Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი „პაუზის ღილაკზე“ დაჭერას ითხოვს რუსეთთან ურთიერთობებში


აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი „ახალი კურსის“ მოწოდებით გამოვიდა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება მოითხოვა. თავის მემუარებში კლინტონი წერს, რომ აშშ-მა „პაუზის ღილაკს“ უნდა დააჭიროს რუსეთთან ახალი თანამშრომლობის სფეროში. მისი თქმით, ძალა და გამტანობა არის ერთადერთი ენა, რომელიც პუტინს ესმის. კლინტონის სიტყვებით, თეთრ სახლში ყველა არ ეთანხმება მის მკვეთრ ანალიზს.

თავის წიგნში, „რთული არჩევანი“, რომელიც 10 ივნისს გამოდის, კლინტონი წერს, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას ორი მემორანდუმი მისწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას - ერთი 2012 წლის მაისში და მეორე 2013 წლის იანვარში.

მისი თქმით, პირველში მან პრეზიდენტს მისწერა, პუტინს „მედგრად ევაჭრე“, ვინაიდან ის ტყუილად არაფერს იჩუქებაო. ხოლო მეორეში ის წერდა, რომ
ჰილარი კლინტონის ახალი წიგნი
ჰილარი კლინტონის ახალი წიგნი
აშშ-მა „პაუზის ღილაკს უნდა დააჭიროს“ რუსეთთან ახალი თანამშრომლობის სფეროში.

მემუარებში ვკითხულობთ, რომ „ძალა და გამტანობა“ არის ერთადერთი ენა, რომელიც პუტინს ესმის. იქვე დასძენს, რომ თეთრ სახლში ყველა არ იზიარებს პუტინთან დაკავშირებით მის ამ პოზიციას, მაგრამ უფრო დაწვრილებით არ ეხება ამ საკითხს.

ჰილარი კლინტონის თანახმად, პუტინის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკის სისწორე, რის მოწოდებითაც თავად გამოვიდა, უკანასკნელი პერიოდის მოვლენებმა დაადასტურა. მაგალითად, მეორე მემორანდუმში ის ობამას მოუწოდებდა, უარი ეთქვა პუტინთან მოსკოვში შეხვედრაზე მას მერე, რაც რუსეთმა აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი შეიფარა.

გადატვირთვა არ ყოფილა ჯილდო, ეს იყო იმის აღიარება, რომ ამერიკას სტრატეგიული და უსაფრთხოების სფეროს მრავალი მნიშვნელოვანი ინტერესი აქვს და რომ წინსვლა გვჭირდება ყველგან, სადაც კი შეგვიძლია. ეს დღესაც ჭეშმარიტებად რჩება...
ჰილარი კლინტონი
ეს საკმაოდ ფრთხილად დაწერილი წიგნი, როგორც ფიქრობენ, სავსებით კონკრეტულ მიზნებს ისახავს და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის წამოყენებისთვის მზადების ნაწილი შეიძლება იყოს. კლინტონს ჯერჯერობით არ უთქვამს, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლა აქვს გადაწყვეტილი.

ჰილარი კლინტონი თავის მემუარებში წერს, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნების მიმართ პუტინის მოქმედება არ არის გასაკვირი.

უკრაინის კრიზისი სულაც არ იყო მოულოდნელი. მისი სიტყვებით, რუსეთის ლიდერის გეგმები, შექმნას ევრაზიული კავშირი, ნათელს ხდის „პუტინის ნამდვილ სურვილებს,... რომ მოახდინოს რუსეთის პერიფერიის რესოვეტიზაცია“.

„ძლიერი მამაკაცები ძლიერ გადაწყვეტილებებს განასახიერებენ, ყველაზე მეტად ეს პუტინზე შეიძლება ითქვას“, ქილიკობს კლინტონი.

ამავე დროს კლინტონი იცავს რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ პოლიტიკას, რომელიც ობამას ადმინისტრაციის ადრეულ ეტაპზე და რუსეთის პრეზიდენტად დმიტრი მედვედევის ყოფნისას დაიწყო.

ზოგიერთი რესპუბლიკელი სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს ყირიმში რუსეთის ინტერვენციას. მაგრამ, კლინტონის თქმით, კრიტიკოსებს არც პუტინის ესმით და არც „გადატვირთვის“ პოლიტიკისა.

ის წერს: „გადატვირთვა არ ყოფილა ჯილდო, ეს იყო იმის აღიარება, რომ ამერიკას სტრატეგიული და უსაფრთხოების სფეროს მრავალი მნიშვნელოვანი ინტერესი აქვს და რომ წინსვლა გვჭირდება ყველგან, სადაც კი შეგვიძლია. ეს დღესაც ჭეშმარიტებად რჩება“.

პუტინის შესახებ მოსაზრებები, რომლებიც ამ წიგნშია შესული, არ არის ისე მკაცრი, როგორიც, მაგალითად, 4 მარტს კალიფორნიაში, ლონგ ბიჩში გამოთქვა.
XS
SM
MD
LG