Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საბა“, რომელიც გვაღელვებს


22 სექტემბერს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, „საბას“, რიგით მე-12 დაჯილდოებას. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ პოეტი ანდრო ბუაჩიძე, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი, დრამატურგი მანანა დოიაშვილი, მწერალი ბასა ჯანიკაშვილი და პუბლიცისტი ბიძინა მაყაშვილი, გამოავლინა გამარჯვებულები ათ ნომინაციაში. ამასთან, ჟიურის წევრებს წელს მოუწიათ არჩევანის გაკეთება რეკორდულად დიდი რაოდენობის წიგნებს შორის: 340 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე მოხვდა მხოლოდ 47 წიგნი. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ თერთმეტიდან ათმა გამარჯვებულმა პირველად მიიღო პრემია „საბა“. ლაურეატთა შორის არიან რადიო თავისუფლების თანამშრომლები - გიორგი გვახარია და ეკა ქევანიშვილი.

2014 წლის „საბა“ გამორჩეული გამოდგა როგორც საკონკურსო ტექსტების დიდი რაოდენობით, ასევე ხარისხითაც: პირველივე ნომინაციაში - საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტში - ჯილდო ორად გაიყო. Toresa Mossy, იგივე ვახო მოსიაშვილი, დაჯილდოვდა წიგნისათვის “სიბრძნე სიცრუისა”, ხოლო ლია ლიქოკელმა პრემია მიიღო პოეტური კრებულისთვის „დევის ცოლის სიცილი“. ფრაგმენტი კრებულში შესული ლექსიდან:

ჯიმშერი რეხვიაშვილი 26 09 14
please wait

No media source currently available

0:00 0:15:12 0:00
გადმოწერა

„დილა იყოს.

ჭალებზე ნისლი იყოს.

მთის კალთებზე ბურუსიდან რბილად ჩამოხირბლილი მზე იყოს.

ჩემი სახლის წინ ქვებს შორის ამოხალსამწვანებული ბალახი იყოს.

ტყიდან გუგულის ხმა იყოს.

წყაროსთან ტირიფის ქვეშ მამაჩემის ზურგი იყოს.

დედაჩემის რეზინის ხელთათმანები და მოკრეფილი ჭინჭარი იყოს.

სახლის კართან ჩემი ძმის მაღალყელიანი ბოტები იყოს.

ეზოში შარშანდელი თივის ნარჩენი იყოს.

ნაზამთრტოტებჩატეხილი ვაშლის ხეები იყოს...“

„დევის ცოლის სიცილი“ ლია ლიქოკელის პირველი პოეტური კრებულია. როგორც თავად პოეტი ამბობს, ლექსების წერა სამი წლის წინ დაიწყო, რაც დაუჯერებლად მოჩანს მისი პოეტური სამყაროს სისავსისა და ეპიკურობის, დახვეწილი ენისა და სტილის გამო. მაინც რა გამოცდილებასა და ცოდნას ეფუძნება ლია ლიქოკელის ლექსები? ამ კითხვის პასუხად ახალგაზრდა პოეტი ამბობს, რომ ყველაფრის თავი და თავი ხევსურეთი და პატარა სოფელი ბარისახოა, სადაც სკოლის დამთავრებამდე ცხოვრობდა.

ლია ლიქოკელი
ლია ლიქოკელი

„’დევის ცოლის სიცილი’ - ამ სათაურის ლექსი დიდწილად მითოსზე დაყრდნობით დაიწერა. ხევსურეთში გავიზარდე და სულ მქონდა იმის შეგრძნება, რომ გარშემო არის ძველი სამყაროს ნარჩენები. თითქოს ყველაფერი თანამედროვეა, მათ შორის ლექსიკაც თანამედროვეა, მაგრამ გარშემო სულ არის ძველი ნარჩენები, მაგრამ არა ძველი დროის, არამედ თვითონ იმ მითოსური სამყაროსი. ეს ლექსი ასე დაიწერა: არის ხევსურეთში ერთი მიტოვებული სოფელი, მხოლოდ რამდენიმე ფიჭვი დგას და მხოლოდ ამით გამოირჩევა ეს ადგილი. იქ მხოლოდ ნასახლარებია და არასოდეს ვყოფილვარ. მისასვლელი ბილიკიც კი აღარ არსებობს, რომ მიხვიდე. გამიჩნდა შეგრძნება, რომ იქ რაღაც ცხოვრებაა. იქ ყველაფერი ერთადაა. იქ მარადიული სამყოფელია, რომელშიც ჩემი პერსონაჟები, დევი და სხვა სახეები ჩვენთან ერთად თანადროულად არსებობენ. როგორც ჩანს, დიდი გავლენა აქვს იმ ამბებს, ზღაპრებს, რომლებსაც ვისმენთ და რომლებთან ერთადაც ვიზრდებით. თავიდან ამაზე არ მიფიქირია, ეს მერე დავიწყე არქაული ამბების მოყოლა თანამედროვე ლექსიკით“, უთხრა ლია ლიქოკელმა რადიო თავისუფლებას.

ლია ლიქოკელი იმასაც ამბობს, რომ წერისა და შემოქმედების ერთგვარი პირველი ბიძგი ერლომ ახვლედიანის ტექსტებიდან მიიღო:

როდესაც დავასრულე წერა და გადავავლე თვალი ნამუშევარს, მივხვდი, რომ ჩემთვის ეს იყო ტექსტი, რომელშიც ადამიანი ეძებს თავის თავს, ცდილობს შექმნას თავისგან პიროვნება და ამ პროცესის დროს ექცევა ძალიან ბევრი სიცრუის გავლენის ქვეშ...
Toresa Mossy

„ხშირად მითქვამს, რომ ძალიან მიყვარს ერლომ ახვლედიანი, რომლის ტექსტები ჯერ კიდევ მაშინ წავიკითხე, როცა არ ვწერდი. როგორც კი გავეცანი, მაშინვე მივხვდი, რომ სულ სხვა მხრიდან, რომელსაც მე ვერ ვხედავ ხოლმე, შეიძლება საგნების დანახვა. სხვანაირად შეიძლება ამბის მოყოლა. იშვიათად თუ წერს ვინმე ასე. როგორც კი წავიკითხე ეს ტექსტები, გავიფიქრე: უი, ყველაფერი შეიძლება თურმე“.

ლია ლიქოკელმა, როგოც უკვე ვთქვით, პრემია „საბა“ გაიყო კიდევ ერთ დებიუტანტ ავტორთან, Toresa Mossy-სთან, რომლის სადებიუტო და აწ უკვე გამარჯვებულ რომანს „ხმამაღალი“ სათაური აქვს: „სიბრძნე სიცრუისა“. საინტერესოა, რატომ ესესხა „საბას“ ახალბედა ლაურეტი დიდ სულხან-საბასა და მისი იგავ-არაკების კრებულს?

„როდესაც დავასრულე წერა და გადავავლე თვალი ნამუშევარს, მივხვდი, რომ ჩემთვის ეს იყო ტექსტი, რომელშიც ადამიანი ეძებს თავის თავს, ცდილობს შექმნას თავისგან პიროვნება და ამ პროცესის დროს ექცევა ძალიან ბევრი სიცრუის გავლენის ქვეშ. ცდილობს თავი დააღწიოს ამ სიცრუეებს და ნამდვილი არსი მოიხელთოს. როდესაც დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა დამერქმია, მივხვდი, რომ თუ ამ თემაში ვარ, უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებ. ცხადია, რომ სულხან-საბას ეს ფორმულა გენიალური და კარგია. სხვა სათაურზე რომ მეფიქრა, ეგ უფრო ამბიციური განაცხადი იქნებოდა, თითქოს მე უკეთესად მოვიფიქრე ამ კონცეპტის ფორმულა, ამიტომ გადავწყვიტე დამერქმია „სიბრძნე სიცრუისა“, უთხრა Toresa Mossy-მ რადიო თავისუფლებას.

Toresa Mossy
Toresa Mossy

Toresa Mossy, გარდა იმისა, რომ ქმნის მხატვრულ ლიტერატურას, მუშაობს მუსიკალურ პროექტებზე და აქვეყნებს ბლოგ-პოსტებს, რომელთა დიდი ნაწილი ეძღვნება ქალაქს, მის გავლენას ადამიანებსა და საზოგადოების ყოფაზე. საინტერესოა, როგორ ასახვას პოვებს ავტორის ეს ორი ვნება - ქალაქი და მუსიკა - მის ტექსტებზე?

„შევეცადე ქალაქი ყოფილიყო გარკვეულწილად პერსონაჟი და ამის გამო სივრცე აღარ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც მოქმედება ხდება. ამ სივრცის ხასიათი შემოდის ტექსტში და დიდწილად კონფლიქტსაც ქმნის პერსონაჟთან, მის ცხოვრებასთან და ის, რაც ხდება, ამ ქალაქის ხასიათიდან გამომდინარეც ხდება. რაც შეეხება მუსიკას, წიგნში არის მუსიკა. პერსონაჟს აქვს თავისი საუნდტრეკები. მეც სულ მაქვს მუსიკა, რომელიც მიჰყვება ცხოვრების მოცემულ ეტაპს. სულ ვამბობ, რომ ბიტლზმა მე გადამარჩინა: ბავშვობაში, როცა ოჯახის მიღმა არსებული გარემო უფერული და ნაცრისფერი იყო, მუსიკის წყალობით შეიძლება შეიცვალოს და გახდეს სხვანაირი, ამან კი მიბიძგა აზროვნებისკენ, ალტერნატიული გზის არჩევისკენ და ამან მომიყვანა აქამდე და დღეს ვარ ის, რაც ვარ. შესაბამისად, რომანის პერსონაჟის ცხოვრებაშიც მუსიკა ასრულებს დიდ როლს“, უთხრა Toresa Mossy-მ რადიო თავისუფლებას.

ყველაზე პრესტიჟულ, წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში კი „საბას“ ჟიურიმ გამარჯვებულად დაასახელა ზვიად კვარაცხელიას რომანი „ფორმა N100", რომელსაც კონკურსის მეორე ეტაპზე მეტოქეობას უწევდა ლაშა ბუღაძისა და აკა მორჩილაძის რომანები - Lucrecial 515 და „მორიდებული ზურმუხტი“. ზვიად კვარაცხელიას თქმით, მისი რომანის მთავარი პერსონაჟია ცოდვა, მანკიერი ქმედება, რომელიც სხვა პერსონაჟებს აერთიანებს და მთელი ცხოვრების განმავლობაში ზემოქმედებს მათზე:

ზვიად კვარაცხელია
ზვიად კვარაცხელია

„ეს არის მთავარი პერსონაჟების - ერთი გოგოსა და ბიჭების ამბავი. თვითონ მთხრობელიც ჩართულია ამ მოვლენებში და, შეიძლება ითქვას, ეს სიყმაწვილისდროინდელი ამბავი განსაზღვრავს მათ ცხოვრებას, ბედსა და არჩევანს. სათაურად აღებული მაქვს „ფორმა N100", რაც არის როგორც ავადმყოფობის ისტორია, ხატოვნად რომ ვთქვათ, ასევე ჯანმრთელობის ცნობაც - რა ჩანაწერებია გაკეთებული ამ შენს ავადმყოფობის ისტორიაში სხვადასხვა დროს - და თითოეული პერსონაჟი თავისი მოქმედებით, თავისი ცხოვრებით და არჩევანით მკითხველის წინაშე წარმოადგენს თავისი ავადმყოფობის ისტორიას“.

ზვიად კვარაცხელიას გამარჯვებულ რომანს, „ფორმა N100"-ს, მაღალი შეფასება მისცა „საბას“ ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ანდრო ბუაჩიძემ:

ყოველთვის ახასიათებდა აზროვნების დიდი თავისუფლება პოეზიაში. არანაირი შეზღუდვა არ აქვს. ბევრს ეშინია წეროს გულახდილად, არადა პოეტი აუცილებლად უნდა იყოს გულწრფელი. მას ასევე აშკარად აქვს პოეტური ჭვრეტა სამყაროსი. პოეზიამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოს პოეტურობა...
ანდრო ბუაჩიძე

„გამორჩეული იყო ეს ტექსტი იმით, რომ ზვიად კვარაცხელიამ საკმაოდ რთული ამოცანა დაუსახა თავის თავს. იქ არის რაღაც კრიმინალური, თხრობის თავისებურება... ფორმითაც ძალიან თანამედროვეა ზვიად კვარაცხელიას რომანი. ესაა ფსიქოლოგიური რომანი, რომელიც აგებულია საინტერესო სტრუქტურით. უსიუჟეტო თხრობაა, მაგრამ არის რაღაც გამჭოლი ხაზი რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან პერსონაჟებსა და თვითონ ამბავს, რაც ხდება ტექსტში“.

ანდრო ბუაჩიძის თქმით, 2014 წლის „საბა“ უთუოდ გამორჩეული აღმოჩნდა მაღალი ხარისხის ლიტერატურით. განსაკუთრებით მძაფრი კონკურენცია იყო საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში, სადაც პირველ ეტაპზე 52 კრებული იქნა წარდგენილი, თუმცა მეორე ეტაბზე გასულ ხუთ ავტორს შორის ჟიურიმ ეკა ქევანიშვილი და მისი „სახლის გაყიდვა“ გამოარჩია. აი, რას ამბობს „საბას“ ახალ ლაურეატზე ჟიურის წევრი, პოეტი ანდრო ბუაჩიძე:

„ყოველთვის ახასიათებდა აზროვნების დიდი თავისუფლება პოეზიაში. არანაირი შეზღუდვა არ აქვს. ბევრს ეშინია წეროს გულახდილად, არადა პოეტი აუცილებლად უნდა იყოს გულწრფელი. მას ასევე აშკარად აქვს პოეტური ჭვრეტა სამყაროსი. პოეზიამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოს პოეტურობა. პოეტი უნდა იყოს თანამედროვე, მაგრამ თანამედროვე არ ნიშნავს იმას, რომ პოეზიის მაგივრად წერო პროზა, ვერ ინარჩუნებდე პოეტურ სიმაღლეს, ლირიზმს. პოეზიამ თავისი თავი არ უნდა დაკარგოს და ეკა ახერხებს იმას, რომ პოეზია პოეზიად დარჩეს და, იმავდროულად, იყოს თანამედროვე“.

ანდრო ბუაჩიძე ამბობს, რომ კარგად იცნობს „საბას“ ახალი ლაურეატის შემოქმედებას, რომელსაც 15 წელზე მეტია აკვირდება. საქმე ისაა, რომ ეკა ქევანიშვილი 1997 წლიდან იბეჭდება წამყვან ლიტერატურულ გამოცემებში, ხოლო მისი პოეტური კრებულები - „ჭორია“ და „აქ ნუ დადგებით“ - ორჯერ იყო ნომინირებული „საბას“ ფინალურ ეტაპზე. მაინც, ვინ არიან ეკა ქევანიშვილის ლექსების პერსონაჟები? ვისი ხმა და გულისტკივილი ისმის მისი ტექსტებიდან?

ეკა ქევანიშვილი
ეკა ქევანიშვილი

„ვფიქრობ, რომ ეს არის ეტაპობრივი ამბავი: თავიდან, როცა წერას იწყებ, ხარ მეტად სანტიმენტალური, შენს ამბებს ჰყვები ტრაგიკულ სიყვარულზე თუ ჩვეულებრივ ადამიანურ ტკივილზე, მაგრამ გადის დრო, იზრდები როგორც ადამიანი, როგორც პოეტი და ხვდები, რომ შენი ამბები სადღაც დასრულდა და ახლა სხვის ტყავში უნდა შეძვრე, რათა სხვისი ტკივილი გაიგო. ლიტერატურაც ეს არის, რომ აღარ გააიგივონ შენი ტექსტები მაინცდამაინც შენთან და მოჰყვე სხვისი ამბები. ვინ არიან ეს სხვა ადამიანები? ყველგან, სადაც არის უსამართლობა! ეს არის იგივე მაღაროს მუშა, რომლის უფლებებსაც არ იცავენ.;ეს არის ეკლესია, რომელიც არღვევს ვიღაცის უფლებას; პოლიცია, რომელიც ძალადობს ანდა ხელისუფლება, რომელიც რაღაცის გამო არ მოგწონს...“

ფრაგმენტი ეკა ქევანიშვილის ლექსიდან:

ბატონო პრემიერო, ისე მაინტერესებს,

სადაც არ გიცნობენ, იქ მაინც თუ შეგიძლიათ

მარტო სიარული, ადამიანივით?

და ტანსაცმელს თქვენით ყიდულობთ

თუ უკვე ეგეც სხვების საქმეა?

ნეტა, როგორია, ბატონო პრემიერო,

უცებ ნიგვზიანი ბადრიჯანი რომ გინდება და

ხიზილალის მოცუცქნული ბუტერბროდები უნდა მიირთვა -

რომელიმე იდიოტურ მიღებაზე.

ნეტა, ფეხები თუ გეყინებათ, ბატონო პრემიერო.

რა ვიცი, რამე ჩვეულებრივი მინდა გკითხოთ.

მაგალითად, თქვენი მამა რომ მაღაროში მუშაობდეს და

უცებ მაღარო ჩამოინგრეს, რას იგრძნობდით.

მარტივ რამეებს გეკითხებით, ბატონო პრემიერო და მინისტრო.

რა კარგი იქნებოდა, არა, ისეთ ქვეყანაში რომ გვეცხოვრა,

სადაც ეკლესიის არ შეგეშინდებოდათ...“

მინდა, რომ პოეზია გულებს ხვრეტდეს! მინდა, რომ მიზანში ხვდებოდეს, ადამიანებს აღიზიანებდეს - ეს მგონია, ზოგადად, პოეზიის დანიშნულება. ვფიქრობ, რომ მე ვარ მოქალაქე-პოეტი...
ეკა ქევანიშვილი

ეკა ქევანიშვილი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ლექსებმა გულგრილი არ დატოვოს მკითხველი საზოგადოება, მკაფიო პუბლიცისტური ძარღვი კი, დაჭიმული პოლიტიკური და სოციალური პრობლემებით, თავისი შემოქმედების მთავარ ღირსებად მიაჩნია:

„მინდა, რომ პოეზია გულებს ხვრეტდეს! მინდა, რომ მიზანში ხვდებოდეს, ადამიანებს აღიზიანებდეს - ეს მგონია, ზოგადად, პოეზიის დანიშნულება. ვფიქრობ, რომ მე ვარ მოქალაქე-პოეტი, რომელსაც აქვს მკვეთრად გამოხატული სათქმელი გარკვეულ მტკივნეულ თემებსა და მოვლენებზე, რომლებიც ამ ქვეყანაში ხდება! არ შემიძლია გვერდზე გადგომა. მე ვარ ამ ტალახის, ამ ქუჩის, ამ ხალხის ნაწილი!

ბუნებრივია, პუბლიცისტური სიმკვეთრით გამორჩეული იყო ესეისტიკასა და დოკუმენტური პროზის ნომინაციაში წარდგენილი ტექსტები, რომელთა შორის ჟიურიმ უყოყმანოდ გამოარჩია გოგი გვახარიას „ცრემლიანი სათვალე“, გასული წლის ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული მოვლენა - წიგნი, რომელშიც უაღრესად საინტერესოდ არის აღწერილი, გაანალიზებული და დანახული საქართველოს უახლოესი წარსული. ლიტერატურის კრიტიკოსების შეფასებით, შთამბეჭდავია ტექსტის როგორც სტრუქტურა, ასევე თხრობის ტექნიკა, თუმცა თავად გოგი გვახარია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ცრემლიანი სათვალე“ არის არა მწერლის, არამედ კინომცოდნის ტექსტი. და კიდევ:

გოგი გვახარია
გოგი გვახარია

„ვიტყვი, რომ ეს არის არა მემუარები, არამედ ანტიმემუარები. შესაბამისად, ის ფაქტები, რომლებიც მოხდა და მახსოვდა, შეიძლება ითქვას, კოლაჟურად არის წარმოდგენილი ამ წიგნში. პრინციპში, კოლაჟია მთელი ეს წიგნი და მკითხველის მოვალეობაა გააერთიანოს ეს ფაქტები და თვითონ მიმართოს ინტერპრეტაციას. არ მოველოდი ჩემი წიგნის ასეთ წარმატებას. ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ „საბაზე“, ვგულისხმობ ზოგად წარმატებას. ალბათ, მკითხველს მოსწონს და სიამოვნებს აღადგინოს ის ფაქტები, რომელიც ახსოვს და შემდეგ თავად მიმართოს ინტერპრეტაციას“.

იმ ადამიანების სპექტრი, ვინც ჟიურის წევრობა შეიძლება გასწიოს, ძალიან მცირეა. გარდა ამისა, როგორც მე ვიცი, ძალიან დაბალია ჟიურის წევრების ანაზღაურება და მათ არ უღირთ იმ შრომის გაწევა და შემდეგ კოლეგებთან კონფლიქტში შესვლა...
ლელა კოდალაშვილი

„საბას“ ჟიურიმ ასევე დაასახელა გამარჯვებეულები შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო პიესა“, „საუკეთესო პროზაული კრებული“, „საუკეთესო თარგმანი“, „ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოურენოვანი თარგმანი“ და „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“. აღსანიშნავია, რომ პრემია „საბას“ აქვს შთამბეჭდავი საპრიზო ფონდი და, პრესტიჟულობიდან გამომდინარე, ითვლება ქვეყნის ნომერ პირველ ლიტერატურულ პრემიად, თუმცა, ამის მიუხედავად, „საბას“ არც კრიტიკოსები აკლია. მათ შორისაა მწერალი ლელა კოდალაშვილი, რომლის თქმითაც, კონკურსის კონიუნქტურობას განაპირობებს შეზღუდული ლიტერატურული სივრცე და ლიტერატორთა მცირე რაოდენობა, რომლებისთვისაც უფრო მნიშვნელოვანია არა ლიტერატურის ხარისხი, არამედ ნაცნობობა და პირადი ურთიერთობები, რის გამოც პრემიები ხშირ შემთხვევაში გაიცემა სახელებზე და არა ტექსტებზე:

„ჟიური კი ახლდება განუწყვეტლივ, მაგრამ მისი რიგი წევრებისა მუდმივად ერთნი არიან. ამასთან, იმ ადამიანების სპექტრი, ვინც ჟიურის წევრობა შეიძლება გასწიოს, ძალიან მცირეა. გარდა ამისა, როგორც მე ვიცი, ძალიან დაბალია ჟიურის წევრების ანაზღაურება და მათ არ უღირთ იმ შრომის გაწევა და შემდეგ კოლეგებთან კონფლიქტში შესვლა. ძირითადად, ალბათ, ამას გაურბიან და ამის გამო ბევრი არ თანხმდება ჟიურის წევრობაზე. აქვე ვიტყოდი, რომ ნახევარი იმ ადამიანებისა, რომლებიც ჟიურის წევრებად მოიაზრებიან ხოლმე, არაკომპეტენტურები არიან იმ საქმისთვის, რისთვისაც დაიქირავეს“.

ასევე გამოითქმის ეჭვი, რომ ტექსტების ნაწილს ჟიური საერთოდ წაუკითხავად იწუნებს. ეჭვის საფუძველს იძლევა შეზღუდული დრო და საკონკურსოდ წარდგენილი წიგნების დიდი რაოდენობა: წელს ჟიურის 7 თვეში 340 წიგნი უნდა წაეკითხა. თუმცა ამგვარ ეჭვებსა და კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევს „საბას“ წლევანდელი ჟიურის წევრი ანდრო ბუაჩიძე:

„ამგვარი ორაზროვანი საუბარი სულ მოჰყვება „საბას“ იმ დროიდან, რაც დაარსდა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს ეჭვები არასწორია. რაც შეეხება ნეგატიური მნიშვნელობის გამოხმაურებებს, ის ადამიანები, რომლებიც დამარცხდნენ და რომლებმაც ვერ მოიპოვეს ჯილდო, მათი ნაწილი ძალიან მწვავედ გამოხატავს თავის რეაქციას - ბოროტად და ინტრიგანულად! ეს ხალხი ვერ ეგუება იმას, რომ დამარცხდა, თუმცა ეს დამარცხება სულაც არაა, როცა გადიხარ მეორე ტურში და ხვდები მოკლე სიაში! თანაც, სამწუხაროდ, სხვანაირად არ ხდება - საბოლოოდ იმარჯვებს მხოლოდ ერთი!“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG