Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საქართველოს გამოუყოფს 44.5 მილიონი ევროს გრანტს


15 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის" (DCFTA) განხორციელებაში და კერძო სექტორის განვითარებაში. საფინანსო შეთანხმების ხელმოწერით იწყება 44.5 მილიონი ევროს მოცულობის ახალი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების გაძლიერებას ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში. 15 იანვარსვე შედგა იოჰანეს ჰანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა. როგორც "ინტერპრესნიუსი" საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხები: "მე აქ ვარ, რათა გამოვხატო ევროკავშირის დიდი დაფასება საქართველოს ყველა იმ ძალისხმევის მიმართ, რასაც თქვენი ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოების კუთხით იჩენს. სავიზო ლიბერალიზაციის იმპლემენტაციის პირველმა ფაზამ წარმატებით ჩაიარა და დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე ეტაპიც სრული წარმატებით დასრულდება", - განაცხადა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, მხარეებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებზე. იოჰანეს ჰანის განცხადებით, ევროკავშირი ვერ შეეგუება ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტის ვერანაირი სახის ხელყოფას. იოჰანეს ჰანი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის რანგში საქართველოს პირველად სტუმრობს.

XS
SM
MD
LG