილმს გაუნაწილონ? “ძიებას” და, თუ მართლა ასეთი მაგარია, ზვიაგინცევის სურათს. ვნახოთ. ფესტივალის შედეგებს შაბათს შევიტყობთ.

ამასობაში კი აქ “ოქროს პალმის” კიდევ ერთი კანდიდატი გამოჩნდა - ახალგაზრდა კანადელი რეჟისორის, ქსავიე დოლანის “Mommy” - მარტოხელა დედისა და მისი 15 წლის ვაჟის ისტორია, რომელშიც პერვერსია და უბიწობა ისეა გადაჯაჭვული, რომ ვერ ბედავ უამბო შენს მკითხველს ფილმის მოკლე შინაარსიც კი. მითუმეტეს, რომ კანადელი ვუნდერკინდის ახალი ფილმი ძალიან ლამაზია და სასიამოვნო საყურებელი.

ვერ მოყვები ვერც ჟან-ლუკ გოდარის ახალ სურათს, რომელიც მაესტრომ (ისევ რომ არ ჩამოვიდა კანში) ამჯერად 3D-ში გადაიღო. “მშვიდობით ენავ”-ასე ჰქვია გოდარის მორიგ კინოექსპერიმენტს, რომელშიც “ახალი ტალღის” ყველაზე მოუხელთებელი რეჟისორი საუბრობს ლიტერატურასა და ფილოსოფიაზე, პოლიტიკაზე და კინოზე. თუმცა ახლა უკვე მხოლოდ კანის ფესტივალზე აკრედიტებული კინოკრიტიკოსისთვის და რამდენიმე ასეული კინომანისთვის (“გოდარისტისთვის”), რომელთაც ასეთი ციტატების ყურება და მოსმენა სიამოვნებთ. მართალი გითხრათ, მე გოდარის ხასიათზე არა ვარ. ამიტომაც ფილმის მეორე ნახევარში დავტოვე დარბაზი და სოფი ლორენის მასტერკლასს დავესწარი. “თქვენ არაჩვეულებრივად მღეროდით და ცეკვავდით” - უთხრა წამყვანმა დასაწყისში. “არ გამაგიჟოთ ახლა, ცეკვა და სიმღერა არ მომთხოვოთ, თორემ წავალ აქედან” - შეშფოთდა ლორენი და ბოლოს მაინც წაიცეკვა.

ამის სანახავად კი ნამდვილად ღირდა კანის ფესტივალზე ჩამოსვლა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG