Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და "ოპეკი" არ აპირებენ ნავთობის მოპოვების შემცირებას


ნავთობის ექსპორტიორთა ორგანიზაცია „ოპეკის“ წევრები შეიკრიბებიან დღეს ვენაში მორიგ სხდომაზე. მოელიან, რომ სპარსეთის ყურის ნავთობმწარმოებელი ქვეყნები არ წავლენ ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. საუდის არაბეთის ნავთობის წარმოების მინისტრმა ალი ალ-ნაიმიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები ამაზე შეთანხმებული არიან. ეს გადაწყვეტილება ამცირებს „ოპეკის“ მხრიდან ნავთობის ფასის ივნისიდან დაწყებული ვარდნის შეკავებისთვის ერთობლივი მოქმედების ალბათობას. „ოპეკის“ სამმა წევრმა ქვეყანამ „როიტერზს“ განუცხადა, რომ მათი აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია „ოპეკმა“ რაიმე ზომები მიიღოს ხუთშაბათის შეხვედრაზე. ეს განსაკუთრებით ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ არ შეამცირებს ნავთობის წარმოებას. თუკი 27 ნოემბრის შეხვედრაზე „ოპეკი“ გადაწყვეტს შეინარჩუნოს ნავთობის მოპოვების ახლანდელი დონე, ეს ნიშნავს ფასების ომის დაწყებას. საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის სხვა მწარმოებელი ქვეყნები შეძლებენ გაუძლონ ფასების ომს, დიდი სავალუტო რეზერვების წყალობით. გაცილებით რთული იქნება ვითარებასთან გამკლავება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა ვენესუელა და ირანი. საუდის არაბეთის ნავთობის წარმოების მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ მოელოდა ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციას. რუსეთი არ არის „ოპეკის“ წევრი. ორგანიზაციამ ვერ მოახერხა რუსეთთან მოლაპარაკებით ნავთობის ბაზარზე ნედლეულის სიჭარბის საკითხის მოგვარება.

XS
SM
MD
LG