Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოფიციალური განმარტება გაავრცელა გიგი უგულავას სარჩელზე


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოფიციალური განმარტება გაავრცელა პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მას შემდეგ, რაც 15 სექტემბერს, დღის პირველ საათზე მოსამართლე მერაბ ტურავა არ გამოცხადდა პლენუმის სხდომაზე, სადაც გადაწყვეტილების ხელმოწერის პროცედურა უნდა განხორციელებულიყო, სასამართლომ არაერთხელ შესთავაზა ხელმოწერა მისთვის სასურველ დროსა და ადგილას. “აღნიშნულ შეთავაზებაზე მან უარი განაცხადა, ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები დაასახელა მის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ შეძლებდა სასამართლოში მოსვლას. ამავე დროს იგი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ უნარიანი იყო, ხელი მოეწერა გადაწყვეტილებაზე” - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, 15 სექტემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე მერაბ ტურავასთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა, მისი ოჯახის წევრის განცხადებით კი, ამ დროს ტურავა უკვე იმყოფებოდა კლინიკაში და შეუძლებელი იყო მასთან კომუნიკაცია. „ვინაიდან მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმა საპატიო მიზეზის გარეშე წარმოადგენს კანონის დარღვევას, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო გონივრული დროით გადაეტანა გადაწყვეტილების გამოცხადება, რათა დარწმუნებულიყო, არსებობდა თუ არა კანონიერი საფუძველი მოსამართლის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმისთვის. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიიჩნევს განმეორებით მისცეს შესაძლებლობა მოსამართლე მერაბ ტურავას, რომ მან განახორციელოს კანონით დაკისრებული ვალდებულება. ამ მიზნით 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლო გეგმავს, უზრუნველყოს მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა მისი ადგილსამყოფელის მიხედვით", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე ნორმის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვისთვის წელს ივნისში მიიღო, გადაწყვეტილება კი 15 სექტემბერს უნდა გამოეცხადებინა. გიგი უგულავა პრობლემურად მიიჩნევს კოდექსის რამდენიმე ნორმას, მათ შორის იმ გარემოებას, რომ პატიმრობის გამოყენების ცხრათვიანი ვადა რამდენიმე ბრალდების საქმეზე დამოუკიდებლად აითვლება და შესაბამისად, ჯამში შესაძლოა 9 თვეს გადააჭარბოს.

XS
SM
MD
LG