Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა რუსეთის ელჩი გამოიძახა სირიაში საჰაერო კამპანიის საკითხზე


თურქეთი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი, რათა გააპროტესტოს რუსეთის თვითმფრინავების მიერ ჩრდილოეთ სირიაში იმ სოფლების „ინტენსიური“ დაბომბვა, რომლებშიც ეთნიკური თურქმენები ცხოვრობენ. ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ გამოვიდა ჟურნალისტების წინაშე, 20 ნოემბერს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც სირიაში თურქმენთა უმცირესობით დასახლებული სოფლების დაბომბვას შესაძლოა „სერიოზული შედეგები მოჰყვეს“. განცხადება რუსეთს მოუწოდებს „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი ოპერაცია.“ ამასთან, თურქეთმა თავისი „შეშფოთება და მოთხოვნები“ გადასცა ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საგანგებო წარმომადგენელს, მიხაილ ბოგდანოვს. ამ პროცესების ფონია პუტინის მიერ 17 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, რომ კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის რუსეთის საჰაერო თავდასხმათა კამპანიას. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დაადასტურა, რომ 31 ოქტომბერს ეგვიპტის თავზე რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდება ტერორისტული აქტის, აფეთქების შედეგი იყო. თვითმფრინავის ჩამოვარდნას ემსხვერპლა ბორტზე მყოფი ყველა, 224 ადამიანი. ამ აქტზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფებამ.

XS
SM
MD
LG