Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდში მოსწავლეთა ნაწილი სახელმწიფო ტრანსპორტის გარეშე რჩება


ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გონერ პაპავა ადგილობრივ ხელისუფლებას „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ დარღვევაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმდინარე წელს მწირი ფინანსები ჩაურიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მუნიციპალიტეტის გამგეობამ ვერ მოახერხა სოფლის სკოლებისთვის საჭირო თანხების გამოყოფა, შედეგად კი, სასკოლო ავტობუსის გარეშე დარჩა 19 სოფელი. რესურსცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, მან პრობლემის შესახებ განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. პაპავას განცხადებითვე, პროგრამას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს, თუმცა ის ვერ ახერხებს ყველა სოფლის დაფინანსებას. ამიტომაც იყოფა სამუშაოები, მის 70-80 პროცენტს განათლების სამინისტრო ახორციელებს, დანარჩენის შესრულება კი მუნიციპალიტეტის გამგეობას ევალება. მისივე განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობდა, მაგრამ ეს პროცესი ზაფხულის პერიოდში შეჩერდა:

„ქალაქის 12 საჯარო სკოლიდან მერიამ შეძლო მხოლოდ ორი სკოლისთვის თანხის გამოყოფა. ორი სკოლისთვის მოხდა 7 247 ლარით სარემონტო სამუშაოების დაფინანსება, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგეობამ 39 სკოლიდან მხოლოდ ოთხ საჯარო სკოლას გადაურიცხა, ჯამში, 18 400 ლარი, რაც წარმოადგენს ძალიან მცირე ფორმას, უმნიშვნელო ფორმას, რითაც საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებიდან დაირღვა საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, კერძოდ, ოცდამეათე მუხლის შესაბამისი პუნქტები“.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის ბრალდებებს არ ეთანხმებიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს მაია ღურწკაიას განცხადებით, გონერ პაპავას ასეთი განცხადებები გამგეობის მიმართ მისი პიროვნული დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს:

„ჩვენ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დავიწყეთ ამ საკითხის მოკვლევა -როგორ შეიძლება დავეხმაროთ იმ სკოლებს, რომელთაც სჭირდებათ ტრანსპორტით უზრუნველყოფა. არ ვიცი, გონერიმ რა პასუხი მიიღო, მაგრამ ჩვენ უარს არ ვამბობთ“.

მაია ღურწკაია არ იზიარებს რესურსცენტრის ხელმძღვანელის პრეტენზიას, რომ გამგეობამ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, გამგეობის მხრიდან მწირი თანხის გამოყოფას მიზეზი აქვს:

„პირველ რიგში, როცა მოხდა დეცენტრალიზაცია, მოხდა ქალაქის და სოფლის გაყოფა, მოხდა ქონების და ბიუჯეტის გაყოფა, ბიუჯეტში აღმოჩნდა ძალიან მწირი თანხები. საგანმანათლებლო დაწესებულებები ეკუთვნის განათლების სამინისტროს და მასზე ზრუნვა არის განათლების და რესურსცენტრის პრეროგატივა. ჩვენ იმ სკოლებს, რომლებმაც მოგვმართეს, რაღაც ელემენტარული ინფრასტრუქტურული პირობების გაუმჯობესებისთვის გავუწიეთ დახმარება“.

არც ზუგდიდის მერიაში ეთანხმებიან რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოსაზრებას. მერიის განათლების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელ გიგლა სულამანიძის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილს - მაგალითისთვის, წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიას - უკვე გადაერიცხა 12 ათასი ლარი. მისივე ცნობით, თანხის ნაწილი უკვე მიიღო ქალაქის სხვა სკოლებმაც, ნაწილი კი მას საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ მიიღებს:

„მთლიანობაში, რაზედაც მიღებული მაქვს მერიის თანხმობა, ეს შეადგენს ოცდახუთი ათას ლარს. ამას დაემატება 12 ათასი სასულიერო გიმნაზიის და მიახლოებით გამოდის 37 ათასი ლარი. ეს ის თანხაა, რაც ქალაქის მერიამ მოახმარა სკოლების რეაბილიტაციას, რემონტს, ე.ი. გამოიჩინა კეთილი ნება. გონერ პაპავას ეს ინფორმაცია არ უნდა გაევრცელებინა. შეიძლება ის არ ფლობდა იმ ინფორმაციას, რაც მე მაქვს აქ“.

გიგლა სულამანიძის განცხადებით, მერიამ სკოლებიდან შემოსულ ყველა განცხადებაზე მოახდინა რეაგირება.

XS
SM
MD
LG