Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ირაკლი ღარიბაშვილი: "პატრონი არ გყავდათ აქამდე, ახლა ყველას მოგხედავთ"


ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ საროს მოსახლეობას ხვდება
ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ საროს მოსახლეობას ხვდება
ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ხელისუფლებას სოციალური პრობლემების მოგვარებაში დახმარებას სთხოვს. სოფელ არალში ამბობენ, რომ ხე-ტყის ჭრაზე გამკაცრებული კონტროლი მათ ყოფაზე მძიმედ აისახება. ადიგენში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მაშინდელი ხელისუფლების საარჩევნო დაპირებას იხსენებენ: „გაზი ყველა სოფელს“. ორი წლის წინ დაწყებული გაზიფიცირების პროცესი ჯერ კიდევ დაუსრულებელიაო, – აცხადებენ სოფელ არალში.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების მსგავსად, შეწყვეტილ გაზიფიცირებაზე საუბრობენ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. სოფელ საროს მოსახლეობა ორი წლის წინ შეწყვეტილი საქმის დამთავრებას ამჯერად „ოცნების“ ხელისუფლებისგან ელოდება. ბუნებრივი აირის მილები ამ დროის განმავლობაში დაზიანდა და, ფაქტობრივად, ყველაფერი თავიდან არის გასაკეთებელი, – ამბობენ ადგილობრივები.

სოფელ საროში შექმნილი პრობლემები მოსახლეობისგან პირადად მოისმინა პრემიერ–მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილი საროს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან, მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტ მეუფე თეოდორესთან ერთად ესტუმრა. გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე პრემიერს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ადგილობრივების თანდასწრებით ესაუბრა.

„პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, თუ სოფლის მეურნეობა არ განვითარდა. ადგილობრივი მეწარმეობის აღორძინება და სამუშაო ადგილების გაჩენა არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი ამოცანა. ხელისუფლების მთელი ძალისხმევა მიმართულია მეწარმეობის განვითარებისკენ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასპინძაში, სოფელ საროს მოსახლეობასთან შეხვედრაზე. მან ადგილობრივთა პრობლემები მოისმინა და მათ სარწყავი წყლისა და გაზიფიცირების პრობლემის გადაჭრის პირობა მისცა.
XS
SM
MD
LG