Accessibility links

ახალი ამბები

ალეს ბელიაცკი ციხიდან გამოშვების შემდეგ მინსკში ჩავიდა

რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური იტყობინება, რომ ბელორუსი უფლებადამცველი, ალეს ბელიაცკი, რომელიც ციხიდან გაათავისუფლეს, მინსკში ჩავიდა. მას სარკინიგზო სადგურში ცოლი და რამდენიმე მხარდამჭერი დახვდა. ბელიაცკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის ამნესტიის ძალით გამოუშვეს. ალეს ბელიაცკის, ბელორუსიის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ ხელმძღვანელს, 2011 წლის ნოემბერში ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა „გადასახადების გადახდისთვის თავის არიდების გამო“. ბელიაცკიმ არ აღიარა დანაშაული, მისი მომხრეები კი აცხადებენ, რომ ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული. ევროპის კავშირი, აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა არაერთხელ მოითხოვდნენ ბელორუსი აქტივისტის გათავისუფლებას. ახლა, უფლებადამცველის განთავისუფლებას ევროკავშირი მიესალმა. ითვლება, რომ ბელიაცკის განთავისუფლებამ შეიძლება მინსკსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა გააუმჯობესოს.

ყველა ახალი ამბავი

გარდაიცვალა ბრიტანელი მუსიკოსი სკოტ უოკერი

გარდაიცვალა ბრიტანელი მუსიკოსი, სკოტ უოკერი, რომელიც 77 წლისა იყო. მას ბრიტანეთის როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკოსად თვლიან.

უოკერის სიკვდილის შესახებ ცნობა გაავრცელა ლეიბლმა 4AD-მ, რომელთანაც მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი და მუსიკალური პროდიუსერი თანამშრომლობდა.

უოკერი აშშ-ში დაიბადა და უკვე მოზარდმა დაიწყო კონცერტებით გამოსვლა. მან სახელი გაითქვა ჯგუფში სახელწოდებით, The Walker Brothers, რომელმაც 1964 წელს დაიწყო გამოსვლები.

1965 წელს მუსიკოსი ლონდონში გადასახლდა და მისმა ჯგუფმა ბრიტანული ჩარტებში ლიდერობა მოიპოვა. 1969 წელს უოკერი მღეროდა ტელეარხ „ბი-ბი-სი-ში“ საკუთარი შოუში.

1984 წელს მან მუსიკალური კარიერა მიატოვა და მხოლოდ ათი წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდა.

უოკერის ბოლო ნამუშევარი იყო მუსიკა ბრედი კორბეტის ფილმისთვის „ხმა ლუქსი“, რომელშიც მთავარი როლი ითამაშა ნატალი პორტმენმა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი თურქმენეთიდან გაემგზავრა ციხიდან გამოსვლის შემდეგ

თურქმენეთში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კორესპონდენტი საფარმამედ ნეპესკულიევი სამშობლოდან გაემგზავრა ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით სამწლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ.

მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ უფლებადამცველი ორგანიზაციები და გაეროს წარმომადგენლები.

ნეპესკულიევი 23 მარტს გაფრინდა სტამბულში მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე მიიღო თურქმენეთიდან გამგზავრების უფლება. ის 2018 წლის 19 მაისს გაათავისუფლეს ციხიდან.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ნარკოტიკები, კერძოდ, მედიკამენტი ტრამადოლი, რომლის შენახვაც თურქმენეთში აკრძალულია, ნეპესკულიევს სასტუმროს ოთახში ჩაუდეს. ბრალდებები მიჩნეულია ანგარიშსწორებად მისი რეპორტაჟებისათვის.

ნეპესკულიევი 2015 წლის 7 ივლისს გაუჩინარდა და მასთან რამდენიმე კვირა ვერ ხერხდებოდა კონტაქტის დამყარება, სანამ სასამართლო დამნაშავედ ცნობდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდების საფუძველზე.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისათვის მომზადებულ ვიდეორეპორტაჟებში ნეპესკულიევი იუწყებოდა ინფრასტრუქტურის ხარვეზებსა და ეკონომიკურ უთანასწორობაზე დასავლეთ თურქმენეთში.

ამ ქვეყანაში რთე/რთ-ის სხვა კორესპონდენტებიც არაერთხელ გამხდარან რეპრესიების, კერძოდ ფიზიკური თავდასხმების, მუქარისა და, უფლებადამცველთა აზრით, დაუსაბუთებელი ბრალდებების სამიზნე.

დავით სერგეენკოს თქმით, არავის აქვს ინტერესი სოცმუშაკები დააშინოს

„მთავარი ამოცანა არის ის, რომ სოციალური პროგრამებით მოსარგებლეებს არ შეექმნათ პრობლემა“, - აცხადებს სოციალურ მუშაკთა გაფიცვასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

მინისტრის სიტყვებით შეფერხების თავიდან არიდების მიზნით უწყებაში შემუშავებული აქვთ დეტალური გეგმა, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.

დავით სერგეენკოს თქმით, სოცმუშაკების დაშინება მათ ინტერესში არაა.

„არანაირი ინტერესი არავის არ აქვს, რომ ეს ადამიანები დააშინოს. მე უშუალოდ მქონდა მათთან კომუნიკაცია. მათ მიერ წამოყენებული პუნქტების ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილი შესრულების პროცესშია და ნაწილს სჭირდება დრო. ასე რომ ისინი თვითონ აკეთებენ არჩევანს, ჩვენ ჩვენის მხრივ ვაკეთებთ არჩევანს იმაზე, რომ ჯანდაცვის სამინისტროში გადანაწილდა ეს ფუნქციები,“- ამბობს დავით სერგეენკო.

