Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩანაწერები კანის კინოფესტივალიდან (6)


კანის წლევანდელი კინოფესტივალის აფიშისთვის დირექციამ, რომლისთვისაც 67-ე ფესტივალი უკანასკნელია (ჟილ ჟაკობი პენსიაზე გავიდა), მარჩელო მასტროიანის სახე აირჩია. მარჩელო გვიყურებს ზევიდან ქვევით, შავი სათვალიდან. გვიყურებს ირონიით. გვიყურებს მარჩელო მასტროიანის ლანდი.

კინო ლანდების, აჩრდილების, ორეულების ხელოვნებაა. კინოს აქვს უნარი, შეინახოს სიცოცხლე და მერე, როცა კინოკადრს დრო ახალ სიცოცხლეს მიანიჭებს (და “აურას” შეინახავს), დაგვაფიქროს, რა უფრო ნამდვილია: ის, რაც კინოკადრშია აღბეჭდილი, რაც დრომ ვერ წაშალა, თუ ის, რასაც ვხედავთ და რაც “სიცოცხლე” გვგონია - რაც დროებითია მხოლოდ და აუცილებლად შეიცვლება.

კანის 67-ე კინოფესტივალს ჟურნალმა “კაიე დიუ სინემამ” საკმაოდ ორიგინალური ნომერი მიუძღვნა - კინემატოგრაფისტებს, ფილოსოფოსებს, მუსიკოსებს, მხატვრებს - სულ 100 ადამიანს - სთხოვეს გაეხსენებინათ კინოსახე (იგივე ლანდი), რომელმაც ყველაზე ძლიერ იმოქმედა მათ ცხოვრებაში. თანამედროვე კინო თითქმის არავის გახსენებია - დაასახელეს “მეტროპოლისი”; ლილიან გიში, რომელიც აკვანს არწევს; პერვერსიული მეჯლისი “ივანე მრისხანეში”; ვარდის კოკორი “მოქალაქე კეინში”; ატირებული ძამპანო პლიაჟზე; ტაძიო, მზისკენ გაშვერილი ხელით... დაასახელეს კინოს კლასიკა - ის, რაც დრომ მუზეუმის ექსპონატად აქცია. არადა გამოკითხვა კანის კინოფესტივალს ეძღვნებოდა. ხალხს საერთოდ გადაავიწყდა თუნდაც “ოქროს პალმით” აღნიშნული ფილმები.

ჰოდა, ამიტომ გვიყურებს ირონიით მარჩელო. ამიტომ უყურებს ირონიით ამ ფორიაქს, სპორტულ სანახაობად გადაქცეულ მარათონს, სადაც ჟან-ლუკ გოდარს ვინმე ტონი ლი ჯონსთან “აჯიბრებენ”, სადაც არ იცავენ სპორტულ წესს: განსხვავებულ წონით კატეგორიებს უპირისპირებენ ერთმანეთს.

რომელი ასეთი “ლანდები” დარჩება კინოს ისტორიაში კანის 67-ე კინოფესტივალიდან? არა მგონია, ამაზე დაფიქრებულიყო ჟიურის თავმჯდომარე, ჯეინ კამპიონი, ერთი საშუალო ნიჭის სკანდალური “დამა-ქალი”, რომლის დატკბილული “პიანინო” რატომღაც “ქალური კინოს” ნიმუშად ითვლება. ჟიურის სხვა წევრები გაიხსენეთ: საინტერესოა მათი მოსაზრება თუნდაც ჟან-ლუკ გოდარის ახალ ფილმზე, რომელიც სრულიად მეორეხარისხოვანი “ჟიურის სპეციალური პრიზით” აღინიშნა, ისიც “სანახევროდ”, ახალგაზრდა ქსავიე დოლანის ფილმთან ერთად. იმავე ბერლინის, ლოკარნოს თუ მონრეალის კინოფორუმებისგან განსხვავებით, კანის ფესტივალის ჟიურიში კინოკრიტიკოსებს არავინ ეძახის. აქ ვარსკვლავები უყვართ. მათ შორის ის ვარსკვლავები, რომელთაც ნიღაბი ჩამოხსნა დევიდ კრონენბერგმა წლევანდელი ფესტივალის საკონკურსო ფილმში “ვარსკვლავური რუკა”. იმიტომ, რომ ვარსკვლავი ფულია! და იმიტომ, რომ კანის ფესტივალი უფრთხილდება “ყველაზე გლამურული კინოფორუმის” სახელს.

ვისაც გინდათ დაგენიძლავებით, რომ “ოქროს პალმით” აღნიშნული “ზამთრის ძილისგან”, ჯეილანის ტუჩდაბერილი ქალებისგან, არანაირი კინოლანდი არ დარჩება ისტორიაში. სამაგიეროდ დარჩება სანდრა თავისი წითელი კაბით, წყლის ბოთლით ხელში ძმები დარდენების ფილმიდან. დარჩება დაღვრილ თაფლში ამოსვრილი ჯელსომინა - ალიჩე რორვაკერის ფილმიდან “სასწაული” (საბედნიეროდ ეს სურათი კამპიონის ჟიურიმ “გრან-პრითი” აღნიშნა). დარჩება ჩრდილოეთ რუსეთის პროვინციის ცივი, სინათლეს მოკლებული პეიზაჟი ანდრეი ზვიაგინცევის “ლევიათანიდან”... დაგენიძლავებით, რომ დარჩება - რადგან, იმავე ნური ჯეილანისგან გასნხვავებით, ამ სახეების ავტორებმა უარი თქვეს ცხოვრების ზედაპირის ასახვაზე, მათმა კამერამ შეაღწია იმ სივრცეში, რომლის საზღვარი, ჩვეულებრივი თვალისთვის, ყურისთვის ჩაკეტილია, რომელსაც მხოლოდ “კინოთვალი” ხედავს. ესაა სწორედ ლანდების სივრცე, იგივე მარადიულობა. ის, რასაც - რატომაც არა - “ღვთაებრივი” შეიძლება ვუწოდოთ.

რატომ გამოვიდა ზვიაგინცევის “ლევიათანი” ასეთი კარგი? რატომ ააღელვა ამდენი ხალხი კანში? იმიტომ ხომ არა, რომ ავტორმა ამ ღვთაებრივთან შეღწევის (!) პროცესი აჩვენა? არც “ჩერნუხათი” დაკმაყოფილდა, რუსული რეალობის ნატურალისტური აღწერით (თუმცა ამის საშუალებას ცენზურა მას ალბათ არც მისცემდა) და არც ჯეილანის მსგავსად მოინდომა განყენებული, მიღმა რეალობის” წარმოდგენა ტარკოვსკის სტილში. თუკი ჩეხოვზეა საუბარი (ჯეილანი ამბობს, რომ ჩეხოვის ნაწარმოებებით იყო შთაგონებული), სწორედ ზვიაგინცევის კინო უფრო ჰგავს ჩეხოვს, რომელსაც შეუძლია იმდენად ღრმად ჩასწვდეს ყოფას, რომ სადღაც ფინალში ამ ყოფის მიღმა სამყაროს გვაზიაროს. ამბობენ, რომ ქართველებს იმიტომაც უჭირთ ჩეხოვის დადგმა თეატრში. ყოფის დეტალებზე ყურადღების გამახვილება ჩვენ არც არასდროს გვეხერხებოდა. სადღეგრძელო, ლექსი, ცამპა-რუმპა (“იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე?”) რამდენიც გინდათ, მაგრამ ყოფა და დეტალი - იშვიათად.

ქართველები. ანდრეი ზვიაგინცევმა დაგვასწრო! წესით ის ყველაფერი, რაც მან ასახა “ლევიათანში”, გაცილებით ადრე უნდა გამოჩენილიყო ქართულ ფილმში - კორუფცია, ეკლესიის ფარისევლობა, უსამართლობა ძალაუფლების ყველა სივრცეში, განათლების კატასტროფული დონე და სიყვარულის დეფიციტი. და იცით, რატომ დაგვასწრო? იმიტომ, რომ ამ კაცს, ჩვენი რეჟისორების აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, უყვარს არა თავისი თავი კინოში, არამედ კინო, უყვარს ეს ლანდები. ანდრეი ზვიაგინცევი ცნობილი კინოფილია. ჩემმა მეგობარმა, რუსეთის კინომუზეუმის დირექტორმა ნაუმ კლეიმანმა მიამბო, სანამ პირველ ფილმს გადაიღებდა დილიდან შუაღამემდე ჩვენს სეანსებს ესწრებოდა და, ფაქტობრივად, დაიზეპირა კინოს ისტორიაო. დაიზეპირა “ლანდები”, შეინახა ის თავის კინოყულაბაში და ბოლოს შედევრი გადაიღო!

ბევრ რამეს ვუჩივი ცხოვრებაში, მაგრამ უძილობა, დანამდვილებით ვიცი, რომ არ მემუქრება. თუკი ზედმეტად ბევრი ყავა დავლიე და ჩაძინება გამიჭირდა, ეგრევე ფიგურული სრიალის რომელიმე პროგრამას გავიხსენებ ხოლმე და “ვიწყებ სრიალს” მუსიკის თანხლებით. საუკეთესო ძილის წამალია.

მაგრამ კანის ფესტივალზე ძილი მაინც განსაკუთრებით ტკბილია. ძილი და ჩაძინება. სიბნელეში ჯდომისგან დაღლილი სუნთქვავ ჰაერს, რომლის მსგავსი არ არსებობს მსოფლიოს არცერთ კუთხეში! ის ჰაერია, ნიცის აეროპორტიდან რომ გამოდიხარ და უცბად რომ დაგათრობს. ზღვის და ლაჟვარდოვანი ცის ჰაერი.

ძილის წინ ღრმად შეისუნთქავ ამ ჰაერს და იხსენებ “კინოლანდებს”, რომლებთანაც ერთად შესაძლოა (თუკი კარგი პროგრამაა) მთელი დღე გაატარე. წელს ბევრი იყო ასეთი. ძალიან ბევრი. იმდენად ბევრი, რომ კანიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე თავად გამიჩნდა კინოს გადაღების სურვილი.

სამწუხაროდ, მხოლოდ გზაში. დასრულდა ზეიმი. ახლა 2015 წლის მაისს უნდა დეველოდო. იმედია, მალე გაივლის ეს წელიწადიც.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG