Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტებმა უკრაინელ სამხედროებს დებალცევოს ჩაბარება შეთავაზეს


პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა უკრაინელ სამხედროებს დებალცევოს ჩაბარება და იარაღის დაყრა შეთავაზეს, სანაცვლოდ კი ქალაქიდან თავისუფლად გასვლის პირობების უზრუნველყოფას დაპირდნენ. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა, რომ კიევი ასეთ წინადადებებს არ განიხილავს. მანვე აღნიშნა, რომ დებალცევოს კვლავაც უკრაინის ძალები აკონტროლებენ. სეპარატისტები ირწმუნებიან, რომ დებალცევოსთან ალყაში მოაქციეს რამდენიმე ათასი უკრაინელი სამხედრო. კიევი უარყოფს ინფორმაციას. მოხალისეთა პოლკ „აზოვის“ მეთაურმა ანდრეი ბილეცკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ მარიუპოლთან ახლოს მდებარე შიროკინოს დასახლებაში ცეცხლი შეწყვეტილია და დასახლებული პუნქტი ორად არის გაყოფილი - დასავლეთ ნაწილს უკრაინელი სამხედროები, აღმოსავლეთს კი სეპარატისტთა ძალები აკონტროლებენ, დასახლების ცენტრზე ბუფერული ზონა გადის. ბილეცკის სიტყვებით, საარტილერიო იერიშების შედეგად განადგურებულია საცხოვრებელი სახლების 60-70%. დაზვერვის მონაცემებით, ნოვოაზოვსკის მიმართულებით წინ წაიწია სამხედრო ტექნიკის კოლონამ რუსეთიდან. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში ბრძოლაში დაიღუპა უკრაინის 5 სამხედრო, 25 კი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG