Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ჯგუფმა განცხადება გაავრცელა


აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მოქმედმა, დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელიც ვაშინგტონში 12 ნოემბერს გამართულ შეხვედრას შეეხება. განცხადება ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მხარეებმა დაადასტურეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის სამართლიანი, თანასწორი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს და პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ღია, პლურალისტური და დამოუკიდებელი სივრცის მნიშვნელობა. ამავე განცხადების თანახმად, აშშ-მა დადებითად შეაფასა ბოლო ხანს განვითარებული პროცესი, რომელიც იძლევა „რუსთავი 2“-ის სადავო საქმეზე სააპელაციო პროცედურების გაგრძელების შესაძლებლობას. ორივე მხარემ დაადასტურა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების მნიშვნელობაც. აშშ-მა საქართველო შეაქო სასამართლო სისტემაში, პროკურატურასა და შსს-ში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს ძალისხმევა გაგრძელდება და უფრო ფართოდ აისახება როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში. ორივე მხარემ აღნიშნა საქართველოს წარმატება სამართალდამცავი და უშიშროების სამსახურების, ადმინისტრაციული და წინასწარი პატიმრობის და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმებში, რაც სხვა რეფორმებთან ერთად კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და ქვეყანას ხელს უწყობს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების მიღწევაში. ამავე განცხადების თანახმად, აშშ-მა შეაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მიმართულია გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისკენ. მხარეებმა დაადასტურეს, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს პროგრესი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველსაყოფად. აშშ ასევე მიესალმა საქართველოში მიღებულ კანონს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის გაძლიერებას. სამუშაო ჯგუფმა აღიარა საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევაც ისეთი ინკლუზიური საზოგადოების შესაქმნელად, სადაც დაცულია ყველა ადამიანის, მათ შორის უმცირესობათა უფლებები. ჯგუფმა ასევე აღნიშნა რეგიონში საქართველოს მოწინავე პოზიცია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის ხელშესაწყობად და საქართველოს ძალისხმევა ებრძოლოს ადამიანებით ვაჭრობას.

XS
SM
MD
LG