25 მარტიდან სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ბენეფიციარებისთვის ეფექტური და მყისიერი მომსახურებების შექმნის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა დაიწყეს. მათი კოლექტიური დავასოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 8 თებერვალს დაიწყო. სოციალური მუშაკების ინფორმაციით, დამსაქმებელმა ვერ უპასუხა მათ მოთხოვნებს, ამიტომ კანონით მინიჭებული გაფიცვის უფლებას იყენებენ.​

გაერო: ციკლონმა „იდაიმ“ 700-მდე ადამიანი შეიწირა სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში

2019 წლის 18 მარტი, ზიმბაბვე: წყალდიდობის შედეგად დანგრეული ხიდი დედაქალაქ ჰარარედან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 600-მდე კილომეტრში

გაეროს მონაცემებით, მოზამბიკსა და სამხრეთ აფრიკის ზოგ სხვა ქვეყანაში, სულ ცოტა, 700 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ციკლონმა „იდაიმ“, რომელიც რეგიონში ბოლო ათწლეულების ყველაზე ძლიერ ქარიშხლად ითვლება.

სტიქიურმა უბედურებამ დააზარალა 1,7 მილიონამდე ადამიანი. ჰუმანიტარული ორგანიზაციები შიშობენ, რომ მეტ დაღუპულს იპოვიან მას შემდეგ, რაც დატბორილი ადგილები წყლისაგან დაიცლება.

ყველაზე დიდია მსხვერპლი მოზამბიკში, სადაც 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მძიმედ დაზარალდნენ ზიმბაბვე და მალავიც. გავრცელებულია პირველი საჭიროების საგნების, მათ შორის სასმელი წყლისა და მედიკამენტების დეფიციტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიუთითებს ინფექციური დაავადებების გავრცელების სარფთხეზე. მოზამბიკის სიდიდით მეოთხე ქალაქში, ბეირაში, უკვე აღირიცხა ქოლერის შემთხვევები.

კრემლის პრეს-მდივანი: რუსეთი არასოდეს ჩარეულა და არც დაუგეგმავს ჩარეულიყო აშშ-ის და სხვა ქვეყნების არჩევნებში

კრემლის პრეს- მდივანმა, დმიტრი პესკოვმა, როცა აშშ-ის საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის ანგარიშის დასკვნის თაობაზე კომენტარი გააკეთა, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი არასოდეს ჩარეულა და არც დაუგეგმავს ჩარეულიყო აშშ-ის და სხვა ქვეყნების არჩევნებში.

პესკოვის თქმით, „ჩძნელია ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერა განსაკუთრებით, თუ ის იქ არ არის“. პესკოვი გამოეხმაურა აშშ-ის სპეციალური პროკურორის ანგარიშის დასკვნას რუსეთის შესაძლო კავშირის შესახებ აშშ-ის 2016 წლის არჩევნებთან.

სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა აღნიშნა, რომ მის „გამოძიებას არ დაუდგენია, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის წევრები რუსეთის მთავრობასთან კონსპირაციას ან კოორდინაციას აწარმოებდნენ არჩევნებში მისი ჩარევისკენ მიმართულ საქმიანობაში“.

დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მიულერის გამოძიება წარმოადგენს „მის სრულ და ტოტალურ გამართლებას“.

„პრეზიდენტი ტრამპი არაა სწორი, როცა პასუხიმგებლობისგან სრულ განთავისუფლებაზე ლაპარაკობს, განუცხადა ჟურნალისტებს ჯეროლდ ნადლერმა, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ. ნადლერი თვლის, რომ „საგანგებო პროკურორს ტრამპი არ გაუმართლებია“.

კრემლის წარმომადგენლის თქვით, რუსეთი მზად არის აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, მაგრამ ახლა "ბურთი" აშშ-ის მხარესაა, ის ტრამპს ჰელსინკიში მისცეს. განაცხადა პესკოვმა, რომელმაც ფინეთში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიხსენა.

ბრიტანეთის მთავრობა დღეს მართავს შეხვედრას, რომელმაც შესაძლოა, განსაზღვროს ბრექსიტის ბედი

ბრიტანეთის მთავრობა დღეს მართავს სხდომას, რომელმაც შესაძლოა განსაზღვროს ბრექსიტის მომავალი და პრემიერ-მინისტრის რანგში ტერეზა მეის ბედი.

25 მარტის შეხვედრაში მონაწილეობენ კაბინეტის წევრებიც, რომლებიც, ცნობების თანახმად, ტერეზა მეის გადადგომას ემხრობიან. მთავრობამ უნდა განიხილოს „საორიენტაციო კენჭისყრების“ საკითხი ბრექსიტის გარშემო ჩიხიდან გამოსასვლელად.

საორიენტაციო კენჭისყრები ნიშნავს, რომ პარლამენტარებმა უნდა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხზე, რათა გამოიკვეთოს თემთა პალატის პოზიცია ერთ თემასთან, ამ შემთხვევაში ბრექსიტთან, დაკავშირებულ სხვადასხვა ვარიანტზე.

საორიენტაციო კენჭისყრებს დღესვე, მოგვიანებით შესთავაზებენ კანონმდებლებს.

ბრიტანეთის მედიის თანახმად, საორიენტაციო კენჭისყრებზე დაისმება შეკითხვები, როგორიცაა ემხრობით თუ არა ევროკავშირთან მეის შეთანხმებას, ან ბრექსიტს შეთანხმების გარეშე, ან ბრექსიტზე უარს, ან მეორე რეფერედნუმს.

ევროკავშირმა ტერეზა მეის მისცა ვადა 12 აპრილამდე პარლამენტარების დასარწმუნებლად, მხარი დაუჭირონ შეთანხმებას, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელთან მიაღწია, ან გამონახოს ალტერნატივა, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის გადავადებას.

თუ მეი მოიპოვებს პარლამენტის მხარდაჭერას თავისი გეგმისათვის, რომელიც უკვე ორჯერ იქნა უარყოფილი, მაშინ ბრიტანეთი 22 მაისს გავა ევროკავშირიდან.

ბრიტანეთში 2016 წელს გამართულ რეფერენდუმში მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან გასვლას, მაგრამ მეის გუნდმა ბრიუსელთან მოლაპარაკების პროცესში ვერ მიაღწია შეთანხმებას, რომელსაც ლონდონში პარლამენტი დაამტკიცებდა.

სერბეთში და კოსოვოში ნატოს საჰაერო ოპერაციის წლისთავს აღნიშნავენ ერთმანეთისგან განსხვავებული თვალსაზრისით

სერბეთის პრეზიდენტი, ვუჩიჩი ნიშში გამართულ ცერემონიაზე, რომელიც ნატოს ავიაციის ოპერაციის წლისთავს მიეძღვნა

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა მკაცრად დაგმო 1999 წელს ნატოს მიერ მისი ქვეყნის დაბომბვის ოპერაცია და მას უწოდა „დანაშაული“, რომელმაც 2500 სამოქალაქო პირის სიკვდილი და მილიარდობით დოლარის ზარალი მოიტანა.

სერბეთის ყოფილი ოლქი, კოსოვო, რომელმაც სარგებელი ნახა ამ თავდასხმისგან, 24 მარტს განაცხადა, რომ „მარად მადლიერი“ იქნება დასავლეთის ალიანსისა და აშშ-ისა, რომელთა ჩარევამ ბოლო მოუღო სისხლის ღვრას რეგიონში“.

სერბია და კოსოვოს აღნიშნავენ ნატოს 78-დღიანი საჰაერო ოპერაციის 20 წლისთავს მაშინ, იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

იერიში დაიწყო 1999 წლის 24 მარტს და მან ხელი შეუწყო კოსოვოს ოლქში ეთნიკური ალბანელების წინააღმდეგ ბელგრადის ანგარიშსწორების დასრულებას.

დასავლეთის ალიანსის თვითმფრინავების მთავარი სამიზნე იყო ბელგრადი. სერბმა ლიდერებმა დასავლეთის მოთხოვნა მიიღეს და კოსოვოს დატოვეს.

კოსოვომ დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა 2008 წელს. მსოფლიოს 110-მა ქვეყანამ აღიარა მისი დამოუკიდებლობა, მაგრამ საკუთრივ სერბიამ, ასევე გეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა, რუსეთმა და ჩინეთმა - არა.

„2500 სამოქალაქო პირის სიკვდილი, ქვეყნის განადგურება, ათეულ მილიარდობით დოლარის ზარალი, ყოველთვის დარჩება ჩვენთვის დანაშაულად", განაცხადა ვუჩიჩმა ქალაქ ნიში გამართულ ცერემონიაზე. უფლება დამცავი ჯგუფები მოკლულთა უფრო ნაკლებ რიცხვზე ლაპარაკობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ათეულობით სამოქალაქო პირი დაიღუპა ნატოს საჰაერო იერიშების შედეგად.

კოსოვოს პრეზიდენტმა, ჰაშიმ ტაჩიმ, რომელიც იმ დროს ეთნიკური ალბანელების პოლიტიკური ლიდერი იყო, განაცხად, რომ ეს იყო „დიდებული და სასახელო“ დღე როცა ნატოს ავიაციამ დაბომბვა განახორციელა 20 წლის წინ.

ქეთევან ხუციშვილი: მინისტრის მოადგილის განცხადება სოციალურ მუშაკებზე თავდასხმაა

სოცმუშაკებზე თავდასხმად აფასებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას გაფიცული სოცმუშაკების ჯგუფის წარმომადგენელი ქეთევან ხუციშივლი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით სოცმუშაკების უფლებაა გაფიცვა, თუმცა ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას ამ განცხადებას საინიციტივო ჯგუფის სახელით ფეისბუკის გვერდზე „სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის“ გამოეხმაურა სოცმუშაკი ქეთევან ხუციშვილი:

„თურმე ის ფაქტი, რომ სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან გაფიცულები, თურმე ის ფაქტი, რომ სოციალური სამსახური არის პარალიზებული, საერთოდ არ ქმნის პრობლემას და თურმე, სოციალური მუშაობის განხორციელებას ამით საფრთხე არ ექმნება. ისინი ამბობენ, რომ თავიანთი სპეციალისტებით მშვენივრად იმუშავებენ ბენეფიციარებთან, მშვენივრად იმუშავებენ, მათ შორის, ძალადობის შემთხვევაზე. ჩვენ ვართ უკიდურესად შეშფოთებულები და გაბრაზებულები, იმიტომ, რომ ეს აღარ არის მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების საჭიროებების უგულებელყოფა, ეს არის თავდასხმა სოციალურ მუშაობაზე, როგორც პროფესიაზე“, - აცხადებს ქეთი ხუციშვილი.

მისი სიტყვებით, ყველა ის ადამიანი უნდა შეუერთდეს სოცმუშაკების აქციას, ვინც სოცმუშაკების მუშაობის მნიშვნელობას აცნობიერებს.

„პასუხი უნდა მოვთხოვოთ სამინისტროს, რომელიც ცდილობს, რომ დაასამაროს ბავშვთა უფლებები. ეს არის სამინისტრო, რომელიც წარმოადგენს ბავშვებს და რომელიც ცდილობს დაასამაროს სოციალური მუშაობა, როგორც პროფესია. ჩვენ ამას არ მოვითმენთ, არავინ სახლში არ მიდის, არავინ სამსახურში არ მიდის, ბრძოლა არის ბოლომდე“, - ამბობსქეთი ხუციშვილი, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

გაეროს მისიის ანგარიში: ცამეტი სამოქალაქო პირი, უმეტესობა ბავშვები მოკლეს ავღანეთში საჰაერო თავდასხმისას

ცამეტი სამოქალაქო პირი, უმეტესობა ბავშვები მოკლეს „საერთაშორისო ძალების“ მიერ გასულ კვირაში განხორცილებული საჰაერო თავდასხმისას ავღანეთის ჩრდილოეთის ქალაქ ყუნდუზის მახლობლად.

ამის თაობაზე წინასწარი კვლევის შედეგად იტყობინება გაეროს ხელშეწყობის მისია ავღანეთში (UNAMA). მისია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს, რომ ფაქტების წინასწარი მოძიების თანახმად, მოკლულთაგან ათი ბავშვი იყო იმავე ოჯახიდან, რომელიც ბრძოლების გამო ქვეყნის სხვა არეალში იყვნენ გადაადგილებული, წერს ავღანეთში გაეროს მისია 25 მარტს.

განცხადების თანახმად, სამი სამოქალაქო პირი დაშავდა ინციდენტისას, რომელიც მოხდა თალაუკას დასახლებაში ყუნდუზთან, 22 და 23 მარტს, როცა ოპერაცია ჩაატარდა იმ რეგიონის თალიბანის წინააღმდეგ „მთავრობის მომხრე ძალების მიერ“.

ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ წარმომადგენელმა ქალმა განაცხადა 24 მარტს, რომ აშშ-ის ძალებმა ჩაატარეს საჰაერო ოპერაცია ამ არეალში. სერჟანტ დებრა რიჩარდსონის თქმით, მისია ესწრაფვის თავიდან აიცილოს სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, მაგრამ აღნიშნა, რომ თალიბები განზრახ იმალებიან ხოლმე სამოქალაქო პირებს შორის.

ლადო კახაძემ დეპუტატობის შეთავაზება მიიღო "ოჯახისგან, რომელსაც ჰქვია ქართული ოცნება"

ლადო კახაძე

თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე ამბობს, რომ მთაწმინდის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის შეთავაზება მიიღო „ოჯახისგან, რომელსაც ჰქვია ქართული ოცნება.“

„ჩემ ასაკში, როცა უკვე შვილიშვილების ბაბუა ხარ, ელოდები ასეთ დაძახებას: ბაბუუ! და მთელი შენი მინავლებული ენერგია უცბად თავს მოიყრის. და ამ დიდებულ ძალაში, ამ გამართულ ძალაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ძალიან ბევრი ახლობელი მყავს. მართალი გითხრათ, პირადად ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორიც დღეს გამოვლინდა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, რომელსაც ჯერ კიდევ მშობლების მიმართ პატივისცემა და წინაპრების მიმართ დიდი კდემა არ დაგვიკარგავს და განსაკუთრებული მზრუნველობა შვილების მიმართ და შვილიშვილების მიმართ“ - უთხრა ჟურნალისტებს ლადო კახაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ.

ამ სხდომის შემდეგ, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლადო კახაძე დაასახელა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თბილისის მთაწმინდის ოლქში. შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტი თავის „სრულ გამართლებას“ აცხადებს, დემოკრატებს სპეცპროკურორის სრული ანგარიშის განხილვა სურთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა თავისი „სრული გამართლება“ საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის, ანგარიშის დასკვნების გამოქვეყნების შემდეგ. ანგარიში ეხება რუსეთის როლს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

დემოკრატები დაჟინებით თვლიან, რომ ტრამპი სუფთა არ არის და მოითხოვენ ანგარიშის სრულად გამოქვეყნებას. ტრამპი და მისი მოკავშირეები 24 მარტს ზეიმობდნენ, როცა სპეციალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა, კონგრესისთვის მიწერილი წერილში განაცხადა და საჯაროთ თქვა, რომ რობერტ მიულერის ანგარიშში თანახმად, „გამოძიებას არ დაუდგენია, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის წევრები რუსეთის მთავრობასთან კონსპირაციას ან კოორდინაციას აწარმოებდნენ არჩევნებში მისი ჩარევისკენ მიმართულ საქმიანობაში“.

ბარის წერილში ასევე ნათქვამია, რომ მან და მისმა მოადგილემ, როდ როზენსტაინმა „დაასკვნეს, რომ მტკიცებულებები რომლებიც მოპოვებულ იქნა“ მიულერის გამოძიების მსვლელობაში, „საკმარისი არ არის იმის დასადგენად, რომ [პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა] მართლმსაჯულების ობსტრუქციის დანაშაული ჩაიდინა“. ბარის წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ მიულერის გამოძიება წარმოადგენს „მის სრულ და ტოტალურ გამართლებას“ და გამოძიებას უწოდა „უკანონო აფრენა, რომელიც არ შედგა“.

ბარმა მოიყვანა მიულერის ანგარიშის ერთი ფრაზა, რომ ანგარიში პრეზიდენტ ტრამპს „არც ამართლებს და არც მის დამნაშავეობას ადასტურებს“.

დემოკრატები, რომლებიც ტრამპის გამართლებას არ ეთანხმებიან, ხაზს უსვამენ ამ სიტყვებს და ფაქტს, რომ მიულერმა გადაწყვიტა, არ გაეკეთებინა დასკვნა, რომ ტრამპს არ გაუწევია მართლმსაჯულებისთვის წინააღმდეგობა. „პრეზიდენტი ტრამპი არაა სწორი, როცა პასუხიმგებლობისგან სრულ განთავისუფლებაზე ლაპარაკობს, განუცხადა ჟურნალისტებს ჯეროლდ ნადლერმა, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ. ნადლერი თვლის, რომ „საგანგებო პროკურორს ტრამპი არ გაუმართლებია“.

პარლამენტში გადაიდო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასასჯელად კვიციანის პროექტის განხილვა

ემზარ კვიციანი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი არ უყარა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯას სისხლისსამართლებრივი წესით.

კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ინიციატორს განუმარტა, რომ კანონპროექტის შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის ვალდებულებებს და შესთავაზა, რომ საკითხი განიხილოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში რელიგიის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში და ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გამოუყოფს აპარატის თანამშრომელს.

ემზარ კვიციანის კანონპროექტით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე. ამავე პროექტით, რელიგიური შენობებისა და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ლადო კახაძე პარლამენტს გაამდიდრებს

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტის და თვითმმართველობის შუალედური არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატებზე მსჯელობა კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა და მათი დასახელება პარტიის საერთო გადაწყვეტილება იყო.

"ჩვენ გვქონდა დღეს მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და საბოლოოდ დავამტკიცეთ ექვსი კანდიდატი როგორც მერობის, ასევე თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის. დარწმუნებულნი ვართ, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ისინი არიან საქმის პროფესიონალები, უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფლები, რაიონები და საუკეთესოდ გაუძღვებიან იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან“ - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება თბილისის მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებულ ლადო კახაძეს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „მას კარგად იცნობს ყველა და წარდგენა რეალურად არ სჭირდება.“

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიაში დარწმუნებულნი არიან, რომ ლადო კახაძე საქართველოს პარლამენტს გაამდიდრებს.

პროფესიით ექიმი ლადო კახაძე 1998-2002 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლადო კახაძის გარდა დაასახელა რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერად კენჭს იყრის გიორგი შენგელია, მარნეულის მერად ზაურ დარგალი, ზესტაფონის მერად გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურის მერად გივი მოდებაძე და ხულოს მერად ვახტანგ ბერიძე.

პარლამენტის და თვითმმართველობის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - სოცმუშაკების მოთხოვნების ნაწილი უკვე შესრულებულია

სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე არის რეალისტური სამოქმედო გეგმა, ხოლო ნაწილი საჭიროებს გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტას, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

მისი თქმით ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდებას, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს.

„ჩვენ სრულად, მთელი საქართველოს მასშტაბით, უზრუნველვყოფთ სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე პირთა მომსახურებას და ასევე ძალადობის შემთხვევების ეფექტიან მართვას.

სამინისტროს ჩამოყალიბებული აქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა დაუყოვნებლივი, საშუალო ვადიანი და ხანგრძლივვადიანი ინტერვენციების მიმართულებით. ეს ყოველივე შეიცავს რამდენიმე პუნქტს, რომლიდანაც ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა და რამდენიმე კვირაში იქნება განხორციელებული და ასევე არის საკითხები, რომელთა განხორციელება შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი“, - აცხადებსმინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია.

მისი სიტყვებით, ამ გეგმის შემუშავებასა და მის იმპლემენტაციაში ჩართულები არიან, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე მისი ერთ-ერთი განმახორციელებელი უწყება სოციალური მომსახურების სააგენტო.

„ასევე დამატებით შექმნილი არის მართვის და კოორდინაციის ინსტრუმენტი, სპეციალური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრი და რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სოციალური მუშაკები. ამ დრომდე სოციალურ მუშაკებთან ხორციელდებოდა შეხვედრები სამუშაო ფორმატში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, სოციალური მუშაკები და სპეციალურად ამ საქმეში ჩართული შრომითი დავების მედიატორი. სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ, საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე არის რეალისტური სამოქმედო გეგმა, ხოლო ნაწილი საჭიროებს გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტას.

როგორც ჩანს, ეს მიუღებელია სოციალური მუშაკების ნაწილისთვის და მათ გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც მათი სამოქალაქო უფლებაა, თუმცა ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება, რადგან დღეიდან სამინისტრო გადაერთო უკვე წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

მინისტრის მოადგილის კომენტარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

20 მარტს ჯანდაცვის სამინისტროში გამართული 5-საათიანი შეხვედრის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, სოცმუშაკებმა საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლის გადაწვეტილება მიიღეს.

როგორ სოციალურმა მუშაკმა ქეთევან ხუციშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას 22-პუნქტიანი მოთხოვნიდან რეალურად ჯანდაცვის სამინისტრო ორი პუნქტის შესრულებას დათანხმდა. ერთი ეს იყო მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოს შექმნა და მეორე ტექნიკური საკითხების ჩამოშორება, ისიც არასრულად.

25 მარტს სოცმუშაკები საგაფიცვო რეჟიმზე გადავიდნენ, ისინი აქციებს მართავენ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილის და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა 25 მარტს, თბილისში გაიმართა

თბილისში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა.

სალომე ზურაბიშვილმა საპატიო უწოდა იმ ფაქტს, რომ საქართველო მასპინძლობს ნატოსთან ერთობლივ სწავლებას, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, თუ როგორ დონეზეა და როგორი ნდობით ხასიათდება საქართველო-ნატოს ურთიერთობები.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს გზა ნატოსკენ უცვლელი და უალტერნატივოა და მიზნის მისაღწევად ქვეყანა განაგრძობს სამხედრო, თუ პოლიტიკურ რეფორმებს.

„ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთვის ნატოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკა გრძელდება, თუნდაც ჩრდილოეთ მაკედონიის მიღებით, რაც ძალიან დიდი წინსვლის ნიშანია და ჩვენ ამ გზით გავაგრძელებთ სვლას“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს უწოდა ნატოს უაღრესად ღირებული პარტნიორი და დაადასტურა, რომ ქვეყნისთვის ღიაა ალიანსის კარი და გრძელდება ერთობლივი მუშაობა ნატოს წევრობისთვის აუცილებელი შემდეგომი რეფორმებისთვის.

გენერალური მდივანმა საქართველოს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
„რა თქმა უნდა, ჩვენ აგრეთვე მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს მისი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, უარი თქვას მათი, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე, რადგან ეს ტერიტორიები საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი მთავარი გზავნილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდა, რადგან რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ოკუპაციის ხაზთან ვითარება ძალიან დამძიმდა, იქნება ეს "მცოცავი საზღვრები," ადამიანთა გატაცებები, თუ მუქარა ნატოს წვრთნების გამო.

,,ეს ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი ყოველდღიური სათქმელი უნდა იყოს, რათა მათ იცოდნენ, რომ საქართველო, რუსეთის ამ აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, განაგრძობს სამშვიდობო გეგმებსა და სამშვიდობო ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, როცა საოკუპაციო ხაზზე იკეტება გადასასვლელი პუნქტები. ამის მიუხედავად, საქართველო არ ცვლის სამშვიდობო გზავნილებს. სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია - მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გააქტიურდეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი, მიიღოს პოლიტიკური დატვირთვა, ან ჟენევაში ან სხვანაირად. არ შეიძლება, რომ ჩვენ შეგუებულნი ვიყოთ საკითხის მხოლოდ ტექნიკურ დონეზე გადაწყვეტას, რადგან რეალურად პროგრესი, რომ მშვიდობიანად გადაწყდეს ეს საკითხი, ამ ფორმით, არ არსებობს, თუ ჩვენი პარტნიორები რუსეთს ყოველდღიურად არ შეახსენებენ, რომ მან უნდა შეასრულოს არსებული ვალდებულებები” - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების ხელფასი 60,000 დოლარი იქნება

საქართველოს საპენსიო სააგენტომ გამოქვეყნა ვაკანსია, რომლის მიზანიც საინვესტივიო საბჭოს წევრების შერჩევაა. კონკურსის მეშვეობით უნდა შეირჩეს 5 ადამიანი, რომლებიც 5 წლის განმავლობაში პასუხისმგებლები იქნებიან სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრაზე. მათვე უნდა აირჩიონ საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე.

გამოქვეყნებული ვაკანსიის თანახმად, საინვესტიციო საბჭოს წევრის ხელფასი წელიწადში 60 000 $ იქნება. სახელმწიფო აიღებს ასევე ვალდებულებას მისი სამგზავრო ხარჯების დასაფარად. საინვესტიციო საბჭოს 5 წევრის შენახვა სახელმწიფოს ამ მონაცემებით წელიწადში 795 000 ლარი დაუჯდება, იმ შემთხვევაში თუკი დოლარის კურსი 2,65 იქნება.

ეს სამსახური არ ითვალისწინებს სრულ განაკვეთზე მუშაობას.
აპლიკაციის მიხედვით, საბჭოს წევრები საქართველოს მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა ესტუმრონ, ხოლო საშუალოდ, წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ჯამური რაოდენობა 72 საათია, რაც მხოლოდ 9 სამუშაო დღის ტოლფასია.

კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება.

ვაკანსია 30 კალენდარული დღის განმავლობაში იქნება გამოქვეყნებული, შემდეგ კი შესარჩევ კომისიას 5 დღე ექნება აპლიკაციების განსახილველად.

ზაზა ფაჩულიას NBA-ის საჩემპიონო ბეჭედი გადასცეს

ზაზა ფაჩულია

საკალათბურთო კლუბ „დეტროიტის“ ქართველი ცენტრი, ზაზა ფაჩულია, რამდენიმე საათის წინ, „გოლდენ სტეიტთან“ სტუმრად გამართული თამაშის დაწყებამდე, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო ბეჭდით დააჯილდოეს.

ფაჩულიამ NBA-ის ჩემპიონის ტიტული „გოლდენ სტეიტის“ რიგებში ზედიზედ ორჯერ მოიპოვა. მეორე ბეჭედი 2017-18 წლების სეზონისაა და ჩემპიონთა აწ უკვე ყოფილ წევრს „გოლდენ სტეიტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კლეი ტომპსონმა, გადასცა. 35 წლის ქართველ კალათბურთელს ყოფილმა თანაგუნდელებმა და ქომაგებმა ემოციური დახვედრა მოუწყვეს, დარბაზში გაუშვეს სპეციალურად ზაზასთვის მომზადებული ვიდეორგოლი.

„ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ძნელია. მიზნის მისაღწევად ბევრი ვიბრძოლე ამ ბიჭებთან, „გოლდენ სტეიტის“ მოთამაშეებთან ერთად, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან“, - თქვა ზაზა ფაჩულიამ.

ქობულეთელი სოციალური მუშაკი ზეწოლას უჩივის

თამარ ღუნაშვილი სოციალური მუშაკების აქციაზე ბათუმში

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ აჭარის მუნიციპალიტეტებში, სოციალური მომსახურების სააგენტოებში დასაქმებული სოციალური მუშაკები, რომლებიც დანარჩენი საქართველოს სოციალურ მუშაკებთან ერთად გაიფიცნენ შრომის პირობების გაუმჯობესების და ბენეფიციარებისთვის ეფექტური მომსახურების სისტემის შექმნის მოთხოვნებით.

აჭარის რეგიონში სულ 19 სოციალური მუშაკია.

ქობულეთელი თამარ ღუნაშვილი ზეწოლაში ადანაშაულებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივ ხელმძღვანელებს. მისი ინფორმაციით, რეგიონული სამსახურის უფროსის თემურ ქარცივაძის დავალებით, ქობულეთის სააგენტოს უფროსმა თემურ ჭანტურიშვილმა გადასცა, რომ გაფიცვის შემთხვევაში სამსახურს სამუდამოდ დაკარგავდა და მისი შვილები ერთადერთი საარსებო წყაროს გარშე დარჩებოდნენ.

„მათ ჰქონდათ სიები და მითხრეს რომ ყველა სოცმუშაკი დატოვებდა სამსახურს ეტაპობრივად“ - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ღუნაშვილმა.

ზეწოლის შესახებ ბრალდებას უარყოფს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი თემურ ქარცივაძე. ის აღიარებს, რომ სისტემაში პრობლემებია, თუმცა, გაფიცვას ეწინააღმდეგება.

„ვერასდროს ვერ დავეთანხმები, რომ ეს არის კარგი, როცა სოცმუშაკები იფიცებიან. მაგრამ ვეთანხმები იმას, რომ ჩვენს სტრუქტურაში, არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაში, პრობლემებია, რომელთაგან ზოგი გადაუდებელ, ზოგი კი გრძელვადიან მოგვარებას მოითხოვს“ - განაცხადა თემურ ქარცივაძემ.

სოციალურ მუშაკზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ოფისი იკვლევს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლის შემდეგ აპირებენ შსს-ს მიმართონ გამოძიების მოთხოვნით.

ბახტაძე: ნატო-საქართველოს ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა.

იენს სტოლტენბერგის და მამუკა ბახტაძის შეხვედრა 25 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, ნატო-საქართველოს ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა.

ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ იენს სტოლტენბერგის ვიზიტი იმის კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას და ამ პროცესში ქვეყანას გვერდით უდგას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს მისწრაფებას, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს არჩევანი არა მხოლოდ პოლიტიკურია, არამედ ღირებულებებს ეფუძნება.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განიხილეს რეფორმების პროგრესი ნატოში გაწევრიანების გზაზე და აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები წარმატებით სრულდება და ინტეგრაციის მექანიზმის ეფექტურად გამოყენება საქართველოს ეხმარება ნატოში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევაში.

„ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ნატოს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, განიხილეს გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, და ასევე, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივები. მამუკა ბახტაძის განცხადებით, გამოწვევებია ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ შეხვედრაზე აღინიშნა ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და ყურადღება გამახვილდა ჩვენი გმირი სამხედროების ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, რადგან ამ რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია საუბარი ნატოს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, სასიხარულოა, რომ შავი ზღვა უფრო და უფრო მეტ პრიორიტეტს იძენს ნატოსთვის და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.

თამაზ ახობაძემ ის თანამდებობა დატოვა, რომელზე აღდგენასაც 5 წელი ითხოვდა

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომელმა თამაზ ახობაძემ, რომელიც 5 წლის განმავლობაში ითხოვდა სამსახურში აღდგენას, საიდანაც მისი მტკიცებით და სასამართლოს განაჩენის თანახმად უკანონოდ იყო გათავისუფლებული, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ის თანამდებობა, რომელზეც 1 მარტს დანიშნეს იუსტიციის სამინსიტროს სსიპ-ში.

სამსახურში აღდგენას წინ უძღოდა სამართლებრივი ბრძოლა, მოგებული სასამართლო პროცესები და ბოლოს შიმშილობის აქცია იუსტიციის სამინისტროსთან.

"ამ დავის დაწყების დღიდან, ჩემი მიზანი იყო სამართლიანობის აღდგენა, იმისათვის რომ ჩემი ბრძოლა სამაგალითო იყოს სხვა საჯარო მოხელეებისთვის, იმისათვის რომ მომავალში ვერავინ გაბედოს მოექცეს საჯარო მოხელეს ისე, როგორც მე მომექცა იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი.

იქიდან გამომდინარე, რომ ხუთწლიანი დავის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილება და შესაბამისად, ჩემი მიზანი შეიძლება მიღწეულად ჩაითვალოს, მე 14 მარტს მივმართე დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გავეთავისუფლებინე დაკავებული თანამდებობიდან. განცხადება ხუთშაბათს, 21 მარტს, იქნა დამკაყოფილებული და დღეიდან მე აღარ ვარ დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი." - წერს თამაზ ახობაზე Facebook-ზე და არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი დავა წამოიწყოს.

"ქალბატონმა თეა წულუკიანმა 20 მარტს პარლამენტში გამოსვლისას, გაავრცელა ცრუ ინფორმაცია (თითქოს მე ფულზე ვვაჭრობდი - ვიძახდი აღდგენა არ მინდა, განაცდურზე ერთი თეთრი მაინც დამიმატეთო და თითქოს მე ვარ ვინმეს პარტიული აქტივი). მე, თამაზ ახობაძე, ვიწყებ იურისტებთან კონსულტაციების გავლას, რის შემდეგაც არ გამოვრიცხავ მოვამზადო სარჩელი ქალბატონი თეა წულუკიანის წინააღმდეგ ჩემს შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ჩემი პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის გამო." - წერს იგი.

თამაზ ახობაძე სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების გამო ანა სუბელიანთან ერთად იბრძოდა, რომელიც 2018 წლის ბოლოს დატანხმდაა კომპენსაციის მიღებას და უარი თქვა სამსახურში აღდგენის მოთხოვნაზე.

"ქართულმა ოცნებამ" დეპუტატობის და მერობის კანდიდატები დაასახელა

ლადო კახაძე

მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, თბილისის მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა ლადო კახაძე.

გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან დაასახელა რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერის შუალედურ არჩევნებში წარდგენილი კანდიდატებიც.

„ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერად კენჭს იყრის გიორგი შენგელია, მარნეულის მერად ზაურ დარგალი, ზესტაფონის მერად გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურის მერად გივი მოდებაძე და ხულოს მერად ვახტანგ ბერიძე.

შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

სტოლტენბერგი: გრძელდება ერთობლივი მუშაობა ნატოში საქართველოს გასაწევრიანებლად

იენს სტოლტენბერგის და მამუკა ბახტაძის პრესკონფერენცია თბილისში

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს უწოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორი, რომელსაც არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიასა და ნატოს სწრაფი რეაგირების ინიციატივებში.

თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ გასულ წელს, ნატოს სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. სტოლტენბერგის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად ერთობლივი მუშაობა გრძელდება.

ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, საქართველომ რეფორმების გზაზე წინსვლა განიცადა, თუმცა, აუცილებელია მათი გაგრძელება, მათ შორის თავდაცვის და სასამართლო სისტემაში, რათა ქვეყანას ჰქონდეს კიდევ უფრო ეფექტური და ძლიერი ინსტიტუციები.

სტოლტენბერგი მიესალმა საქართველოს მიერ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას, რაც გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს და უსაფრთხოების სისტემას.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ და რუსეთს მოუწოდა, გააუქმოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებითვე, ალიანსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შავი ზღვის უსაფრთხოებას და ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობა გაძლიერდება.

სტოლტენბერგი: ნატოში გაწევრიანება მხოლოდ საქართველოს და ნატოს ქვეყნების გადასაწყვეტია

იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და თავად გადაწყვეტს რომელი გაერთიანების წევრობა სურს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგს ჰკითხეს, რა როლს ასრულებს რუსეთის წინააღმდეგობა ნატოში საქართველოს მიღების პროცესზე.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, თავად რუსეთს აქვს ხელი მოწერილი არაერთ საერთაშორისო დოკუმენტზე, რომელიც ადასტურებს მსოფლიოს სახელმწიფოთა უფლებას, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოში საქართველოს გაწევრიანება მხოლოდ საქართველოს და ალიანსის 29 წევრი სახელმწიფოს გადასაწყვეტია და მასში ვერ ჩაერევა რომელიმე მესამე მხარე.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, შედეგის მისაღწევად აუცილებელია საქართველოს მიერ რეფორმების გაგრძელება სხვადასხვა, მათ შორის თავდაცვის და სასამართლო სისტემის მიმართულებით.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მაგალითად მოიყვანა რუსეთის მეზობელი ნორვეგია, რომლის ალიანსში გაწევრიანებას თავის დროზე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა კავშირი, თუმცა, ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსზე მერვედფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამიში მიმდინარე მასტერსზე ორი თამაში მოიგო და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პრესტიჟული ტურნირის სტარტზე გერმანიის სახელით მოთამაშე მიშა ზვერევს აჯობა - 6:3 6:2, შემდეგ კი ჰოლანდიელ რობი ჰაასეს დაუპირისპირდა და ისიც ორ სეტში დაამარცხა - 7:6 6:3.

მაიამის მასტერსის მერვედფინალში გასვლით ბასილაშვილი მსოფლიოს ლაივრეიტინგში მე-17 ადგილამდე დაწინაურდა, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე კანადელი ფელიქს ოგე-ალიასამი იქნება. მერვედფინალი 26 მარტს გაიმართება.

მადუროს მთავრობა ვენესუელაში რუსი სამხედროების ყოფნას ადასტურებს

რუსული სამხედრო თვითმფრინავები კარაკასში ჩავიდნენ 2018 წლის დეკემბერშიც

ნიკოლას მადუროს მთავრობაში დაადასტურეს ვენესუელაში რუსი სამხედროების ჩასვლა - ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი იუწყება.

სააგენტოს მადუროს ხელისუფლების მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ კარაკასში რუსების ვიზიტი ორ მოკავშირე სახელმწიფოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაა. ამავე წყაროს ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ მოლაპარაკებაში, რომლის თემებია ვენესუელის არმიის მომზადება და სტრატეგია და ტექნიკური მომსახურება.

24 მარტს, სხვადასხვა მედიასშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორი სატრანსპორტო თვითმფრინავით კარაკასში ჩავიდა ასამდე სამხედრო, რომელთა შორის სავარაუდოდ, არიან კერძო, გასამხედროებული კომპანიის მებრძოლებიც. მათ სახმელეთო ძალების მთავარი შტაბის უფროსი, გენერალი ვასილი ტონკოშკუროვი ხელმძღვანელობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რაიმე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

2019 წლის იანვრიდან ვენესუელაში პრაქტიკულად ორხელისუფლებიანობაა.

რუსეთი ნიკოლას მადუროს მთავრობის მხარდამჭერია, ხოლო აშშ დასავლეთის სხვა სახელმწოფოებთან ერთად მხარს უჭერს ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG