Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდის უფასო სასადილოს ბენეფიციართა პროტესტი


ზუგდიდის უფასო სასადილო
ზუგდიდის უფასო სასადილო

იანვრის თვეში ზუგდიდში მოქმედი უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა უკმაყოფილება არასათანადო მომსახურების მიზეზით რამდენჯერმე გამოთქვეს. თავდაპირველად მათი პრეტენზიები საკვების მიწოდების რამდენიმედღიან წყვეტას შეეხებოდა, მოგვიანებით კი პროტესტი უკვე კერძების უხარისხობამ გამოიწვია. ამ ეტაპზე, როგორც ბენეფიციარები ამბობენ, პრობლემა მოგვარებულია.

ზუგდიდის უფასო სასადილოში კვებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განსაზღვრულია 102 ათას 999 ლარი, რაც დღეში თითო ბენეფიციარზე, დაახლოებით, ერთ ლარსა და 32 თეთრს შეადგენს. დადგენილი ნორმის მიხედვით, ერთ კაცზე გათვლილია 200 გრამი პური და ამდენივე გრამი სხვა საკვები, რაც კვირის დღეების მიხედვით იცვლება.

მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი 230 ბენეფიციარისთვის ვალდებულების შესრულება დეკემბრის თვეში ტენდერში გამარჯვებულ შპს „ეფექტს“ ევალება. როგორც მისმა დირექტორმა ნატალია მეფარიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, გასულ თვეში საკვების მიწოდების ხუთდღიანი წყვეტა ქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებით თუ სხვა საჭირო პროცედურებით იყო გამოწვეული.

საკვების მიწოდების წყვეტაზე განმარტებების გაკეთება მაშინ მერიასაც მოუხდა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მურთაზ ბოკუჩავამ განცხადა, რომ ტენდერი, კანონის შესაბამისად, არ შეიძლებოდა გამოცხადებულიყო 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე, საფინანსო დოკუმენტი კი მხოლოდ 22 დეკემბერს მიიღეს და ტენდერის გამოცხადების პროცედურა მომდევნო დღესვე დაიწყო:

„შესყიდვების განყოფილებამ პროცედურები დაიწყო 23 დეკემბერს, მაგრამ, სამწუხაროდ, 31 დეკემბრის ჩათვლით, ტენდერის ოფიციალურად გამოცხადება ვერ მოესწრო“.

მას შემდეგ კი, რაც ეს პრობლემა დარეგულირდა და საკვების მიწოდება აღდგა, სასადილოს ბენეფიციართა პროტესტი უკვე კერძების დაბალმა ხარისხმა გამოიწვია. გასულ კვირაში დაწესებულების უკმაყოფილო მომხარებლები მთავარ მზარეულსაც დაუპირისპირდნენ და არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულეს:

„საკვები კარგად გაგვიკეთონ. ჩვენ ღორები ხომ არ ვართ, კარგ მზარეულს ვითხოვთ“, ამბობს მურთაზ ხუნწარია.

„საჭმელი არ მიმაქვს. მარტო პური მიმაქვს დღეს, იმიტომ რომ არ არის არაფერი სხვა“, გვითხრა ნინო ჯაყონიამ.

შპს “ეფექტის“ წარმომადგენლის მალხაზ იანთბელიძის განცხადებით, მუშაობის დაწყებისთანავე სასადილოს ყველა - 230 - ბენეფიციარი არ აკითხავდა, ამიტომ იყო შესაძლებლობა მათთვის დაწესებული ულუფა გაეზარდათ. მას შემდეგ კი, რაც დაწესებულებას ყველა მომხმარებელმა მიაკითხა, ადმინისტრაცია იძულებული გახდა დაწესებულ დოზებს დაბრუნებოდა. როგორც მალხაზ იანთბელიძე ირწმუნება, გაუგებრობა სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია:

„ეტყობა, ამის გამო გაღიზიანდნენ და იფიქრეს, რომ, აი, პირველად უნდოდათ ჩვენთვის თავის მოწონება, მაშინ ბევრი დაგვირიგეს და ახლა ცოტას გვირიგებენო. უბრალოდ, პირველად ბევრი რჩებოდა. კანონით გათვალისწინებული ნორმა იქნება აბსოლუტურად დაცული. ამის პირობას ვაძლევ ყველა ბენეფიციარს და ყველა თქვენგანს“.

თავის მხრივ, მერიაშიც ირწმუნებიან, რომ უფასო სასადილოში შემოწმება პერმამენტულად ხორციელდება და რომ აქ დარღვევებს ადგილი არა აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG