Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა ისწავლონ თუ არა ბავშვებმა რელიგია სკოლაში


„უნდა ისწავლებოდეს თუ არა რელიგია, როგორც საგანი, სკოლაში?" – სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით ეს კითხვა საქართველოში არაერთხელ დასმულა. 30 სექტემბერს კი კლუბ „ფრონტლაინში“ ჟურნალ „ლიბერალის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიას ამ თემის წამოსაწევად ახალი საფუძველი ჰქონდა: 12 სექტემბერს გამართულ კონფერენციაზე, სახელწოდებით „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება“, რამდენიმე თვის წინ შექმნილი უწყების - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს - ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა,რელიგია სკოლებში ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდესო. ამ ინიციატივამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: საზოგადოების ერთი ნაწილი ინდოქტრინაციის საფრთხეზე ლაპარაკობს და მიიჩნევს, რომ სკოლებში რელიგიის საგნის შემოღებით შესაძლოა დაირღვეს დემოკრატიული და სეკულარული სახელმწიფოს პრინციპები. საინტერესოა, რომ საქართველოს საპატრიარქო რელიგიის, როგორც ცალკე საგნის, სკოლებში სწავლების მომხრეთა რიგებში არ არის.

გაკვეთილების ცხრილი, მაგალითად, ორშაბათი, ვთქვათ, მესამე გაკვეთილი - რელიგია. გვინდა თუ არა ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს სკოლის გაკვეთილების ცხრილში გაჩნდეს ასეთი საგანი? ამ შეკითხვას სახელმწიფომ 2005 წელს ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიღებით გასცა პასუხი, როდესაც თქვა, რომ რელიგიის სწავლება სკოლაში სავალდებულო აღარ იქნებოდა. თუმცა 9 წლის შემდეგ ეს კითხვა ისევ აქტუალური ხდება - თანაც იმ ფონზე, როდესაც, მიუხედავად კანონში არსებული ჩანაწერისა, საქართველოს სკოლებში კვლავაც გვხდება ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის, სხვა რელიგიის წარმომადგენელთა დისკრიმინაციის შემთხვევები, რასაც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის გამოკვლევებიც ადასტურებს. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა, მაგალითად, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, რომლის წარმომადგენელი, ლინა ღვინიანიძე, რომელიც „ლიბერალის“ მიერ გამართულ დისკუსიას უძღვებოდა, აცხადებს, რომ სკოლა დღემდე ვერ იქცა რელიგიური ორგანიზაციებისგან თავისუფალ სივრცედ. გავიხსენოთ, რა დოზით და რა ფორმით ისწავლება დღეს რელიგია სკოლებში.

ეს ამბავი მშობელთა კრებაზე აღმოვაჩინე. ვთქვი, რა საჭიროა ბავშვებთან მღვდელი მოვიდეს-მეთქი და მშობელთა უმრავლესობამ კინაღამ ჩამქოლა. მე არ მომწონს ეს და არ მგონია სწორი, სკოლაში აწვდიდნენ ამ ინფორმაციას...
ერთ-ერთი მშობელი

„განათლების დღეს არსებული სისტემა და პოლიტიკა რელიგიას არ დევნის განათლების სისტემიდან. რელიგია არის არაერთი სახელმძღვანელოს შინაარსის ნაწილი. გარდა ამისა, მოსწავლეებს შეუძლიათ თავისი სურვილით აირჩიონ და ისწავლონ ის რელიგია, რომელიც მათ სურთ. სკოლას ასევე შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს რელიგიის სწავლება, თუმცა ამას, ცხადია, არა აქვს სავალდებულო ხასიათი“, - ასეთია კონტექსტი, რომელიც დღეს არსებობსო, განმარტავს ლინა ღვინიანიძე.

თბილისში, მაგალითად, არის სკოლები, სადაც, მშობლების სურვილით, კვირაში ერთხელ მოსწავლეებს სასულიერო პირი ხვდება და ლექციას უტარებს. „ფაქტობრივად, ქადაგებაა“, - გვეუბნება ერთ-ერთი ასეთი კერძო სკოლის მშობელი:

„ეს ამბავი მშობელთა კრებაზე აღმოვაჩინე. ვთქვი, რა საჭიროა ბავშვებთან მღვდელი მოვიდეს-მეთქი და მშობელთა უმრავლესობამ კინაღამ ჩამქოლა. მე არ მომწონს ეს და არ მგონია სწორი, სკოლაში აწვდიდნენ ამ ინფორმაციას. ჩემი შვილი, მაგალითად, ამ ინფორმაციას ზუსტად ისე იღებს, როგორც, ვთქვათ, მათემატიკის გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას და შემდეგ ანალიზში რთავს“.

სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს საწყისი ცოდნა ძირითად მეცნიერულ დისციპლინებში, ხოლო თუ მათ აქვთ სურვილი, რომ ჰქონდეთ გარკვეული ცოდნა და ინფორმაცია რელიგიისა და აღმსარებლობის შესახებ, მაშინ შესაძლოა მშობლებთან და დირექციასთან შეთანხმებით მოხდეს ამ საგნის - ოღონდ არა სავალდებულო სახით, არამედ ფაკულტატური სახით - ჩართვა სასწავლო პროცესში...
ზურაბ ვარაზი

რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს? როგორც ირკვევა, მისი და რელიგიების სააგენტოს პოზიციები ერთმანეთისას არ ემთხვევა. „ლიბერალის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე საპატრიარქოს შეხედულება საზოგადოებას გააცნო ზურაბ ვარაზმა, რომელიც საპატრიარქოს სოციალური დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.მან თქვა,რადგან ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან, ხოლო საჯარო სკოლა არის სახელმწიფოს ნაწილი, მის მიერ კონტროლირებადი, ამიტომ რელიგია სკოლაში არ უნდა ისწავლებოდესო:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს საწყისი ცოდნა ძირითად მეცნიერულ დისციპლინებში, ხოლო თუ მათ აქვთ სურვილი, რომ ჰქონდეთ გარკვეული ცოდნა და ინფორმაცია რელიგიისა და აღმსარებლობის შესახებ, მაშინ შესაძლოა მშობლებთან და დირექციასთან შეთანხმებით მოხდეს ამ საგნის - ოღონდ არა სავალდებულო სახით, არამედ ფაკულტატური სახით - ჩართვა სასწავლო პროცესში. ეს შესაძლოა იყოს ერთგვარი ციკლი საგანმანათლებლო ლექციებისა, რომელშიც არც ნიშნები დაიწერება და არც გამოცდას ჩააბარებს ვინმე“.

ზურაბ ვარაზი ფიქრობს, რომ სკოლაში რელიგიის სავალდებულო სწავლება კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას, მით უმეტეს მაშინ, როცა საღვთო სჯულზე ღიად ლაპარაკი დაიწყება. ის მიიჩნევს, რომ თუ მშობელი მოისურვებს მისმა შვილმა მართლმადიდებლური აღმსარებლობით იცხოვროს, ეკლესიაში იაროს და ჰყავდეს მოძღვარი, ამას რელიგიის სკოლაში სწავლების გარეშეც მოახერხებს. საპატრიარქოს უკვირს, რატომ წამოიწია ამ თემამ ხელახლა.

ახლახან შექმნილი რელიგიების სახელმწიფო სააგენტოში კი აცხადებენ, რომ სკოლაში რელიგიის სწავლების ინიციატივა არ არის უბრალო ახირება და მას საფუძვლად უდევს ორი კონკრეტული მოცემულობა - რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში და, ზოგადად, საზოგადოების ინტერესი რელიგიის მიმართ.

საფრთხე იქნება შემდეგი: ვერ ასწავლიან ჯეროვნად, როგორც საჭიროა, და ისევ დაბრუნდება ინდოქტრინაციის ახლა უკვე სავალდებულო ფორმა სკოლაში. ეს არაფერს შეცვლის, თუ არ დაძაბავს სიტუაციას და გააღრმავებს იმ უფსკრულს, რომელიც უკვე არსებობს თემებს შორის...
რუსუდან გოცირიძე

„ჩვენი თვითმიზანი არ არის აუცილებლად რელიგიის სწავლება. ჩვენი მიზანია,რომ ჩვენს მრავალფეროვან საზოგადოებაში დაიძლიოს არსებული გაუცხოება და ამის კარგი საშუალებაა ის, რომ არსებობდეს სადმე ობიექტური, ნეიტრალური და აკადემიური ინფორმაცია რელიგიების შესახებ და ეს ადგილი, ჩვენი აზრით, შეიძლება იყოს სკოლა“, - ამ სიტყვების ავტორი, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ მეტრეველი, განმარტავს, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ინიციატივაა, რომელზეც მსჯელობა ღირს, და იქვე შენიშნავს, რომ კურსის საწყის ეტაპზე მოსწავლეებს უნდა აუხსნან, თუ რა არის, ზოგადად, რელიგიის ფენომენი და რას ნიშნავს რწმენა, ხოლო შემდგომ ასწავლონ, რა შინაარსისაა ესა თუ ის რელიგია.

ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ რელიგიის, როგორც სავალდებულო საგნის, სკოლის პროგრამიდან ამოღების შემდეგ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებზე წნეხი ნამდვილად შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიის სწავლებამ, მისივე თქმით, არაფორმალურად სხვა საგნების ფორმატში მაინც გადაინაცვლა. რუსუდან გოცირიძე აცხადებს, რომ მას ყველაზე მეტად სწამს განათლების ძალის, თუმცა ამ ეტაპზე ვერაფრით გაამართლებს რელიგიის ცალკე საგნად სკოლაში დაბრუნების იდეას. ეს არ არის გამოსავალი, ამბობს რუსუდან გოცირიძე:

„მე ვფიქრობ, რომ საფრთხე იქნება შემდეგი: ვერ ასწავლიან ჯეროვნად, როგორც საჭიროა, და ისევ დაბრუნდება ინდოქტრინაციის ახლა უკვე სავალდებულო ფორმა სკოლაში. ეს არაფერს შეცვლის, თუ არ დაძაბავს სიტუაციას და გააღრმავებს იმ უფსკრულს, რომელიც უკვე არსებობს თემებს შორის. ამ განათლების მიღება, ჩემი აზრით, არამც და არამც არ უნდა მოხდეს საკლასო ოთახის სივრცეში. ეს შესაძლოა დაევალოს მედიას, სხვა არაერთი ღონისძიების მოფიქრება და დაგეგმვა შეიძლება, სკოლებიც შეიძლება ჩაერთონ, ოღონდ სხვა ფორმით, როცა სიმდიდრედ ჩაითვლება მრავალფეროვნება“.

განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნათია ჯოხაძის ინფორმაციით, რელიგიის ისტორიის საკითხები სკოლებში სოციალური მეცნიერებების ბლოკშია ინტეგრირებული და ისწავლება ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა და გეოგრაფიის ფარგლებში. ნათია ჯოხაძის აზრით, ეს ასეც უნდა დარჩეს:

„ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ რელიგია, როგორც საგანი, ცალკე დისციპლინად არ გამოვიტანოთ და ის დარჩეს ასე ინტეგრირებულად სხვა საგნების სწავლების დროს“.

ინდოქტრინაციის თვალსაზრისით, სკოლებში არსებულ ვითარებას „მწვავედ“ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე, რომელიც ამბობს, ყველაზე დიდ პრობლემად ეს საკითხი საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემისათვის იქცაო:

„ისინი საუბრობენ, რომ იმ სკოლებშიც კი, იმ რეგიონებში, სადაც მუსლიმი მოსახლეობა უმრავლესობას წარმოადგენს, მასწავლებლები ბედავენ ისლამის შეურაცხყოფას, მის როგორც მტრის რელიგიად შეფასებას და საუბარს იმაზე, რომ ქართველი მუსლიმის იდენტობა მიუღებელია და რომ ეს ისტორიული შეცდომაა“.

არც ერთ მსგავს ფაქტზე, თამთა მიქელაძის განცხადებით, სახლმწიფოს - კონკრეტულად კი, განათლების სამინისტროს - რეაგირება არ მოუხდენია. ეს შესაძლოა იმით აიხსნას, რომ ამ კონკრეტული პედაგოგების უკან დგას მთელი თემი, ხშირად სასულიერო პირები და მათი დასჯა რაიმე ფორმით, ფაქტობრივად, ნიშნავს უმრავლესობისათვის ღია კონფლიქტის დაწყებას. თუმცა თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს, თუ, ცხადია, მას სურს იქცეს დემოკრატიულ საზოგადოებად.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG