Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: საქართველომ განაცხადა, რომ თავის მომავალს ხედავს ევროატლანტიკურ ალიანსში


„საქართველომ არაორაზროვნად განაცხადა, რომ თავის მომავალს ხედავს თავისუფალი ქვეყნების ევროატლანტიკურ ალიანსში და ეს არჩევანი არ არის მიმართული რეგიონის არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, პირიქით, ნატოსთან საქართველოს მჭიდრო კავშირი რეგიონულ უსაფრთხოებას კიდევ უფრო გააძლიერებს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებითვე, ბოლო წლებში საქართველომ აჩვენა, რომ მზად არის ნატოს მიზნების მისაღწევად გააკეთოს იმაზე მეტი, ვიდრე მოეთხოვება. „გასულ თვეში საქართველო გახდა მესამე ქვეყანა ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, რომელიც შეუერთდა ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებს და მას 130 მებრძოლი შემატა, აშშ-ის შემდეგ კი ჩვენ ყველაზე მეტი მებრძოლი გავგზავნეთ ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში და დღეს იქ 870 ქართველი მსახურობს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაშიც. სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვს ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. „სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა ე.წ. მოკავშირეობის და ინტეგრაციის შეთანხმებებს სოხუმსა და ცხინვალთან, რაც ცხადყოფს, რომ რუსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე უკანონო კონტროლს განავრცობს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაგმო მცოცავი ანექსია და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფა, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარე ოკუპაციის ფონზეც საქართველოს მთავრობა აუცილებლად მიიჩნევს რუსეთთან დიალოგს და პასუხისმგებლიან და პრაგმატულ ურთიერთობას. „მიუხედავად ამისა, ცალსახად ვამბობ, რომ ურთიერთობები რუსეთთან ვერ დალაგდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG