Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორია ნულანდი გიორგი მარგველაშვილს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საქმეებში, ვიქტორია ნულანდს შეხვდა. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეებმა ის ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის ვითარდება. მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები. „ის ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა განვიხილეთ, რომელიც ქართულ-ამერიკულ მხარეებს შორის ვითარდება და დიდი იმედით მომავალი თანამშრომლობის გეგმები დავსახეთ. ქალბატონი ნულანდი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივით და განვითარების სწრაფი ტემპით დაინტერესდა“, -- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. დღევანდელ შეხვედრას გიორგი მარგველაშვილთან ერთად პრეზიდენტის მრჩევლები, ადმინისტრაციის უფროსი და უშიშროების საბჭოს მდივანი ესწრებოდნენ. ვიქტორია ნულანდმა კავკასიის ქვეყნებში მოგზაურობა დაიწყო ბაქოში, საიდანაც ის თბილისში ჩავიდა, იქიდან კი,18 თებერვალს, ერევანს ეწვევა. აზერბაიჯანის დედაქალაქში ნულანდი შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. როგორც ნულანდმა ბაქოში ჟურნალისტებს უთხრა, 17 თებერვლის შეხვედრათა თემები იყო ორმხრივი ურთიერთობა და სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის საკითხი. ნულანდმა თქვა, რომ ის მთიან ყარაბაღში დატყვევებული აზერბაიჯანელი ოფიცრების საკითხს აღძრავს ერევანში სომხეთის ოფიციალურ წარმომადგენელთან შეხვედრისას 18 თებერვალს.

XS
SM
MD
LG