Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის აზრით, ალასანიას და ფანჯიკიძეს არ ჩაჰქონდათ სწორი ინფორმაცია დასავლეთში


საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს „სერიოზული ეჭვები“, რომ ირაკლი ალასანია და მაია ფანჯიკიძე „მიზანმიმართულად“ მუშაობდნენ, რათა არ მიეწოდებინათ რეალობის ამსახველი ინფორმაცია ევროპისა და შეერთებული შტატებისათვის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 ნოემბერს განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას: „როცა ირაკლი ალასანია ჩადიოდა ევროპაში, ამერიკაში, ღიად აცხადებდა, რომ სააკაშვილის დროს მიღწეული რეფორმები იყო სამაგალითო და მას უნდა დავეფუძნოთ ჩვენ. ანუ, იქ საუბარი არ ყოფილა იმ სადისტურ რაღაც მკვლელობებზე, წამებებზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, იმ დარღვევებზე ადამიანის უფლებების, რაზეც ახლა მიმდინარეობს გამოძიებები. და რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ამის გამგრძელებელი იყო მაია ფანჯიკიძეც“, - განაცხადა ღარიბაშვილმა სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციის შემდეგ.ამასობაში, ვაკანტური რჩება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობები. პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ კონსულტაციები გრძელდება და კანდიდატურებს უახლოეს ხანში დაასახელებს. ეს თანამდებობები მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა დატოვეს მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა 4 ნოემბერს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან დაითხოვა ირაკლი ალასანია.

XS
SM
MD
LG