Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფციის აღქმის ინდექსი 2015 - არც წინ, არც უკან


კორუფციის აღქმის ინდექსი, რუკა
კორუფციის აღქმის ინდექსი, რუკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ 27 იანვარს გამოქვეყნებული კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, 2015 წლის მონაცემებით, მსგავსად წინა, 2014 წლისა, საქართველო 168 ქვეყანას შორის, 52 ქულით (100 შესაძლებელი ქულიდან), 48-ე ადგილს იკავებს. გასულ წელს ქვეყანაში არც მნიშვნელოვანი უკუსვლა დაფიქსირებულა და არც პროგრესი, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფციის საფრთხე ისევ არსებობს.

არც წინ, არც უკან. უფრო კი სტაბილურად ერთ ადგილას - ასე შეიძლება მოკლედ დახასიათდეს საქართველოში არსებული კორუფციის აღქმის ინდექსის მაჩვენებელი, რომელიც 27 იანვარს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა. საქართველოს, გასული წლის მსგავსად, ისევ ასიდან 52 ქულა აქვს და 168 ქვეყნიდან 48-ე ადგილზეა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კორუფციის აღქმის ინდექსის მეთოდოლოგიის თანახმად, ქვეყანაში კორუფციის დონის მნიშვნელოვან ცვლილებაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მაჩვენებელი 4 ან მეტი ქულით იმატებს ან იკლებს. შედეგები კი იმაზე მეტყველებს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში კორუფციის აღქმის დონე სტაბილურია და ამ პერიოდში არც მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირებულა და არც უკუსვლა. 2012 წელს საქართველოს მაჩვენებელი იყო 52 ქულა და 51-ე ადგილი, 2013 წელს - 49 ქულა და 55-ე ადგილი, ხოლო 2014-ში - კვლავ 52 ქულა და 50-ე ადგილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, ქვეყანაში კვლავაც არსებობს კორუფციის საფრთხე:

ეკა გიგაური
ეკა გიგაური

„საქართველოში დღესაც არსებობს ელიტური კორუფციის საფრთხე და საჭიროა ეფექტური მექანიზმის შექმნა, რომელიც ამ საფრთხეს შეამცირებს. ერთ-ერთი მექანიზმი, ვფიქრობთ, შესაძლოა იყოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, რომელიც დაექვემდებარება არა აღმასრულებელ ხელისუფლებას, არამედ საქართველოს პარლამენტს“.

წლევანდელი მაჩვენებელი, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ექსპერტები განმარტავენ, საუკეთესოდ ითვლება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. საქართველოს აქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე უნგრეთს, ხორვატიას, სლოვაკეთს, საბერძნეთს, იტალიას, ბულგარეთსა და რუმინეთს. 2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, კორუფციის დონე ყველაზე დაბალია დანიაში (91 ქულა), ფინეთსა (90 ქულა) და შვედეთში (89), ყველაზე მაღალი კი -ჩრდილოეთ კორეასა და სომალიში (8 ქულა).

კორუფციის ინდექსი მედიის თავისუფლების მაღალი მაჩვენებლით, ბიუჯეტის ხარჯების შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობით, ხელისუფლების სხვა შტოებისგან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობითა და მაღალი თანამდებობის პირების კეთილსინდისიერებით იზომება.

მაღალი რისკის სფეროებს, სადაც ელიტური თუ მაღალი დონის კორუფცია შესაძლოა გაჩნდეს, მიეკუთვნება სახელმწიფო შესყიდვების სფერო, პრემიები და ხელფასები, საჯარო სამსახურში დაწინაურება, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და ა.შ...
ერეკლე ურუშაძე

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი, ერეკლე ურუშაძე, განმარტავს, ორგანიზაციის კვლევა, როგორც წესი, ტენდენციების შეფასებას იძლევა:

„ეს გამოკვლევა აფასებს ქვეყნებში არსებულ ტენდენციებს და არა კონკრეტულ ფაქტებს, ხოლო მაღალი რისკის სფეროებს, სადაც ელიტური თუ მაღალი დონის კორუფცია შესაძლოა გაჩნდეს, მიეკუთვნება სახელმწიფო შესყიდვების სფერო, პრემიები და ხელფასები, საჯარო სამსახურში დაწინაურება, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და ა.შ...“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკის გაუმჯობესების მხრივ გადადგმული ნაბიჯებიდან რამდენიმეს გამოყოფს. მათ შორისაა: განახლებული ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება, ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც 2017 წლიდან თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ამოქმედებას გულისხმობს, და მამხილებელთა დაცვის კანონმდებლობის გაუმჯობესება.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრა, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა, დამოუკიდებელი, პროფესიული და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება და ა.შ.

გიორგი კლდიაშვილი
გიორგი კლდიაშვილი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, თავი იმით შეგვიძლია დავიმშვიდოთ,რომ კორუფციის მხრივ ქვეყანაში გაუარესება არ შეინიშნებაო. ის ამბობს, რომ კანონმდებლობაში რამდენიმე საჭირო ცვლილება, მართლაც, განხორციელდა, თუმცა შედეგებს მხოლოდ 2017 წელს ვიხილავთ:

„ეს შეეხება საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობას, შესყიდვების შესახებ კანონსა თუ კარიერული ზრდის პრინციპზე აგებულ საჯარო სამსახურს. ყველა ამ ცვლილების შედეგს ჩვენ მხოლოდ 2017 წელს ვიხილავთ“.

რაც შეეხება კორუფციის აღქმის ინდექსს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში,თურქეთში 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, ვითარება გაუარესებულია - თურქეთი წელს, 42 ქულით, 66-ე ადგილას გავიდა,ხოლო რუსეთი, 29 ქულით, 119-ე ადგილზეა. იგივე შედეგები აქვს აზერბაიჯანს. სომხეთში კი, ამ მხრივ, ვითარება შედარებით უკეთესია: ის 95-ე ადგილს იკავებს და 35 ქულა აქვს. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორუფცია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრობლემად რჩება. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ მხრივ ვითარება განსაკუთრებით გაუარესდალიბიაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ესპანეთსა და თურქეთში.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG