Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა უკრაინის, მოლდავეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელთა კონსულტაცია


საქართველოს ინიციატივით, თბილისში გაიმართა უკრაინის, მოლდავეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელთა კონსულტაცია, რომელსაც მინისტრების მოადგილეები ოლენა ზერკალი, იულიან გროზა და გიგი გიგიაძე ხელმძღვანელობდნენ. უკრაინის და მოლდავეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიც. მისი განცხადებით, სამი ქვეყანა საერთო მიდგომებით წარსდგება ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე, რომელიც მაისში, რიგაში გაიმართება. თამარ ბერუჩაშვილის განმარტებით, თბილისის მიერ ინიცირებული სამმხრივი დიალოგის მიზანია ევროინტეგრაციის პროცესში საერთო პოზიციების შეთანხმება, თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების გაზიარება, რასაც რიგის სამიტისთვის მზადების პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ამავე ფორმატით გაიმართება საქართველოს, უკრაინის და მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორმატი იქნება ძალიან წარმატებული, რადგან ჩვენ გვაერთიანებს სერიოზული ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური კავშირები, მკაფიო განცხადება სამი ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ და მიუხედავად გამოწვევებისა და სირთულეებისა, სამივე ქვეყნის ხალხი ერთგულია თავისი ევროპული არჩევანის", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. მისი შეფასებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის დიალოგს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ საგარეო გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც სამივე ქვეყანა აღმოჩნდა მათი ევროპული არჩევანის გამო. "ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ყირიმის ანექსია და კონფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთში და გაყინული კონფლიქტი დნესტრისპირეთში, რაც წარმოადგენს რუსეთის აშკარა მცდელობას, ზეწოლა განახორციელოს და სამ ქვეყანას ევროპულ არჩევანზე უარი ათქმევინოს“ - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. მისივე თქმით, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი მტკიცედ მისდევენ ევროპულ არჩევანს და ევროპულ გზას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამი ქვეყანა სათანადოდ აფასებს მათი ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერას და მის აქტიურ როლს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. "ამასთან, მოვუწოდებთ ევროკავშირს, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩართულობა ჩვენი ქვეყნების და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების ხელშეწყობის და ევროპული არჩევანის დაცვის მიზნით", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელია და ამ პროცესში უმთავრესი პრიორიტეტი ასოცირების შეთანხმების წარმატებით შესრულებაა.

XS
SM
MD
LG