Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა იტალიაში დაღუპული მამა ილია კარტოზია


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო თავდადებისთვის სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი ილია კარტოზია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არქიმანდრიტი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისთვის და განსაკუთრებული პიროვნული მამაცობისთვის დაჯილდოვდა. მამა ილია კარტოზია იმყოფებოდა ბორანზე Norman Atlantic-ზე, რომელსაც გასული წლის 28 დეკემბერს ადრიატიკის ზღვაში ხანძარი გაუჩნდა. იტალიის პრესის ინფორმაციით, ქართველმა სასულიერო პირმა სამაშველო ნავზე ადგილი ბავშვს და ქალს დაუთმო. ილია კარტოზიას დაღუპვის ფაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა 31 დეკემბერს. არქიმანდრიტის ცხედარი იტალიიდან საქართველოში 18 იანვარს ჩამოასვენეს. ილია კარტოზიას 20 იანვარს დაკრძალავენ მცხეთაში, მამათა მონასტრის ეზოში.

XS
SM
MD
LG