Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები ცვლილების მოლოდინში


20 ივნისს მსოფლიო ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წელს მსოფლიოში იმ ხალხის რაოდენობამ, ვინც ქვეყანაში მიმდინარე ომების გამო საცხოვრებელი იძულებით დატოვა, უკვე 51 მილიონს გადააჭარბა და ექვსი მილიონით აღემატა წინა წლის მონაცემს. საქართველოში, ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, 254 700 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილისთვის კვლავაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება ნორმალური საცხოვრებელი პირობებისა და საკუთარი ბინის უქონლობა.

უკმაყოფილო, შედარებით კმაყოფილი, თავის მდგომარეობას შეგუებული, მეამბოხე, ხელჩაქნეული - ასეთ დევნილებს შეხვდებით საქართველოს ტერიტორიაზე, თუ დევნილთა სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში რამდენიმე საათს გაატარებთ. ზოგი უკვე 20 წელზე მეტია საკუთარ ბინას ითხოვს, ზოგს რემონტის თანხა არ გააჩნია და წლებია მთავრობისგან დახმარებას ელის. ზოგს, როგორც იქნა, გარემონტებული ფართი გადასცეს და, რადგან თბილისიდან სადმე შორს არ განასახლეს, ამითიც კმაყოფილია. ზოგიც ჩივის, რომ ხელისუფლებამ ყურადღება მოადუნა. ახალგორიდან დევნილი და ამჟამად წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ლეილა ოვაშვილი სწორედ ამაზე წუხს:

„უყურადღებობას ვგრძნობთ. შესაძლოა, იმდენად განებივრებულები ვიყავით ომის პირველ ხანებში ამ ყურადღებით და თანაგრძნობით, ახლა რაღაც ისე ვართ მიტოვებულები, თითქოს კაციშვილს აღარ ვახსოვართ. ხანდახან დამნაშავედაც კი ვგრძნობ თავს, დევნილი რომ ვარ“.

მალე ოთხი წელი გახდება, რაც საყვირის ქუჩის ნომერ 2-ში მდებარე შენობაში აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. წინა ხელისუფლებამ ისინი ამიერკავკასიის სააფთიაქო სამმართველოს ყოფილი შენობიდან გამოასახლა და საყვირის ქუჩაზე ეს საცხოვრებელი ფართი შესთავაზა. აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ წლების განმავლობაში აწყობილი ცხოვრება, როგორც თავად ამბობენ, კიდევ ერთხელ დაენგრათ და ახლა ისევ თავიდან დაწყება უწევთ. აქ მცხოვრებ დევნილთა უმრავლესობას ბინები უკვე დაკანონებული აქვს, თუმცა რემონტის გაკეთებას დღემდე ვერ ახერხებენ. მეზობლებს ერთმანეთისგან თხელი თაბაშირ-მუყაოს კედლები ყოფს, ცხრასულიან ოჯახში ოთახები ერთმანეთისგან ფარდებითაა გამიჯნული. გაგრელ ვენერა არღვლიანს, ოჩამჩირელ ლია დევდარიანსა და ბაბუშერელ მარინა ხვიბლიანს საერთო გასაჭირი აქვთ - გაუსაძლისი პირობები. მათი მთავარი კითხვაც ხელისუფლების მიმართ ეს არის: გაუმჯობესდება თუ არა მათი მდგომარეობა.
უკვე შეუძლებელია ამ ხალხის ყურება. როცა ოცი წელი წყალი ხელით დაგაქვს კილომეტრიდან, მუხლამდე თოვლია, ქალაქში ვერ ჩამოდიხარ, გზაში არავინ გიჩერებს, ერთი პურის ყიდვა რომ სამჯერ მეტი გიჯდება...
ზაზა ჩიქოვანი


აფხაზეთიდან დევნილი ზაზა ჩიქოვანი ცხვარიჭამიას დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. რამდენიმე დღით თავის ნათლიას, დიანა კერესელიძეს, სტუმრობს კახეთის გზატკეცილის #39-ში. ესეც დევნილთა ერთ-ერთი კომპაქტური ჩასახლების ობიექტია. მთავრობა ცხვარიჭამიაში დარჩენილ დევნილებს, რომლებიც თბილისში ფართებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ, საცხოვრებელ ბინებს ვაზიანში ან რუსთავში სთავაზობს, რაზეც ყველა იქ მცხოვრები დევნილი უარს აცხადებს. ცხვარიჭამია წლების განმავლობაში გლდანის რაიონს ეკუთვნოდა და მათაც იმედი ჰქონდათ, რომ ერთ დღესაც ბინებს თბილისში მისცემდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც დამისამართება შეიცვალა და ერთ მშვენიერ დღეს ცხვარიჭამია მცხეთა-მთიანეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა, იქ მცხოვრებ დევნილებს განუცხადეს, რომ თბილისში საცხოვრებელ ფართს ვეღარ შესთავაზებდნენ.

„უკვე შეუძლებელია ამ ხალხის ყურება. როცა ოცი წელი წყალი ხელით დაგაქვს კილომეტრიდან, მუხლამდე თოვლია, ქალაქში ვერ ჩამოდიხარ, გზაში არავინ გიჩერებს, ერთი პურის ყიდვა რომ სამჯერ მეტი გიჯდება... ექიმი რომ არ გყავს და მაღაზია რომ არსადაა... მერე ლტოლვილთა სამინისტროში ლაპარაკობენ, ასეთი ბევრი ადგილი არსებობსო. რა უნდა ველაპარაკოთ მათ? მათ არ ესმით, რას ნიშნავს ასეთ პირობებში ცხოვრება. ის, რაც დავკარგეთ, იმაზე აღარაფერს ვამბობთ. აქ ოცი წელია ვცხოვრობთ, ჩვენი მკვდრები გლდანის სასაფლაოზე დავმარხეთ და ახლა გვიპირებენ ვაზიანში და რუსთავში გადაგვასახლონ? რატომ? ან რამდენჯერ?“ - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზაზა ჩიქოვანი.

თბილისშიც, ყოფილი მეცამეტე სკოლის შენობაში, აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. სკოლა ცოტა ხნის წინ გაარემონტეს და 2013 წლის დეკემბრის ბოლოს, საახალწლოდ, იქ დევნილებს ფართები გადასცეს. მაია შონია ამბობს, რომ ხარვეზები არის, მაგრამ მათ სასაყვედურო არაფერი აქვთ:
„მაინც მადლიერები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ თბილისში ბინის მიღების შანსი, ფაქტობრივად, არ გვქონდა. იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ყოფილიყო, დღეს საწუწუნო არაფერი გვაქვს“.
ცხვარიჭამიას დევნილები მცხეთის რაიონს ეკუთვნიან და, აქედან გამომდინარე, თბილისში ბინის მოთხოვნის უფლება არა აქვთ. მათი ნაწილი უკვე თანახმაა ვაზიანსა და რუსთავში ბინების მიღებაზე. ნაწილს კი, რადგან ისინი თბილისში არ არიან დამისამართებულნი 2013 წლის პირველ ივნისამდე, ცხადია, შეუძლია დედაქალაქში დამისამართდეს...
მურად აბლოთია


ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ აქამდე არც ერთ ხელისუფლებას დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი რესურსი არ დაუხარჯავს - შესაბამისად, ვერც დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პრობლემა მოგვარდა. ახალმა მთავრობამ ამ სფეროში, მისივე სიტყვებით, ორჯერ გაზარდა დაფინანსება. ასევე, დევნილთა სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში შესული ცვლილების თანახმად, სამინისტრომ მოიპოვა დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების თბილისში აშენების ნებართვა, რაც წინა ხელისუფლების დროს მთავრობის დადგენილებით იყო აკრძალული, თბილისში კი ამ დროს 100 000 დევნილი ცხოვრობდა. აბლოთია ამბობს, რომ თბილისში სამ ადგილას - კერძოდ, ფონიჭალაში, ვარკეთილსა და დიდი დიღმის დასახლებებში - დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლები აშენდება. მოხვდებიან თუ არა მათ რიგებში ცხვარიჭამიას დევნილები?

„ცხვარიჭამიას დევნილები მცხეთის რაიონს ეკუთვნიან და, აქედან გამომდინარე, თბილისში ბინის მოთხოვნის უფლება არა აქვთ. მათი ნაწილი უკვე თანახმაა ვაზიანსა და რუსთავში ბინების მიღებაზე. ნაწილს კი, რადგან ისინი თბილისში არ არიან დამისამართებულნი 2013 წლის პირველ ივნისამდე, ცხადია, შეუძლია დედაქალაქში დამისამართდეს, მაგრამ მათზე ადრე, ვინც თბილისში იყვნენ ჩაწერილი, ბინებს ვერ მიიღებენ. თუ მათი თბილისში ცხოვრების სურვილი ურყევია, ამას ოთხი წელი მაინც დასჭირდება. თუმცა, მეორე მხრივ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა 254 000 დევნილიდან ყველამ თბილისი მოინდომოს, რისი შესაძლებლობაც, უბრალოდ, არ არსებობს და რაღაც წესებს ყველა უნდა დაემორჩილოს“.

საყვირის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილთა გასაჭირის პასუხად კი მურად აბლოთიამ გვითხრა, რომ მათი პრობლემების მოგვარება მას შემდეგ დაიწყება, რაც ობიექტის პრივატიზების პროცესი დასრულდება. კონკრეტული ვადა, თუ როდისთვის შეძლებენ იქ მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, მას არ დაუსახელებია.

„საყვირის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ საკანალიზაციო სისტემა. ამჟამად მიდის ობიექტის პრივატიზაცია, რაც დასრულებული არ არის. ამის შემდეგ მათ შეეძლებათ სრულად ჩაერთონ იმ პროგრამებში, რასაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ახორციელებს. მათი თანამონაწილეობის ხარჯებს - 30-დან 15%-მდე - სამინისტრო ფარავს. უბრალოდ, ეს ეტაპობრივი პროცესია და გარკვეული დრო დასჭირდება“.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG