Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქოუჩინგის 3D პერსპექტივა


ავტორი: ეკატერინე ბაბუნაშვილი

ერთხელ წავაწყდი ძალიან კარგ ციტატას ქოუჩინგზე: ”საუკეთესო გზა იმისთვის რომ გაიგოთ როგორ მუშაობს ქოუჩინგი არის - ქოუჩთან მიღებაზე ჩაწერა”. სწორედ ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობა იმ პროფესიის ათვისებისკენ, რასაც ქოუჩინგი ჰქვია. ქოუჩთან მუშაობის შემდეგ რამდენიმე თვეში ჩავეწერე ქოუჩინგის სასწავლო პროგრამაზე, შემდეგ დავიწყე კლიენტებთან მუშაობა და საბოლოოდ ავიღე პროფესიონალი ქოუჩის დიპლომი. ეს გზა არცოდნიდან პროფესიონალად ჩამოყალიბებამდე თითქოს ერთ ამოსუნთქვაში გავიარე, არადა, დროც დასჭირდა და საკმაო ძალისხმევაც. ასეა ყოველთვის, როდესაც იპოვი შენს მოწოდებას, საქმეს, რომელიც იმდენად გეხალისება, რომ სირთულეებთან ერთად მოტივაციაც მატულობს და... მიდიხარ გამარჯვებამდე.

ქოუჩინგის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICF) განსაზღვრებით, “ქოუჩინგი წარმოადგენს კლიენტთან პარტნიორობას, დამაფიქრებელი და შემოქმედებითი პროცესის მეშვეობით, რომელიც კლიენტის პირადი და პროფესიული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას უწყობს ხელს”. ქოუჩინგი არის პროცესი, რომელიც იძლევა ნოყიერ ნიადაგს სწავლისა და პიროვნული ზრდისთვის. ამასთანავე, წარმატების მიღწევის ხერხებსა და გზას ირჩევს კლიენტი. ქოუჩინგის პროცესი არ გულისხმობს რჩევა-დარიგებების მიცემას მისი მიმდინარეობის არცერთ ეტაპზე. პარტნიორული ურთიერთობა და რეკომენდაციების არარსებობა არის ორი ძირითადი განმასხვავებელი, რაც გამოარჩევს ქოუჩინგს კონსულტირების, ტრენინგისა და მენტორინგისგან.

ქოუჩინგის “პირადი” შემადგენელი

“მე შემიძლია გავაკონტროლო მხოლოდ ის, რის შესახებაც ვიცი. ის, რისი შესახებაც არ ვიცი, მაკონტროლებს მე. არ არსებობს ორი ერთნაირი სხეული და გონება. განა შემიძლია გითხრათ როგორ გამოიყენოთ თქვენი? მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გააცნობიეროთ როგორ, შესწავლით” (Sir John Whitmore, Coaching For Performance Nicholas Brealey Publishing; 4th Revised edition edition (14 May 2009)). ქოუჩთან მუშაობა და ქოუჩად მუშაობა ერთმანეთს ჰგავს. ორივე შემთხვევაში პროცესი დაკავშირებულია პიროვნების ტრანსფორმაციასთან და მოვლენის დანახვასთან პრიზმის განსხვავებული მხრიდან. ქოუჩინგის პროცესში მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ განკითხვას, როგორც ასეთს, ადგილი არ მოეძებნება შენს ცხოვრებისეულ პოზიციაში და სულ უფრო მეტად ამჩნევ ადამიანთა შინაგან სიმდიდრეს, პოზიტიური განწყობა კი შენი ყოველდღიური თანამგზავრია. პიროვნული ზრდა, შეცნობის პროცესი, სწრაფვა პოზიტივისკენ სიღრმისეულად ცვლის ჩვენს ემოციურ კალაპოტს და მიმართავს მას ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის, ასევე, გამარჯვებისკენ. შინაგანი ტრანსფორმაცია კი ცვლილებებს უდრის. ასეთია ქოუჩინგის ცხოვრებისეული განტოლება.

ქოუჩინგის “მათემატიკური” შემადგენელი

ქოუჩ-ტექნოლოგიების განხილვისას, პროფესიონალმა ქოუჩმა ერთხელ მითხრა: “ეს ხომ უბრალო მატემატიკური მოდელებია!” საკმაოდ გაკვირვებული დავრჩი ვინაიდან, განათლებით ეკონომისტს, მათემატიკა არცთუ ცუდად მესმის. მოგვიანებით კი, როდესაც თვითონ ვეუფლებოდი ქოუჩის პროფესიას, აღმოვაჩინე, რომ მათემატიკა მართლაც არის ქოუჩ-ტექნოლოგიების განუყოფელი ნაწილი. ჩემთვის კარგად ნაცნობი “დეკარტის კოორდინატთა სისტემა” საფუძვლად უდევს ქოუჩ-ტექნიკებს და შედეგზე ორიენტირებული ქოუჩინგის პროცესს კიდევ უფრო პროდუქტიულსა და საინტერესოს ხდის. მაგალითად, “პარეტოს პრინციპის” გამოიყენება ქოუჩინგში მარტივად შეიძლება უბრალო, მაგრამ სასარგებლო შეკითხვის დასმით: სამსახურში, დღიური სამუშაო დროის რომელ 20%-ში აკეთებთ საქმის 80%-ს? ასევე, ფართოდ გამოიყენება ქოუჩინგში ფორმულა: წარმატება= პოტენციალს - ჩარევა. თუკი გავაკეთებთ დაშვებას, რომ ჩარევა=0, მაშინ პოტენციალი მთლიანადაა რეალიზებული და ადამიანი აღწევს წარმატებას. ესეც სიტყვიერი მათემატიკა!

ქოუჩინგის “სპორტული” შემადგენელი

ჩემთვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ქოუჩინგის, როგორც ცალკეული დისციპლინის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს სპორტსმენებმა. გასაგებია, რომ ტერმინი ქოუჩიც სპორტიდან მოდის. თიმოთი გალვეიმ (ყოფილი ტენისის მოთამაშე, ტენისის გუნდის კაპიტანი), სერ ჯონ ვიტმორმა (ყოფილი ავტომრბოლელი), ტომას ლეონარდთან და მერლინ ატკინსონთან ერთად დიდი როლი ითამაშეს ქოუჩინგის ფორმირებაში. “შიდა თამაში” ასე უწოდა ქოუჩინგის ტრანსფორმაციულ პროცესს თიმოთი გალვეიმ. მასში იგულისხმება გარკვეული სპორტული ჟინი და ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ გვინდა მოვიპოვოთ წარმატება, ვისახავთ მიზნებს და გვსურს მივაღწიოთ პიროვნულ თუ პროფესიულ ზრდას, ჩვენ, პირველ რიგში, უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება საკუთარ თავზე - გავიმარჯვოთ შიშებზე, რომლებიც შეიძლება გვაწუხებდეს, სიზარმაცეზე, სხვადასხვა შიდა წინააღმდეგობაზე. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ჯეროვნად შეაფასებს საკუთარ პოტენციალს, მოხდება ფასეულობათა გადაფასება, იგი განიცდის შიდა ტრანსფორმაციას და თითქოს ამჩნევს თუ როგორ იცვლება სამყარო მის გარშემო, ჩნდება განსხვავებული შესაძლებლობები და ცხოვრება, შესაძლოა ახალ მნიშვნელობასაც იძენს. ამ დროს ბევრი ადამიანი ამბობს: ამ მოვლენას უკვე სხვაგვარად ვუყურებ... განსხვავებული ინტერესები გამიჩნდა... აღარ ავღელდები, ამისი მოგვარება ხომ მარტივია... და ა.შ. ეს ცვლილება მეტყველებს იმაზე, რომ თვითონ ადამიანმა შეიცვალა დამოკიდებულება მის გარშემო არსებული სამყაროს მიმართ, გაფართოვდა თვალსაწიერი. ჯერ კიდევ 1974 წელს თიმოთი გალვეი წერდა თავის წიგნში “ტენისის შიდა თამაში” (ეს წიგნი ითვლება ერთ-ერთ ფუძემდებლურ ნაშრომად ქოუჩინგში): “შენი მთავარი მოწინააღმდეგე არის არა ის მოთამაშე, რომელიც დგას ბადეს მიღმა, არამედ მთავარი მოწინააღმდეგე შენშია...” “...და მხოლოდ მაშინ, როდესაც მოიპოვებ გამარჯვებას შენს შიდა მოწინააღმდეგეზე” იმ პროცესის მეშვეობით, რომელსაც ავტორი “შიდა თამაშს” (The Inner Game) უწოდებს, “შეძლებ სძლიო მოწინააღმდეგეს ბადის მიღმა”.(Gallwey, W. Timothy (1974). The Inner Game of Tennis (1st ed.). New York: Random House.)

დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ცხოვრების ტემპი დაჩქარებულია, კომპანიები მუშაობენ მზარდი კონკურენციის პირობებში და სულ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იპოვო ბალანსი პირად ცხოვრებასა და პროფესიულ განვითარებას შორის. დროა დავარღვიოთ წესები და შევხედოთ სამყაროს ახლებურად, კეთილდღეობა ჩვენს შეხედულებებსა და მიდგომებშია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG