Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფალი ტურისტული ზონები


ანაკლია
ანაკლია
2014 წლის ივნისში საერთაშორისო ბიზნესფორუმი „ანაკლია 2014“ ჩატარდა. ბიზნესფორუმის მიზანი იყო ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების ანაკლიის ტურისტული ზონით დაინტერესება. ორგანიზატორების თქმით, ინტერესი გამოთქვეს უკრაინულმა, ამერიკულმა და თურქულმა კომპანიებმა, რომლებიც ანაკლიაში არა მხოლოდ სასტუმროების, არამედ უფრო დიდი მასშტაბის დასასვენებელი კომპლექსების მშენებლობას გეგმავენ.

საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, 2010 წლის 17 დეკემბერს ძალაში შევიდა კანონი თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ. კანონის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარება და მეწარმეობის ხელშეწყობა, რისთვისაც დადგინდა საშეღავათო პირობები ამგვარ ზონებში სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის.

საქართველოში დღესდღეობით სამი ტურისტული ზონაა: ქობულეთის, განმუხურისა და ანაკლიის. ამ ტერიტორიებზე დაინტერესებულ ინვესტორებს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემათ ერთ ლარად. მიღებული მიწის ნაკვეთის ღირებულება გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან. 2026 წლის 1 იანვრამდე გადასახადებისგან თავისუფლდება ასევე ინვესტორის მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევით მიღებული მოგება. 2026 წლის 1 იანვრამდე ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია სასტუმრო მომსახურებასთან დაკავშირებული ქონებაც. ინვესტორი დამატებით გათავისუფლებულია მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან. ამ შეღავათების მისაღებად სასტუმროს მშენებლობისთვის საჭიროა არანაკლებ ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია. ინვესტორმა უნდა ააშენოს საშუალო ან მაღალი კლასის სასტუმრო და უზრუნველყოს მისი ფუნქციონირება. სახელმწიფო საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს სასტუმროს შენობამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მიყვანას, ასევე ტერიტორიის გონივრულ ფარგლებში კეთილმოწყობას და გამწვანებას.

ამგვარი შეღავათების მიუხედავად, ტურისტულ ზონებსა და, ზოგადად, სექტორში ინვესტორთა პასიურობა შეინიშნება. 2007 წლის შემდეგ, როდესაც ტურიზმის სექტორში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი ინვესტიციების 11 პროცენტს შეადგენდა, ინვესტიციებმა იკლო. 2013 წელს ადგილი ჰქონდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ინვესტიციების წმინდა გადინებას 13 მილიონ 677 ათასის ოდენობით. 2014 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა მცირედით, დაახლოებით 5 პროცენტამდეა მომატებული. ამის მიუხედავად, ტურიზის სექტორში შემოსული ინვესტიციები მთლიანი მოცულობის ერთ პროცენტზე ნაკლებია.

თავისუფალი ტურისტული ზონის ინიციატივის წარუმატებლობა ძველმა ხელისუფლებამაც აღიარა, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ახლანდელი მოადგილის განცხადებით, ტურისტულ ზონებში ინვესტორთა პასიურობის მიზეზი კანონში არსებული ხარვეზებია. დაგეგმილია კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, კერძოდ, იმ ასპექტებში, სადაც საუბარია სასტუმროს მშენებლობის ვადებსა და ინვესტიციების ზღვრულ რაოდენობაზე.
XS
SM
MD
LG