Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა წამოაყენა ახალი მოთხოვნა მოლაპარაკებების პროცესში


6 ივლისს ვენაში გამართულ მოლაპარაკებებზე გაიმართა კამათი გაეროს მიერ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გამო დაწესებულ სანქციებზე. ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატის თანახმად, მანამდე ეს საკითხი ირანთან მოლაპარაკებებზე არ წამოჭრილა და არც აპრილში მიღწეულ ჩარჩო-შეთანხმებაში შესულა. თუმცა, „ირანელებს სურთ ბალისტიკურ რაკეტებზე სანქციების მოხსნა. ჩვენ ამის არანაირი სურვილი არ გვაქვს“, - განაცხადა დასავლელმა დიპლომატმა. ვენაში მოლაპარაკებებზე მყოფმა ირანის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თეირანს სურს აგრეთვე გაუქმდეს გაეროს ემბარგო იარაღზე. აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს სურთ სანქციების შენარჩუნება, რომ ირანს არ ჰქონდეს წვდომა ჩვეულებრივ შეიარაღებაზე, რადგან ის კვლავაც რჩება ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებების მთავარ წამქეზებლად. აპრილში ჩარჩო-შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, აშშ-მა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი აკრძალვები ჩვეულებრივ შეიარაღებასა და ბალისტიკურ რაკეტებზე“ შევა გაეროს ნებისმიერ ახალ რეგულაციებში ირანის შესახებ. ასეთი აკრძალვები მნიშვნელოვანია ირანთან შეთანხმებაზე კონგრესის მხარდაჭერის შენარჩუნებისთვის. მას შემდეგ, რაც ირანმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმება უნდა „შეესაბამებოდეს ჩარჩო-შეთანხმებას“. ირანელმა მომლაპარაკებელმა განაცხადა „ირანი მოითხოვს გაეროს ყველა სანქციის, მათ შორის -ბალისტიკური რაკეტების შესახებ სანქციის გაუქმებას, როცა მოიხსნება გაეროს სანქციები“. ირანელი მომლაპარაკებელი აცნობიერებს, რომ ამაზე დათანხმება რთული იქნება დასავლელი მომლაპარაკებლებისთვის. დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთმა და ჩინეთმა მხარი დაუჭირეს იარაღზე გაეროს ემბარგოს გაუქმებას. ეს ემბარგო სხვა სანქციებთან ერთად 2007 წელს დაწესდა ირანის ბირთვული პროგრამის გამო.

XS
SM
MD
LG