Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფიცვას განაგრძობს რკინიგზელთა ნაწილი


გაფიცვას განაგრძობს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელთა ნაწილი. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენელმა თემურ ბერაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ გაფიცულებს რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გუშინ გააცნეს ახალი სახელფასო ბადე, რომელიც ბერაძის თქმით, ხელფასის შემცირებას გამოიწვევს. „თუ აქამდე იმის გამო ვმართავდით აქციას, რომ ხელფასის მომატება გვინდოდა, დღეს უკვე გაფიცულები იმის გამო ვართ, რომ არსებული ხელფასი არ შეგვიმცირონ“ - განაცხადა თემურ ბერაძემ. რკინიგზის ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ თანამშრომლებზე ზეწოლა ხდება და შვებულებაში მყოფი მემანქანეები და მათი თანაშემწეები სამუშაოდ იძულებით გაჰყავთ, რათა გაფიცულები შეცვალონ. პროფკავშირების განცხადებითვე, რკინიგზის ადმინისტრაციამ გაფიცული თანამშრომლები არაკვალიფიციური პირებითაც შეცვალა, რასაც გასულ ღამით სამი შემთხვევა მოჰყვა, მათ შორის სუფსაში, სადაც მატარებელმა წითელ შუქნიშანზე გაიარა და სალიანდაგო ისარი გაჭრა. „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში დაადასტურეს, რომ სამგზავრო მატარებელმა დღეს დილით დააგვიანა თბილისიდან ოზურგეთში ჩასვლა, თუმცა მიზეზად ელმავალზე შექმნილი ტექნიკური პრობლემა დაასახელა.

XS
SM
MD
LG