Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ავღანეთში თავდამსხმელებმა იერიში მიიტანეს პროკურატურის ოფისზე


ჩრდილოეთ ავღანეთის ქალაქ მაზარ-ე შარიფში შეიარაღებულმა პირებმა იერიში მიიტანეს პროკურატურის ოფისზე. პოლიციის წარმომადგენლებმა და თვითმხილველებმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრეს, რომ რეგიონის პროკურატურის ოფისში შევიდა სამი შეიარაღებული პირი და ცეცხლი გაუხსნა დაცვის წევრებს. როგორც იუწყებიან, დაიღუპა ორი პოლიციელი და მძევლად აიყვანეს 10-მდე პროკურორი. ექიმების ცნობით, საავადმყოფოში მიიყვანეს სულ მცირე შვიდი დაჭრილი, მათ შორის ერთი ბავშვი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, თავდამსხმელებს სამხედრო ფორმა ეცვათ. ერთი დღით ადრე, აღმოსავლეთის ქალაქ ჯალალაბადში ავღანელმა ჯარისკაცმა მოკლა ამერიკელი სამხედრო და დაჭრა კიდევ რამდენიმე პირი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ეშტონ კარტერმა განაცხადა, თავდასხმა შეგვახსენებს, რომ ავღანეთი კვლავ საშიშ ადგილად რჩებაო. მისი თქმით, ქვეყნიდან ნატოს კოალიციის სამხედროები უმეტესობის გასვლის შემდეგ კვლავ ბევრი რამაა გასაკეთებელი ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდასაჭერად.

XS
SM
MD
LG