Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ექიმები უსაზღვრებოდ“ ყუნდუზში მათი საავადმყოფოს დაბომბვის გამოძიებას ითხოვენ


ორგანიზაციამ „ექიმები უსაზღვრებოდ“ ავღანეთში, ყუნდუზში, საქმიანობა შეწყვიტა მას მერე, რაც მათი საავადმყოფო, როგორც ვარაუდობენ, აშშ-ის ავიაციამ დაბომბა და 22 ადამიანი მოკლა. ამ სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელიც მსოფლიოს არაერთ კუთხეში მოქმედებს და დახმარებას უწევს ომებისგან დაზარალებულებს, ასევე არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების მქონე მოსახლეობას, გამოაცხადა, რომ მოითხოვს გამოიძიონ ეს საქმე, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, საომარ დანაშაულს წარმოადგენს. საომარი დანაშაული, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების განმარტებით, სხვათა შორის, არის, მოკლედ რომ ვთქვათ, საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს აღიარებული კანონებისა და წესების მძიმე დარღვევა, რაც გულისხმობს სამოქალაქო პირებზე, ან სამოქალაქო ობიექტებზე, ან ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე განზრახ თავდასხმას, რასაც მსხვერპლი მოჰყვება. ქრისტოფერ სტოკსმა, გენერალურმა დირექტორმა ორგანიზაციისა „ექიმები უსაზღვრებოდ“, განაცხადა, იმის დიდი ვარაუდით, რომ ჩადენილია ომის დანაშაული, მოვითხოვთ სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას ამ მოვლენისა დამოუკიდებელი საერთაშორისო უწყების მიერო. სტოკსმა განაცხადა ასევე, რომ საავადმყოფოს დაბომბვა გრძელდებოდა კიდევ ერთი საათი მას მერე, რაც ავღანეთის არმიას და საერთაშორისო კოალიციას აცნობეს, რომ საავადმყოფოს ბომბები მოხვდა. ორგანიზაციამ დაადანაშაულა ვაშინგტონი, მისი შეფასებების შეუსაბამობაში, „თანმდევი ზარალიდან“ „ტრაგიკულ ინციდენტამდე“ და ავღანეთის მთავრობის პასუხისმგებლობამდე, არადა, წერია ორგანიზაციის განცხადებაში, „სინამდვილე ისაა, რომ აშშ-მა ჩამოყარა ბომბები“. ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ბარტ იანსენმა, „როიტერსის“ სააგენტოს განუცხადა, რომ საავადმყოფო უკვე ოთხი წელია იქ არსებობს, დიდი საავადმყოფოა, ტერიტორია ფეხბურთის მოედანს აღემატება ფართობითო. არაერთხელ გვქონდა კავშირი მათთან, ავღანეთის კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს მივაწოდეთ ჩვენი საავადმყოფოს ადგილმდებარეობის ზუსტი კოორდინატები. მართლა არ გვესმის, რატომ დაიბომბა საავადმყოფო და ჩვენ, ცხადია, არ შეგვიძლია დავეთანხმოთ პირველ რეაქციებში გამოთქმულ შეფასებას „თანმდევი ზარალის“ შესახებო. ორგანიზაციის განცხადებით, დაბომბვის დროს დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის, 12 ექიმი, 10 პაციენტი. 40 მძიმედ დაშავდა. საავადმყოფოში ამ დროს 105 პაციენტი და მათზე მზრუნველი, ასევე 80 უცხოელი და ადგილობრივი ექიმი იმყოფებოდა. „ექიმები უსაზღვრებოდ“ უარყოფს, რომ საავადმყოფოში მეომრებიც იყვნენ. კრისტოფერ სტოკსმა კატეგორიულად უარყო ავღანეთის ოფიციალური პირის მტკიცება, თითქოს საავადმყოფოს თალიბები აფარებდნენ თავს. საავადმყოფო, რომელიც ეკუთვნის ორგანიზაციას „ექიმები უსაზღვრებოდ“, ერთადერთია ჩრდილოეთ ავღანეთში, სადაც შესაძლებელია მძიმე ჭრილობების მკურნალობა. მისი დახურვა, თუნდაც დროებით, დამანგრეველ ზეგავლენას იქონიებს სამოქალაქო მოსახლეობის მდგომარეობაზე. ორგანიზაცია ვერ ამბობს, როდის შეიძლება ახლა საავადმყოფოს კვლავ ამოქმედება. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, უაღრესი სამძიმარი გამოაცხადა ამ ტრაგიკული ინციდენტის გამო. მისი თქმით, პენტაგონმა მომხდარის სრული გამოძიება დაიწყო, მაგრამ, კრისტოფერ სტოკსის თქმით, კონფლიქტის მონაწილის მიერ ჩატარებული გამოძიება არავითარ შემთხვევაში არ იქნება დამაკმაყოფილებელი. ნატომ მოგვიანებით აღიარა, დაბომბვის უკან შეიძლება აშშ-ის ავიაცია იყოსო. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ხელმძღვანელი ზეიდ ბაად ალ-ჰუსეინიც სრული და გამჭვირვალე გამოძიების მოწოდებით გამოვიდა და აღნიშნა, საავადმყოფოს დაბომბვა საომარ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნებაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG