Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიდუმლოებით მოცული პროფესორი ჰააგი


"პროფესორი" ლორენც ჰააგი
"პროფესორი" ლორენც ჰააგი

გერმანელი პროფესორი ლორენც ჰააგი - ასე მოიხსენიებენ რუსეთის მედიაში მამაკაცს, რომელსაც ხშირად ეკითხებიან აზრს. ის, როგორც წესი, ხოტბას ასხამს კრემლს და ამართლებს უკრაინაში რუსეთის მოქმედებას. მაგრამ, როგორც ირკვევა, პროფესორი ჰააგი არ არის პროფესორი ჰააგი ...

კაცს, რომელსაც რუსეთის მედიაში პროფესორ ჰააგად მოიხსენიებენ, თამამად შეიძლება ეწოდოს კრემლის აპოლოგეტი. რუსეთის მედიაში ხშირად მოჰყავთ მისი შეფასებები, რომლებსაც მიეკუთვნება პრეზიდენტ პუტინის ქება, უკრაინაში რუსეთის ნაბიჯების დაცვა, მოსკოვის მიმართ დასავლეთში პოზიციის შერბილების საჭიროება და სხვ.

მაგრამ პროფესორი ჰააგი, როგორც ირკვევა, არ არის პროფესორი და, მის წოდებასთან ერთად, გამოგონილია ორგანიზაციაც, რომელსაც ის ხელმძღვანელობს: “გლობალური კომუნიკაციების სააგენტო“.

ლორენც ჰააგის ექსპერტობით პირველი დაეჭვდა ბერლინში მცხოვრები რუსი ისტორიკოსი, დმიტრი ხმელნიცკი. „პროფესორი ლორენც ჰააგი, „გლობალური კომუნიკაციის სააგენტოს“ ხელმძღვანელი, არსებობს მხოლოდ „იტარ-ტასის“ კორესპონდენტთა წარმოსახვაში. ისინი მას რეგულარულად და მრავალი წელია უსვამენ შეკითხვებს, როგორც „გერმანელ ექსპერტს“, წერდა ხმელნიცკი, რომელიც არქიტექტურის ისტორიის ექსპერტია, 6 ოქტომბერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში.

მისი ძიების შედეგს, რომ პროფესორი ლორენც ჰააგი გერმანიაში არ არსებობს, ადასტურებს რუსი ბლოგერი პაველ გნილორიბოვიც. მისი მონაცემებით, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასმა“ 2007 წელს შექმნა ფიქტიური პროფესორი. „რუსეთის მედიას ყოველთვის უძნელდებოდა უცხოელი რუპორების პოვნა. „იტარ-ტასის“ თანამშრომლებმა ყველა ღონე იხმარეს, გამოიგონეს გერმანელი პროფესორი რეზიუმეთი და წოდებით“, - წერს თავის ბლოგში პაველ გნილორიბოვი.

პროფესორ ჰააგის გამოგონების შემდეგ, მას რუსი ჟურნალისტების ყურადღება არ დაჰკლებია. განსაკუთრებით აქტიურობდა „იტარ-ტასის“ კორესპონდენტი ვლადიმირ სმელოვი. სხვათა შორის, „იტარ-ტასს“ ისევ „ტასი“ დაარქვეს, საბჭოთა პერიოდის სახელწოდება. ლორენც ჰააგის მოსაზრებები წლების მანძილზე ვრცელდებოდა გამოცემებში, როგორიცაა „იზვესტია“, „ვზგლიადი“, „დუელი“. პროფესორი ჰააგი მხარს უჭერდა ხოლმე სამხრეთ ოსეთში რუსეთის შეჭრას, გმობდა აშშ-ის გეგმას პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების განთავსების შესახებ, ხოტბას ასხამდა საბჭოთა კავშირის როლს მეორე მსოფლიო ომში, აღტაცებული იხსენებდა იური გაგარინის კოსმოსური მისიის ისტორიულ მნიშვნელობას.

„ტას“-თან ერთ-ერთ ინტერვიუში ჰააგს ისიც აქვს ნათქვამი, გერმანიაში ბევრისთვის გასაგებია ყირიმის მიმართ რუსეთის მოქმედება და ყირიმელების სურვილი, შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციასო.

მაინც რისი სპეციალისტია ლორენც ჰააგი? ამის დადგენას ჩვენი რადიო შეეცადა, მაგრამ ამაოდ. ჩვენმა კოლეგებმა ვერსად მიაგნეს მონაცემებს ვერც მის აკადემიურ კარიერაზე და ვერც მის ორგანიზაცია „გლობალური კომუნიკაციების სააგენტოზე“. მაგრამ მიაგნეს მის სურათს ეკონომიკური ინოვაციის ინსტიტუტის ვებსაიტზე. ეს ინსტიტუტი აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ კემნიცში მდებარეობს. ლორენც ჰააგი მოხსენიებულია ინსტიტუტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ. მოყვანილია მისი ტელეფონის ნომერიც. მაგრამ დარეკვა შეუძლებელი აღმოჩნდა: ნომერი დარეგისტრირებული არ არის...

ისტორიკოსი დმიტრი ხმელნიცკი, რომელიც პირველი დაეჭვდა ლორენც ჰააგის სამეცნიერო კარიერით, ამბობს, რომ ჰააგი თავის დროზე მუშაობდა ე.წ. უშიშროების აკადემიაში - გერმანიაში დაფუძნებულ ორგანიზაციაში, რომელსაც კავშირი ჰქონდა რუსეთის უშიშროების სამსახურთან. აკადემია 2008 წელს დაიხურა - მას შემდეგ, რაც გერმანიის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას იყენებდნენ რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ აგენტების გადასაბირებლად.

ყველა ამ ბრალდებას, როგორც ჩანს, გულგრილი არ დაუტოვებია ლორენც ჰააგი. საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ 10 ოქტომბერს გამოაქვეყნა ყალბი ექსპერტის კომენტარი: ის, რაც „ტასთან“ საუბარში მაქვს ნათქვამი, არის გერმანიაში არსებული თვალსაზრისი, რომელსაც ბევრი იზიარებსო. და კიდევ: ლორენც ჰააგმა, თავის მხრივ, დაადანაშაულა დმიტრი ხმელნიცკი, რომ ის თვითმარქვია ისტორიკოსია.

XS
SM
MD
LG