Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არასამთავრობოები გაასაჩივრებენ პროკურატურის მოთხოვნას


რუსეთში მოქმედი ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია 23 მაისს მოსკოვის ერთ-ერთ სასამართლოში გაასჩივრებს პროკურატურის მოთხოვნას - მათი „უცხოეთის აგენტებად“ რეგისტრაციის შესახებ. უფლებადაცვითი ცენტრი „მემორიალი“, ასოციაცია „გოლოსი“ და ორგანიზაცია „იურიკსი“ უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია ცდილობენ მიაღწიონ თავიანთი საჩივრების განხილვას. მათ საქმეებზე რამდენჯერმე შეიცვალა მოსამართლე და არ მოხერხდა სრულფასოვანი სასამართლო სხდომის ჩატარება. ფონდი „საზოგადოებრივი ვერდიქტი“ კი გასული წლის მაისიდან არის ჩართული მსგავს პროცესში. ყველა ეს ორგანიზაცია არ ეთანხმება პროკურატურის დავალებას „უცხოეთის აგენტად“ რეგისტრაციის შესახებ. ეს მოთხოვნა მათ წაუყენეს გასული წლის მარტში დაწყებული - არასამთავრობოების მასობრივი შემოწმების შედეგად. 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონის თანახმად, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა და დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, ვალდებულია დარეგისტრირდეს „უცხოეთის აგენტად“. რუსეთში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებს არაერთხელ განუმარტავთ, რომ მათ საქმიანობაში არ არის პოლიტიკური შემადგენელი. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შესულია რუსეთის 11 არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარი უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციასთან შესაბამისობის საკითხზე.
XS
SM
MD
LG