Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ აშშ-ის ქმედებას ერაყში სამართლიანი უწოდა


პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „სამართლიანი“ უწოდა აშშ-ის ჰუმანიტარულ და სამხედრო ოპერაცის ერაყში, რომლის დროსაც ამერიკის სამხედრო ძალები სულ უფრო მეტ დახმარებას აწვდიან ისლამისტების დევნის შედეგად მთებში გახიზნულ მოსახელობას. აშშ-ის ავიაციამ განვლილ დღე-ღამეში ორი საავიაციო იერიში განახორციელა ჩრდილოეთ ერაყში ისლამისტური სახელმწიფოს შეიარაღებული ჯგუფების პოზიციებზე, რათა არ დაეშვა მათი შესვლა ქალაქ ირბილში. 9 აგვისტოს გაკეთებულ მიმართვაში ბარაკ ობამამ კვლავ გაიმეორა, რომ აშშ-ი არ აპირებს საბრძოლო დანაყოფების გაგზავნას ერაყში. თუმცა, ამერიკის ლიდერმა ხაზგასმით განაცხადა, ისლამისტი ტერორისტების შესაკავებლად ყველაფერი გაკეთდება. „ჩვენ გავაგრძელებთ მასშტაბურ სტრატეგიას ერაყში. დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვიმუშავებთ ჰუმანიტარული კრიზისის გადასაჭრელად. ჩვენ განვაგრძობთ დახმარებას, რათა ტერორისტებს არ ჰქონდეთ მუდმივი ნავსაყუდელი, საიდანაც ისინი ამერიკაზე თავდასხმას შეძლებენ,“- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. პენტაგონის ცნობით, ამერიკულმა ავიაციამ ჰუმანიტარული დახმარების სახით დაზარალებულ რაიონებს 28 ათასი პაკეტი მშრალი საკვები და 5000 ლიტრი სასმელი წყალი მიაწოდა. ხოლო საავიაციო იერიშები, რომელშიც უპილოტო თვითმფრინავებიც მონაწილეობდნენ, მიზნად ისახავდა ისლამისტური სახელმწიფოს საარტილერიო პოზიციების განადგურებას ირბილთან ახლოს.

XS
SM
MD
LG