Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი დაუმძიმდა


პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ გიორგი სოსანაშვილს. ამის მიზეზი გახდა გამოძიებით დადგენილი ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც ცხადყო, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობასთან. „აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გიორგი სოსანაშვილს ბრალდება დაუმძიმდა განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, გიორგი სოსანაშვილს თავდაპირველად ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისათვის ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

XS
SM
MD
LG