Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის აღმოსავლეთში შეტაკებების ფონზე კიევში ვიქტორია ნულანდი ჩავიდა


ამერიკის ფინანსური დახმარების გაზრდა იყო მთავარი თემა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიქტორია ნულანდის შეხვედრაზე კიევში. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკული დახმარების კონტექსტში მხარი გაესვა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შემუშავებულ ანტიკორუფციულ პროექტს. 7 ოქტომბერს გაიმართება უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადას რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ანტიკორუფციული კანონპროექტის განხილვა იგეგმება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტის ფონია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად შეტაკებების განახლება აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკში, სადაც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული ძალები ცდილობენ ხელთ იგდონ აეროდრომი, რომელსაც სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. საარტილერიო დაბომბვის შედეგად დონეცკის გარეუბანში წუხელ სამი ადამიანი დაიღუპა. უკრაინაში ნულანდისა და პოროშენკოს შეხვედრაზე ხაზი გაესვა მინსკის შეთანხმებათა შესრულების აუცილებლობაზე, რაც დონეცკსა და ლუგანსკის რაიონებში რუსეთ-უკრაინის საზღვრის სრულ კონტროლს გულისხმობს. იუწყებიან, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უკრაინაში პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სტუდენტებსაც შეხვდება.

XS
SM
MD
LG