Accessibility links

ახალი ამბები

ქრისტიანები გარბიან ერაყის ქალაქ მოსულიდან ისლამისტთა ულტიმატუმის შედეგად

ერაყელი ქრისტიანები გარბიან მოსულიდან მას მერე, რაც ისლამისტები მათგან სჯულის შეცვლას, ან საგანებო გადასახადის გადახდას მოითხოვენ. ასეულობით ქრისტიანი ოჯახი ტოვებს მოსულს, რადგან იქ გაბატონებულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“, მათ ვადა 19 ივლისამდე მისცა. ქალდეველ ქრისტიანთა პატრიარქმა, ლუის საკომ, რომელიც განაგებს უდიდეს ქრისტიანულ თემს ერაყში, განაცხადა, რომ პირველად ერაყის ისტორიაში, მოსულში ქრისტიანები აღარ არიან. პატრიარქისა და ქალაქის მცხოვრებთა თანახმად, ისლამისტებმა ქრისტიანთა სახლებს მიაწერეს ასო „ნარი“, სიტყვა „ნაზარეთელის“, როგორც ყურანში აღინიშნებიან ქრისტიანები, პირველი ასო. „ერაყსა და ლევანტში ისლამურმა სახელმწიფოდ“ წოდებულმა ისლამისტურმა გაერთიანებამ, მსგავსი პირობები დააწესა სირიის ქალაქ რაყაში, თებერვალში, როცა ქრისტიანებს მოთხოვა 14 გრამი ოქროს გადახდა მათი უსაფრთხოების სანაცვლოდ. ვატიკანის მევთაურმა, პაპმა ფრანცისკემ კვირის ღვთისმსახურებისას თქვა, რომ ილოცეთ ერაყელი ქრისტიანებისთვის, რომლებსაც სდევნიან და აიძულებენ დატოვონ საცხოვრებელი ისე რომ, თან ვერაფერი მიაქვთო.

ყველა ახალი ამბავი

ეგვიპტეში რეფერენდუმი იმართება პრეზიდენტის მმართველობის ვადის გახანგრძლივებაზე

20 აპრილს ეგვიპტეში დაიწყო სამდღიანი რეფერენდუმი კამათის საგნად ქცეული საკონსტიტუციო შესწორებების შესახებ, რომლებიც, დამტკიცების შემთხვევაში, მოქმედ პრეზიდენტს, აბდელ-ფატაჰ ალ-სისის პოტენციურად 2030 წლამდე გაუხანგრძლივებს ვადას.

საკონსტიტუციო შესწორება მის ამჟამინდელ ვადას ოთხიდან ექვს წლამდე გაზრდის და მას უფლებას მისცემს კიდევ ერთი ვადით დარჩეს პოსტზე. ამასთან, კრიტიკოსების თქმით, შესწორებებით გაიზრდება არმიის როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში და პრეზიდენტს მეტი უფლებამოსილება ექნება სასამართლო სისტემასთან მიმართებით.

პარლამენტმა, რომელშიც დომინანტურ ძალას სისის მხარდამჭერები წარმოადგენენ, 16 აპრილს დაამტკიცა შესწორებები. ინიციატივას აკრიტიკებენ უფლებადამცველი ჯგუფები.

კოსოვო: სირიიდან დავაბრუნეთ 110 მოქალაქე, მათ შორის "ისლამური სახელმწიფოს" ოთხი მებრძოლი

კოსოვოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სირიიდან დააბრუნეს მათი 110 მოქალაქე, მათ შორის ოთხი პირი, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა. ოთხივე მათგანი ჩასვლისთანავე დააპატიმრეს და სახელმწიფო პროკურორი აცხადებს, რომ მათ ბრალს მალე წაუყენებენ.

კოსოვოს პოლიციის ხელმძღვანელმა, რაშიტ ჩალაიმ 20 აპრილს კონფერენციაზე განაცხადა, რომ დაბრუნებულებს შორის არიან 32 ქალი და 74 ბავშვი, მათ შორის ცხრა ბავშვი, რომელთა მშობლებიც სირიაში მიმდინარე კონფლიქტში დაიღუპნენ. ჩალაის თქმით, სირიაში კვლავაც რჩება 30 მებრძოლი, ისევე, როგორც 49 ქალი და რვა ბავშვი.

კოსოვოს იუსტიციის მინისტრის თქმით, მთავრობა თვეების განმავლობაში მუშაობდა სირიიდან 110 მოქალაქის დასაბრუნებლად. აბელარდ ტაჰირის თქმით, ეს ნაბიჯი აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით გადაიდგა. პრიშტინაში აშშ-ის საელჩო მიესალმა კოსოვოელების დაბრუნებას.

2012 წლის შემდეგ სირიასა და ერაყში, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად კოსოვოს 400-მდე მოქალაქე წავიდა. მათგან 70-ზე მეტი მოკლეს.

კოსოვოს კანონებით, ნებისმიერ პირს, რომელიც უცხოეთის ომში მონაწილეობს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს: შესაძლოა ზუგდიდში მოწამლული ბავშვები ტრეფიკინგში იყვნენ ჩართულნი

ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი.

სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს.

შს სამინისტროს განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.

დღეს დილით ათივე ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სავარაუდოდ საკვების ინტოქსიკაციით შეიყვანეს.

საქართველოს მოქალაქე დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მკვიდრი გოჩა ფიდიური გაიტაცეს.

სოფელი მეჯვრისხევი, ოკუპაციის ხაზს მიღმა მდებარე სოფელ ღრომს ესაზღვრება, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზა აქვთ. გატაცებულის თანასოფლელების თქმით, ის ხშირად მიდიოდა გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე ლომისის სალოცავში და ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ადგილებში მოხდა მისი დაკავება.

ფიდიურის ოჯახის წევრებს ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერ არავინ დაკავშირებია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) უკვე დაადასტურა საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი. სუს-ი იუწყება, რომ ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მოლაპარაკება ფიდიურის გათავისუფლების მოთხოვნით.

ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 ბავშვი სავარაუდოდ საკვების ინტოქსიკაციით შეიყვანეს. “ევექსის“ წარმომადგენელ გიორგი ნიორაძის განცხადებით, ბავშვებს აღენიშნებათ დიარეა და პირღებინება. მისივე თქმით, ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგეგმება მათი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა.

საუბარია სხვადასხვა ასაკის ბავშვებზე. მათ შორის სამი 2 წლის, ერთი 11 წლის, 6 წლის, 1 წლის, 9 წლის, ასევე 11 თვის და შვიდი თვის.

ამ დროს არაებული ინგორმაციით, ბავშვები უკრაინის მოქალაქემ შემოიყვანა, რომელიც ზუგდიდში ქირით ცხოვრობს და მინდობით ზრუნვით ჰყავს ეს ბავშვები. საავადმყოგოში ადასტურებენ, რომ ბავშვები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამ წუთებში ქალი რომელმაც ბავშვები მოიყვანა, საავადმყოფოშია, ადგილზეა პოლიცია. შსს ჯერჯერობით კომენტარს არ აეკთებს.

პოლიციამ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე

შს სამინისტროს ინფორმაციით, მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც დეტალურად აღწერეს დანაშაულის მზადების და შემდგომი განვითარების პროცესი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისისა და იმერეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთობლივად დაკავებულ იქნა 2000 წელს დაბადებული ნ. ჯ. 1998 წელს დაბადებული გ.ხ. 1998 წელს დაბადებული ა.ლ.

დაკავებულებს ბრალი ედებათ თბილისში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის შეიარაღებულ ძარცვაში.

დანაშაული 19 აპრილს, დილის საათებში მოხდა. სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი თავს დაესხა ლიბერთი ბანკის ვარკეთილის ფილიალს, იარაღის მუქარით გაიტაცა თანხა 2030 ლარამდე და მიიმალა. ყაჩაღებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს ბანკში მყოფ ორ მოქალაქეს, რომლებიც გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში, დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში მეხანძრეებმა პატრონს დაუბრუნეს ცეცხლის ქრობისას აღმოჩენილი ძვირფასეულობა

ადგილზე მუშაობდა 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ბათუმში, რევაზ კომახიძის ქუჩაზე ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა დიდი რაოდენობით ოქროს სამკაულები და სხვა ძვირფასეულობა აღმოაჩინეს და პატრონს დაუბრუნეს.

ხანძრის შედეგად დამწვარია 450 მ² ფართობი. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

ადგილზე მუშაობდა 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კოსოვო: "ისლამური სახელმწიფოს" მეომრების ნათესავები პრიშტინაში დაბრუნდნენ

კოსოვოს იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში დაბრუნდა რამდენიმე მოქალაქე, რომელიც ენათესავება სირიაში მებრძოლი,, ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" მეომრებს.

აბელდარ ტაჰირის არ დაუზუსტებია ინფორმაცია ქალებისა და ბავშვების შესახებ იმ მგზავრებს შორის, რომლებიც 19 აპრილს დაფრინდნენ პრიშტინაში, თუმცა თქვა, რომ ახალი დეტალები მალე გახდება ცნობილი. "ჩვენი მოქალაქეების ნაწილის დაბრუნების ოპერაცია წარმატებით ჩატარდა" - განაცხადა ტაჰირიმ აეროპორტში. მას არც მგზავრთა რიცხვი უთქვამს.

2012 წლის შემდეგ სირიასა და ერაყში, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად კოსოვოს 400-მდე მოქალაქე წავიდა. მათგან 70-ზე მეტი მოკლეს. კოსოვოს პოლიცია თებერვალში აცხადებდა, რომ სირიის კონფლიქტის ზონაში რჩებოდნენ 44 ქალი და 48 ბავშვი.

კოსოვოს კანონებით, ნებისმიერ პირს, რომელიც უცხოეთის ომში მონაწილეობს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ქაბულიდან ვრცელდება ცნობები აფეთქებაზე და სროლაზე

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ცენტრიდან ვრცელდება ცნობები აფეთქების და შემდეგ სროლის შესახებ. ამის თაობაზე პოლიციის წარმომადგენელმა აცნობა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს.

კომუნიკაციის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსთან ახლოს მომხდარ აფეთქებაზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის აუღია. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის.

ავღანეთის აღმოსავლეთში მოქმედებს როგორც თალიბანი, ისე ექსტრემისტული ჯგუფი "ისლამური სახელმწიფო" და წარსულში მათ ნაკისრი აქვთ პასუხისმგებლობა ქაბულში მომხდარ თავდასხმებზე.

აშშ-ის პროკურორები 18 თვით ითხოვენ თავისუფლების აღკვეთას რუსეთის მოქალაქე ბუტინასთვის

აშშ-ის პროკურორები მოსამართლეს სთხოვენ 18 თვით შეუფარდოს პატიმრობა რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინას, მას შემდეგ, რაც მან თავი დამნაშავედ აღიარა უცხოეთის აგენტად დაურეგისტრირებლად მოქმედებაში.

"მოქმედებები, რომლებთანაც ამ საქმეში გვაქვს შეხება, წარმოადგენს ნაწილს რუსეთის უფრო ფართო სქემისა მოიპოვოს ინფორმაცია და დაამყაროს კავშირები და საკომუნიკაციო არხები, რომლებიც შეიძლება რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ იქნეს გამოყენებული" - წერენ პროკურორები. ბუტინამ დანაშაული დეკემბერში აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყო. მას განაჩენი ვაშინგტონში 26 აპრილს უნდა გამოუტანონ.

ბუტინამ აღიარა, რომ რუსეთის ყოფილი დეპუტატი, ალექსანდრ ტორშინი იყენებდა მის კონტაქტებს იარაღის ეროვნულ ასოციაციაში, რათა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას კომუნიკაცია დაემყარებინა ამერიკელ კონსერვატორებთან. ბუტინას საქმეს კავშირი არ აქვს საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიებასთან არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. კრემლი ბუტინას ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი აცხადებს, რომ ბუტინამ დანაშაული ზეწოლის შედეგად აღიარა.

ავტომობილებისთვის ჩაიკეტა გუდაური-კობის მონაკვეთი

საქართველოს გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თოვს მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის 85 კმ მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კერსტი კალიულაიდს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის წამოწევისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია. ყველა საერთაშორისო და დიდ ფორუმზე იყენებს შესაძლებლობას საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატოს.

კერსტი კალიულაიდი, ვლადიმირ პუტინი
კერსტი კალიულაიდი, ვლადიმირ პუტინი

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოსა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს18 აპრილს, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ასაუბრა.

„მე ვთქვი, რომ ორივე ქვეყანაში ვიყავი კონფლიქტის ხაზებთან და ადამიანებს ველაპარაკე მავთულხლართების და შლაგბაუმების ერთი მხრიდან მეორე მხარეს“, - განაცხადა კერსტი კალიულაიდმა, რომლის თქმითაც, პუტინთან განიხილეს, თუ როგორი შეიძლება იყოს კონფლიქტების სამომავლო გადაწყვეტის სცენარები.

ესტონეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ საკითხზე საუბრისას მუდმივად უსვამდა ხაზს ევროკავშირის პოზიციას. ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას და უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას. ესტონეთის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის წევრია და სრულად უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სანქციებს და უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ზელენსკი არ მივიდა დებატებზე საზოგადოებრივ მაუწყებელში

პრეზიდენტობის კანდიდატი ვოლოდიმირ ზელენსკი, პეტრო პოროშენკოს მოწოდების მიუხედავად, არ მივიდა დებატებზე უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რაზეც დებატების წამყვანმა, მიროსლავა ბარჩუკმა განაცხადა.

„მხოლოდ ერთი კანდიდატი მოვიდა. გთხოვთ, პეტრო პოროშენკო, მობრძანდით სტუდიაში და უპასუხეთ შეკითხვებს“, - მიმართა წამყვანმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც მარტო პასუხობს, როგორც სტუდიაში მყოფი ჟურნალისტებისა და ექსპერტების, ასევე პირდაპირი ეთერის საშუალებით სტუდიის გარედან დასმულ შეკითხვებს.

პოროშენკოს მისვლამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ითქვა, რომ პოლიციამ მიიღო ცნობა, დებატების დროს მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ.

პოროშენკო: მე არც ჯალათი ვარ და არც - მოსამართლე

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოლიმპიურ სტადიონზე 19 აპრილს გამართული დებატების დროს, ოპონენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუმარტა, თუ რაში მდგომარეობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მისეული სტრატეგია და რატომ „არ აჭრის ხელს“ კორუმპირებულებს.

"მე არც ჯალათი ვარ და არც - მოსამართლე. პრეზიდენტი ქმნის აუცილებელ პირობებს სამართლიანი სასამართლოსთვის, საგამოძიებო ორგანოსათვის,სამართლიანი და მიუკერძოებელი გამოძიებისათვის. და მე ვაკეთებდი და გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ და დასძინა, რომ არც ერთ მის მეგობარს არ აქვს და არც მომავალში ექნება რაიმე კავშირი კორუფციასთან.

თავის მხრივ პოროშენკომ საპასუხო შეკითხვა დაუსვა ზელენსკის ოლიგარქ იგორ კოლომისკისთან მის სავარაუდო კავშირებზე.

„თქვენმა ბიზნესპარტნიორმა „პრივატბანკის“ ანგარიშიდან 41 მილიონი დოლარი გადაგიხადათ პირადად თქვენ, საიდუმლო ოფშორულ ანგარიშებზე. როგორ ართმევთ მას ხელს და მოაჭრით თუ არა მას ხელს?“ - ამ შეკითხვაზე ზელენსკის პასუხი არ გაუცია, რადგან ეს იყო პოროშენკოს პასუხი ოპონენტის შეკითხვაზე.

კიევის „ოლიმპიურ“ სტადიონზე პრეზიდენტობის კანდიდატებმა ერთმანეთს დაუსვეს სამ-სამი შეკითხვა, რომლისთვისაც მათ ჰქონდათ თითო-თითო წუთი, პასუხისათვის - 4 წუთი. დებატების დასაწყისში და ბოლოს კანდიდატებმა ისარგებლეს ასევე განცხადებებისთვის განკუთვნილი ხუთ-ხუთი წუთით.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება.

უკრაინაში დასრულდა "მთავარი დებატები" პოროშენკოსა და ზელენსკის შორის

უკრაინაში პარასკევს გაიმართა მთავარი დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს ვოლოდიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის, რომლებიც ამ ფორმატში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. დებატებმა, რომელზეც უსაფრთხოებას რამდენიმე ათასი სამართალდამცველი იცავდა, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

შეკითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელიც ერთ საათს გრძელდებოდა, პოროშენკომ და ზელენსკიმ ერთმანეთს არაერთი ბრალდება წაუყენეს.

“მე თქვენი ოპონენტი კი არა, თქვენი განაჩენი,“ - ვარ ასე მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოროშენკოს. "მე თავად ვემხრობოდი პოროშენკოს, მაგრამ ჩვენ შევცდით. განა შემეძლო მაშინ წარმომედგინა, რომ ცხოვრება ახლებურად, გადაიქცეოდა ცხოვრებად გადარჩენისათვის, ომის ორ კვირაში დასრულების პირობა - შემოგვიბრუნდებოდა დებალცევოდ და ილოვაისკად? შეგვეძლო იმის წარმოდგენა, რომ „ღირსების რევოლუციით“ ნაძირალები ისარგებლებდნენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

პეტრო პოროშენკომ ოპონენტს უწოდა „ტომარა“, რომელშიც ეშმაკები იმყოფებიან. „მათ შორის ოლიგარქები, „რეგიონთა“ პარტიის ყოფილი წევრები და ყველა ის, ვინც ჩემს ქვეყანას ემუქრება. და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ“, - განაცხადა პოროშენკომ, რომელმაც მოუწოდა ოპონენტს, რომ ასევე მიიღოს მასთან ერთად მონაწილეობა დებატებში ტელეკომპანია „სუსპილნეში“ (უკრაინის საზოგადოებრივ არხზე), რასაც ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს.

მანამდე ზელენსკის შტაბში განაცხადეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არ აპირებს სატელევიზო დებატებში მონაწილეობის მიღებას.

კიევის „ოლიმპიურ“ სტადიონზე პრეზიდენტობის კანდიდატებმა ერთმანეთს დაუსვეს სამ-სამი შეკითხვა, რომლისთვისაც მათ ჰქონდათ თითო-თითო წუთი, პასუხისათვის - 4 წუთი. დებატების დასაწყისში და ბოლოს კანდიდატებმა ისარგებლეს ასევე განცხადებებისთვის განკუთვნილი ხუთ-ხუთი წუთით.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება.

მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ხანგრძლივი განხილვისა და დებატების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ორდღიანი მუხლობრივი განხილვა კენჭისყრით 87-მომხრე, 31-წინააღმდეგი დასრულდა.

კენჭისყრას წინ უძღვოდა პროცედურული დებატები - საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვდა, პარლამენტს კანონპროექტი წარმოდგენილი სახით არ მიეღო და კენჭისყრის პროცედურა გადაედო.

ოპოზიციის შეფასებით, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უგულებელყო და ცდილობს ცვლილებები ფორსირებულად მიიღოს, “რაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდება“.

პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა მუხლობრივ განხილვაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარიგებული იყო ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციის შესაბამისად კორექტირებული ვერსია. კორექტირებულ ვარიანტში აისახა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმების თაობაზე. ასევე ჩაიწერა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, იგი არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე, აგრეთვე არ არის უფლებამოსილი კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას არც ერთ ეტაპზე.

“ჩვენ გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ყველა პრინციპული რეკომენდაცია ერთის გარდა, რომელიც არ არის წმინდა სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაცია. ჩვენ შევიმუშავეთ უპრეცედენტოდ დეტალური პროცედურა, რომელიც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პროცესი იყოს გახსნილი, იყოს ნდობა პროცესისადმი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტისთვის საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას.

ოხანაშვილმა დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას კი, პარლამენტს იმ მუხლების საბოლოო რედაქცია გააცნო, რაც მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში შეუცვალა.

ლაშა ჟვანია პატრიარქის ფონდში ბრუნდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია, თანამდებობას დატოვებს და პატრიარქის ფონდში დაბრუნდება. განცხადება ამის შესახებ თავად ჟვანიამ გაავრცელა, ფეისბუკის გვერდზე.

ლაშა ჟვანიას განცხადების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 1 მაისამდე იმუშავებს:

“ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია. პირველი მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან” – წერს ლაშა ჟვანია.

ლაშა ჟვანიას თქმით, მისთვის ყველაზე მტკივნეული რეორგანიზაცია და ადმინისტრაციაში კადრების შემცირება იყო:

“რთული პერიოდი გავიარე ქვეყნის მეთაურთან ერთად; ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტის უფლებამოსილებებისა და საქმიანობის კალაპოტში ჩასმა, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან და მთლიანად, საზოგადოებასთან ურთიერთობების საფუძველის მოწყობა. ყველაზე მტკივნეული ჩემთვის რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო. ახლაც ვფიქრობ ზოგიერთ ძვირფას მოხელეზე, რომლებიც ადმინისტრაციამ დაკარგა”,– წერს ლაშა ჟვანია.

ლაშა ჟვანია მადლობას უხდის პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის.

„მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის ამ მაღალი და დიდი პასუხისმგებლობის მონდობისთვის. როგორც ადრე, არც მომავალში, ჩემი ეკლესიის ტკბილ მეთაურთან მუშაობის დროს, დავიშურებ ჩემს სიყვარულით სავსე, მართალ სიტყვას და თავდადებას ჩემი სახელმწიფოს მეთაურის მიმართ“,- ნათქვამია ლაშა ჟვანიას განცხადებაში.

საპატიმროს მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მორიგი აქცია რუსთავში

მოქალაქეთა ჯგუფმა რუსთავში პენიტენციური დაწესებულების აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყო იუსტიციის სახლთან

19 აპრილს მოქალაქეთა ჯგუფმა რუსთავში პენიტენციური დაწესებულების აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყო იუსტიციის სახლთან, რომლის წინ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა მდებარეობს.

ორგანიზატორებმა, რომლებიც ადრე აცხადებდნენ, რომ ემიჯნებიან პოლიტიკას, დღევანდელ აქციაზე პირველი პოლიტიკური განცხადება გააკეთეს.

„ჩვენს ქვეყანაში არაევროპული რაც არის,ესაა თეა წულუკიანის მინისტრობა, რომელიც აცხადებს, რომ აშენებენ ევროპული ტიპის საპატიმროს და ეს არის ევროპული გზა“, თქვა გიორგი გზირიშვილმა,წვიმის ქვეშ მდგარი დაახლოებით 20 ადამიანის წინ.

„ევროპული ქვეყანა რომ ყოფილიყო, თეა წულუკიანი ვერ იქნებოდა იუსტიციის მინისტრი“, დასძინა გზირიშვილმა,რასაც აქციის მონაწილეთა აპლოდისმენტები მოჰყვა. - „ამ ქვეყნისთვის მან [იუსტიციის მინისტრმა] ძალიან ბევრი ცუდი რამ გააკეთა“.

სხვა გამომსვლელებმა განაცხადეს, რომ „იბრძოლებენ ბოლომდე“ - იუსტიციის სამინისტროს საპატიმროს არ ააშენებინებენ, რადგან ის ჭყონდიდელის დასახლებას და მიმდებარე ტერიტორიას განვითარების პერსპექტივას მოუსპობს. ადგილობრივი „მოსახლეობა უკვე სახლებს ყიდის“, განაცხადეს მათ.

რუსთავის ახალ საპყრობილეში, რომელიც ჭყონდიდელის დასახლებაში შენდება, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული მე-17 პენიტენციარული დაწესებულების ე.წ. პირველი და მეორე კოლონიების პატიმრებს გადაიყვანენ, თავად კოლონიები დაიხურება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა 18 აპრილს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „მინისტრი წულუკიანი მზად არის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდეს. ასევე მზად არის შეირჩეს ადგილობრივი 500 მცხოვრები, რომლებსაც გადაამზადებენ, ჩაუტარებენ ტრენინგებს და გაივლიან სტაჟირებას მსგავს დაწესებულებებში”. დღევანდელი აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ უმჯობესია ჭყონდიდელის დასახლებაში საწარმოები აშენდეს და ის „500 ადამიანი ამ მიზნით გადაამზადონ“.

საპატიმროს მშენებლობის წინააღმდეგ აქციები პერიოდულად ტარდება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის გაზრდას სთხოვენ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფკავშირის წევრები დასაქმებულთა ხელფასის გაზრდას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასა და უსაფრთხო სამუშაო პირობებს სთხოვენ. 19 აპრილს “საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების“ წარმომადგენლებთან ერთად მათ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სათავო ოფისთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

კომპანიამ აქციის მონაწილეებს სათაო ოფისში შეხვედრა შესთავაზა, თუმცა საუბარი უშედეგოდ დამთავრდა. კომპანიის პროფკავშირების წარმომადგენლები სახელმწიფოსგან მხარეებს შორის დაპირისპირებაში დროულ ჩარევას მოითხოვენ. მათი თქმით, თუ მედიაციას შედეგი არ ექნება, აქციებს გააგრძელებენ.

„უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიის მენეჯმენტთან, რომ გაიზარდოს ხელფასები, შეიქმნას უკეთესი პირობები და გაიცეს ზეგანაკვეთური ანაზღაურება, რაც არ ხდება. კომპანია გადასული არის შანტაჟის რეჟიმში, პროფკავშირების დისკრედიტაციას ეწევა და დაშინებითა და დეზინფორმაციით ცდილობს დასაქმებული ადამიანები შეცდომაში შეყვანას“, - ამბობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფკავშირების წევრი გიორგი მინაძე.

ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარის, ამირან ზენაიშვილის თქმით კი, შეხვედრაზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა მხოლოდ სიტყვიერად განაცხადა ხელფასის დაახლოებით 50-60 ლარით გაზრდის შესახებ და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არა აქვთ. მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლის შეთავაზებები პროფკავშირების წარმომადგენლებისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე, თავის მხრივ, აცხადებს, რომ აქცია 19 აპრილს გამართული აქცია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ იმიჯის დაზიანებას ისახავდა მიზნად.

„ეს გახლავთ ორგანიზებული პროცესი, თუმცა პროცესმა ჰპოვა ნულოვანი თანადგომა ჩვენს თანამშრომლებში. პრაქტიკულად, რამდენიმე თანამშრომლის გარდა, ვერავინ ვნახეთ აქციაზე. ადგილზე პროტესტი არ დაფიქსირდა. თუმცა ამით ჩვენ არ გვინდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად არის. თანამშრომლების თანადგომა გვაძლევს ვალდებულებას უფრო მეტად კრიტიკულები ვიყოთ და უზრუნველვყოთ, რომ ყველა თანამშრომელი სოციალურად სათანადოდ იყოს დაცული“, - ამბობს მიხეილ ბოცვაძე.

17 აპრილს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ენერგეტიკის დარგობრივი პროფკავშირი შავი პიარის გავრცელებაში დაადანაშაულა. კომპანიამ სიცრუე უწოდა ინფორმაციას, თითქოს 2007 წლიდან ხელფასები არ გაზრდილა. ასევე აღნიშნა, რომ ის თანამშრომლების ზეგანაკვეთურ სამუშაოსაც ანაზღაურებს და კომპანიიდან კადრების გადინება არ ხდება.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ამიერკავკასიაში წამყვანი ჰიდროენერგეტიკული ოპერატორია. კომპანია ემსახურება 1 200 000-ზე მეტ აბონენტს და საქართველოში 5 ფილიალი და 59 მომსახურების ცენტრი აქვს.

სერბეთში ქვეყნის პრეზიდენტის მომხრეების დემონსტრაცია გაიმართება

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის მხარდამჭერები იკრიბებიან იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე კვირის განმავლობაში იმართება ანტისამთავრობო აქციები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენიმე ადამიანი მიიღებს აქციაში მონაწილეობას.

19 აპრილის პროსამთავრობო აქციის ფონია ერთი კვირის წინ ბელგრადში გამართული ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რომელსაც ორგანიზატორებმა უწოდეს ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი.

გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, სერბეთის მასშტაბით ყოველ შაბათს იმართება ანტისამთავრობო დემონსტრაციები

მოთხოვნით, გადადგეს პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, გათავისუფლდეს მთავრობის ზეწოლისაგან მედია და დაინიშნოს თავისუფალი არჩევნები.

აპრილის დასაწყისში ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მას არ ეშინია ანტისამთავრობო გამოსვლების, რომელთა ლიდერს უწოდა „ფაშისტები, ხულიგნები და ქურდები.“

ერთ-ერთი ბოლო აქციის დროს, დემონსტრანტები შეიჭრნენ ტელეკომპანია „ტვ პინკის“ შენობაში, რომელსაც ოპონენტები ხელისუფლების მთავარ რუპორს უწოდებენ.

„ძალადობას ადგილი აღარ ექნება. სერბეთი დემოკრატიული ქვეყანაა, კანონის და წესრიგის ქვეყანა და სერბეთმა იცის, თუ როგორ იმოქმედოს“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

ნინო ლომჯარია:სამწუხაროა, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომაზე დამაჯერებელი პასუხები არ მოგვისმენია

ნინო ლომჯარია

„ალბათ, ყველას გვახსოვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. ის სრულიად მოულოდნელად, გასული წლის აგვისტოში გადადგა. მანამდე კი არაერთხელ გააკეთა განცხადება და აღნიშნავდა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან - ეს მისი სიტყვებია.

სამწუხაროა, რომ ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია დამაჯერებელი პასუხები გადადგომის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან დეპუტატებს მიმართა რეკომენდაციით, დაინტერესდნენ რისი მსხვერპლი, როგორ და რატომ გახდა ნინო გვენეტაძე და ინფორმაცია ამის შესახებ კომიტეტის ფარგლებში მოისმინონ.

„მე ვფიქრობ, რომ ყოფილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები ექნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ შიდა პროცესებზე“, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კანონპროექტთან დაკავშირებით პლენარული სხდომაზე მიმართა.

სახალხო დამცველმა საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების განმსაზღვრელი კანონპროექტის ხარვეზებსა და ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნებზე საუბარი თავად მოითხოვა.

ომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობის ისტორიაში სახალხო დამცველი პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლით გარანტირებულ კომპეტენციას პირველად იყენებს.

ლუკაშენკო: ბელორუსს ვერსად ვერ „წაიღებენ“ და ვერ „გაიყოფენ“

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მის ქვეყანას არ ემუქრება ის, რომ სადმე „წაიღებენ“ და „გაიყოფენ“. მან „როშვა“ უწოდა მითქმა-მოთქმას იმაზე, რომ ბელორუსს ემუქრება სუვერენიტეტის დაკარგვა. „შეუძლებელია ამის გაკეთება, რადგან უკვე დაიბადნენ თავისუფალი და დამოუკიდებელი ბელორუსები“, - განაცხადა ლუკაშენკომ პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მიმართვით გამოსვლის დროს.

თავის წინა გამოსვლებისგან განსხვავებით ლუკაშენკოს 19 აპრილს პირდაპირ აღარ ულაპარაკია რუსეთზე. მან აქცენტი გააკეთა ქვეყნის შიდა პრობლემებზე, სოფლის მეურნეობაზე და მოუწოდა მთავრობას, რომ შეაჩეროს ფასების ზრდა. „გაერთნენ დემოკრატიით და საბაზრო ეკონომიკით“, - განაცხადა ბელორუსის ლიდერმა.

ლუკაშენკო გამოვიდა როგორც ბელორუსული ენის, ისე რუსული ენის მხარდაჭერის მოწოდებით. მისი აზრით, რუსულ ენაზე უარის თქმა, ნიშნავს უარის თქმას გონებაზე, ბელორუსულ ენაზე უარის თქმა კი - გულზე უარის თქმას.

ყოველწლიურ მიმართვაში ლუკაშენკო შეეხო არჩევნების საკითხსაც და განაცხადა, რომ არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გადატანას და იგი ჩატარდება 2020 წელს. ხოლო საპარლამენტო არჩევნები გაიამრთება მიმდინარე წლის შემოდგომაზე.

საფრანგეთში კარვებში მცხოვრები ქართველების ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია

საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ, რადიო თავისუფლებამ განმარტება სთხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

რამდენიმე თვის განმავლობაში საფრანგეთის სამ ქალაქში - პარიზში, სტრასბურგსა და მონპელიეში საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც პოლიტიკური თავშესფრის მოთხოვნით მიმართეს საფრანგეთის მხარეს კარვებში უწევთ ცხოვრება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განმარტებით, ამჟამინდელი მდგომარეობით მონპელიეში 21 კარავია გაშლილი, პარიზში 3 და სტრასბურში 1.

საქართველოს წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე და შეხვდნენ საქართველოს მოქალაქეებს.

„იქ მყოფების უმატესობა პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელია, მათ შეტანილი აქვთ განაცხადი და საფრანგეთის ხელისუფლებას სთხოვენ თავშესაფარს. მაღალი მიმართვიანობის გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანების დროული დაკმაყოფილება დროებითი თავშესაფრით, რამაც გამოიწვია, ის, რომ ამ ადამიანებს უწევთ კარვეში ცხოვრება“,- აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

მისი სიტვებით საერთაშორისო კანონმდებლობისა და პრაქტიკის თანახმად, თუ ერთი ქვეყნის მოქალაქე მეორე ქვეყანას პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავს, ამ ადამიანის დოკუმენტაცია განიხილება მკაცრად კონფიდენციალურ რეჟიმში, შესაბამისად მიმღები სახელმწიფო მესამე ქვეყანას, მით უმეტეს იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეც სთხოვს თავშესაფარს, არ აცნობებს ამის შესახებ.

„შესაბამისად, ფრანგულმა მხარემ არ აცნობა ქართულ მხარეს, რომ ამ პირებს შეტანილი ჰქონდათ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადი, რაც სრულიად ბუნებრივია“,- აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

მისი თქმით, ფრანგული მხარე თავშესაფრის მაძიებელთა მონაცემებს დეტალურად ამოწმებს, რამაც გამოიწვია, ის რომ ამ ადამიანებისთვის პასუხის გაცემა შეფერხდა.

კითხვაზე, თუ რატომ არ იცოდა ქართულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეთა წინაშე მდგარი პრობლების შესახებ, ვლადიმერ კონსტანტინიდი ამბობს, რომ ვერ ეცოდინებოდა, ვინაიდან ინფორამციის გამცემი ორი წყაროდან (ფრანგული მხარე და თავად საქართველოს მოქალქეები) არც ერთს არ უცნობებია. თუმცა, მოგვიანებით საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელობი საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ადამიანების პრობლემის მოგვარება და შესაბამისად გამოსავალი შეიძლება იყო მხოლოდ ორი -ან ამ მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემა, ან აპლიკაციაზე უარის თქმა. თუმცა კონკრეტულად რა ვადებში მოხდება ეს უცნობია.

საგარეო უწყების თანახმად, ფრანგული მხარე საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნის მხოლოდ 3 %-ს აკმაყოფილებს. 2018 წელს ფრანგულ მხარეს საქართველოდან თავშესაფრის თხოვნით 5261 მოქალაქემ მიმართა, მათგან მხოლოდ 290 მიმართვა დაკმაყოფილდა.

ლომჯარია: აუცილებელია პარლამენტმა გაითვალისწინოს ავტორიტეტული ორგანიზაციების მოსაზრებები

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კანონპროექტთან დაკავშირებით პლენარული სხდომაზე მიმართა. მან თავისი სიტყვა დაიწყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ერთ-ერთ იმ ბოლო გადაწყვეტილებაზე საუბრით, რომელიც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის - სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას შეეხება, მოსამართლეთა დანიშვნის წესების ხელყოფის გამო.

„ სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბუნდოვანი კრიტერიუმებისა და თვითნებური გადაწყვეტილების საფუძველზე დანიშნული მოსამართლე არ ითვლება კანონით დადგენილი წესით არჩეულად და კონვენციის მიზნებისთვის ის არის უკანონო. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გავწეროთ ისეთი პროცედურა, რომელიც დაგვაზღვევს მსგავსი რისკებისგნ და იარსებებს სამართლებრივი გზები, დარღვეული უფლებების დასაცავად“, - განაცხადა სახალხო დამცველმა, რომლის შეფასებითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა არჩევის სისტემას მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ჰქონდეს.

თავის გამოსვლაში ნინო ლომჯარია მიესალმა იმ ფაქტს, რომ კანონპოროექტის მეორე მოსმენისას დოკუმენტში აისახა რეკომენდაციები მოსამართლეობის კანდიდატთა ე.წ. სავალდებულო გამოცდებისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. სახალხო დამცველმა მოუწოდა პარლამენტს სხვა გადაწყვეტილებებიც ოდირისა (ODIHR) და ევროსაბჭოს შენიშვნების შესაბამისად მიიღოს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ კანონპროექტზე მუშაობის გაგრძელება აუცილებელია:

"მე მესმის, რომ პლენარული სხდომიდან შეუძლებელია კომიტეტზე მსჯელობის დაბრუნება, თუმცა ვფიქრობ, რომ აუცილებელია პარლამენტმა გაითვალისწინოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მოსაზრებები და ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების განმსაზღვრელი კანონპროექტის ხარვეზებსა და ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნებზე საუბარი თავად მოითხოვა.

ომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობის ისტორიაში სახალხო დამცველი პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლით გარანტირებულ კომპეტენციას პირველად იყენებს.

ამ წუთებში სახალხო დამცველი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

პოროშენკოს მომხრეები „ოლიმპიური“ სტადიონისკენ მიემართებიან

საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებამდე რამდენიმე საათით ადრე კიევის ცენტრში „მაიდან ნეზალეჟნოსტიზე“ შეიკრიბნენ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის მომხრეები, რომლებსაც სიტყვებით მიმართეს კულტურის მინისტრმა, ევგენი მიშჩუკმა, „ვერხოვნა რადას“ სპიკერმა ანდრეი პარუბიმ და სულ ბოლოს თავად პეტრო პოროშენკომ.

„ 2014 წელს ბევრი დეზერტირი გვყავდა, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მათგან მხოლოდ ერთი დეზერტირი აცხადებს პრეტენზიას. როგორ უნდა შეხედოს მან თვალებში ჯარისკაცებს? როგორ შეხედავს თვალებში დაღუპულთა მშობლებს“, - განაცხადა მისი კონკურენტის, ვლადიმირ ზელენსკის მისამართით პეტრო პოროშენკომ, რომელიც არწმუნებს მის მომხრეებს, რომ თუ 21 აირჩევენ, „შემდეგი 5 წლის განმავლობაში პუტინს ელოდება ხმაურიანი მარცხი უკრაინაში.“

მიტინგის მომხრეები „მაიდნიდან“ პეტრო პოროშენკოს სიტყვის დასრულების შემდეგ მისი მომხრეები, მოქმედი პრეზიდენტის მხარდასაჭერად „ოლიმპიური“ სტადიონისკენ გაემართნენ, სადაც მალე გაიმართება დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს - პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის.

უკრაინული მედიის თანახმად, კანდიდატები დებატების დროს 3-3 შეკითხვას უპასუხებენ. ხოლო დებატებს გაუძღვებიან ჟურნალისტები ანდრეი კულიკოვი, პოროშენკოს შტაბის წინადადებით და ელენა ფროლიაკი, რომელიც ზელენსკის შტაბმა შეარჩია.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG