Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნდობის ჯგუფი ითხოვს ე.წ. კაბელების საქმეში მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოებას


პარლამენტის ნდობის ჯგუფი ითხოვს ე.წ. კაბელების საქმეში მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოებას. ამის შესახებ განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჯგუფის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართეს მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოების თხოვნით. ე.წ. კაბელების საქმეზე, საქართველოში 28 ოქტომბერს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი. მათ ბრალად ედება ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის მითვისება-გაფლანგვა. 19 ნოემბერს გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში,მთავარმა პროკურატურამ სიცრუე უწოდა დაკავებულთა დაცვის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პროკურატურა მათ არ აძლევს საქმის მასალების გაცნობის საშუალებას. სინამდვილეში, მთავარი პროკურატურის განმარტებით, 2014 წლის 29 ოქტომბერს ხუთივე ბრალდებულსა და მათ ადვოკატებს დროებითი მოთავსების იზოლატორში წარუდგინეს საქმის მასალები. იმის გამო, რომ სისხლის სამართლის ამ საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს, ხოლო ადვოკატებს არ ჰქონდათ საიდუმლო დოკუმენტაციაზე დაშვების უფლება, მათ განუმარტეს, რომ ვერ გადასცემდნენ მასალებს. ამის შემდეგ, ბრალდებულების ადვოკატებმა უარი თქვეს იზოლატორში საქმის მასალების შესწავლაზე იმ მოტივით, რომ იქ არ იყო სათანადო პირობები დოკუმენტაციის გასაცნობად. მთავარი პროკურატურა 19 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, კვლავ სთავაზობს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობას, რისთვისაც მათ სარგებლობაში გადაეცემათ ოთახები საქმის მასალებით.

XS
SM
MD
LG