Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფესორი შტიოლნერი საყდრისზე: სამეცნიერო თვალსაზრისით სადავო არაფერია


თომას შტიოლნერი
თომას შტიოლნერი

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი საქართველოში 2004 წლიდან იკვლევდა საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვს, სადაც, როგორც მოგვიანებით დადგინდა, ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულიდან მოყოლებული, არსებობდა არა მხოლოდ ოქროს მომპოვებელი საბადო, არამედ ძვირფასი ლითონის გადამმუშავებელი სისტემაც, რის გამოც საბადო კაცობრიობის ისტორიის უნიკალურ ძეგლად შეფასდა. 2014 წელს საყდრისის საბადო, როგორც კულტურული ძეგლი, განადგურებულ იქნა, რადგან სამთო-მომპოვებელმა კომპანიამ, რომელიც ფლობდა იმ ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარების ლიცენზიას, ბორცვი ააფეთქა. ამას წინ უძღოდა ლიცენზიის მფლობელი კომპანიის მოთხოვნით, კვლევის განახლება, 2013 წელს კულტურის სამინისტროს მიერ საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა, შემდეგ არქეოლოგიური დაცვის ზონის სტატუსის გაუქმება. რა დარჩათ მკვლევრებს ხელში? რას წარმოადგენს საყდრისი დღეს? რა შეიძლება გაკეთდეს მისი უკეთ წარმოჩენისთვის? რადიო თავისუფლების სტუმარია გერმანელი მეცნიერი თომას შტიოლნერი, სამთო არქეოლოგი, ბოხუმის რურის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც ოქროპირ რუხაძე ესაუბრა ტელეფონით.

საუბარი პროფესორ თომას შტიოლნერთან
please wait

No media source currently available

0:00 0:17:15 0:00
გადმოწერა

საყდრის-ყაჩაღიანის ბორცვზე განხორციელებულმა აფეთქებამ წერტილი დაუსვა იქ მიმდინარე კვლევით საქმიანობას. თუმცა, კვლევა გრძელდება - განათხარი მასალისა და ნახშირის ნიმუშების მოცულობა უზარმაზარია. თავიდანვე, პროექტში, „არქეომეტალურგია და სამთო არქეოლოგია“ საქართველოში, ჩართული იყვნენ საქართველოს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თანამშრომლები და გერმანიის ქალაქ ბოხუმის სამთო მუზეუმის მკვლევრები. პროფესორი თომას შტიოლნერი საყდრისის ოქროს საბადოს შესახებ:

„როცა საბადოს მივაგენით, უნდა დაგვედგინა, მოიპოვებდნენ თუ არა იქ ოქროს. მეორე შეკითხვა ის გახლდათ, თუ რა ასაკისა იყო საბადო, რომლის არსებობა ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან ვიცოდით. კვლევა 2004 წელს დავიწყეთ. ჩატარებული კვლევითი სამუშაოს შედეგად დღეისთვის ცხადი სურათი შეგვექმნა, რის შესახებაც გამოვაქვეყნეთ დასკვნები სხვადასხვა ავტორიტეტიან სამეცნიერო გამოცემაში. დავიწყოთ კითხვით, თუ როდის ხდებოდა წიაღისეულის მოპოვება, ანუ ამ სამუშაოების ასაკით. მივაგენით ორ ფაზას. ერთი თარიღდება გვიანდელი ანტიკურ პერიოდით, ქრისტეს შემდეგ მეოთხე -მეხუთე საუკუნეებით. ყველგან არა, მაგრამ ზოგან ამ პერიოდის მასალას მივაკვლიეთ მიწის ზედაპირიდან რვა მეტრის სიღრმეზე. ასევე ვიპოვეთ კვალი ადრეულ ბრინჯაოს ხანაში სამუშაოების წარმოებისა, რაც თარიღდება პერიოდით მეოთხედან ადრეულ მესამე ათასწლეულამდე. ეს კვალი მიწის ზედაპირიდან 25-30 მეტრზე იყო. ანუ, მოპოვების უფრო ძველი ადგილის ყველაზე ღრმა დონეზე წავაწყდით შეურეველ შრეებს, რომლებიც ადრებრინჯაოს ხანისაა. უფრო ზუსტი დათარიღების მიზნით ჩავატარეთ 40-მდე ლაბორატორიული გამოკვლევა რადიონახშირბადის, C 14-ის მეთოდით. გაანალიზებული მასალები ადასტურებს ჩემ მიერ დასახელებულ თარიღებს. ისინი ქრისტემდე მეოთხე ათასწლეულის შუიდან დაახლოებით 27-ე საუკუნეს შორისპერიოდისაა. ამდენად, საქმე გვაქვს მეტად ძველ სამთამადნო საწარმოსთან. არის თუ არა ის ოქროს მოპოვების უძველესი საწარმო? ეს არის მეორე შეკითხვა, რომელზეც ასევე შემიძლია გიპასუხოთ. ცხადია, ჯერ უნდა დაგვედგინა, რას მოიპოვებდნენ იქ. გავაგრძელეთ კვლევა და შევისწავლეთ მადანი იქ, სადაც პრეისტორიული პერიოდის მაღაროელები მუშაობდნენ. დადგინდა, რომ იქ დიდია ოქროს შემცველობა და მისი მოპოვება მარტივად შეიძლება, რადგან, ეს ე.წ. „ღია ოქროა“, რომელსაც ხეხვით, დაფქვითა და რეცხვით, შედარებით იოლად მოიპოვებოდნენ. ამას გვიდასტურებდა იქ აღმოჩენილი ოქროს გასარეცხი ხელსაწყოებიც და ამავე მეთოდით ჩვენც მოვიპოვეთ ოქრო.შევისწავლეთ ქვისა და ძვლის ხელსაწყოები, რომლებზეც ოქროს ნაშთები აღმოჩნდა.“

ექსპედიციამ, რომელიც საყდრისის საბადოს იკვლევდა, ასევე ეძება და მიაგნო ნასახლარს, საბადოდან დაახლოებით ერთ კილომეტრში. გათხრებისას იპოვეს ოქრო, მიაგნეს მის კვალს ხელსაწყოებზე, სადნობ ტიგელზე. არქეომეტალურგიული მეთოდით დადგინდა, რომ იქ ოქროს ხეხვით დაფქვის მეთოდით იღებდნენ, ადნობდნენ, იქვე ვნახეთ საყრდისის ოქრო, ამბობს თომას შტიოლნერი და ამ მასალის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს: „ეს მნიშვნელოვანია, რადგან ნასახლარი სულ სხვა გეოლოგიურ გარემოს წარმოადგენს, იქ მხოლოდ ბაზალტია. მადანს ვერ ნახავთ, ის იქ გარედან უნდა მიეტანათ. ხოლო მიკვლეული მადანი სწორედ ის არის, რომელსაც საყდრისში გადაამუშავებდნენ - ეს მინერალოგიური და გეოქიმიური ანალიზის შედეგად ვიცით. ნაპოვნი გავაანალიზეთ, რამაც დაგვიდასტურა, რომ იქაც ამუშავებდნენ ოქროს მადანს. როგორც ითქვა, მივაგენით ტიგელს, ოქროს კვალით, გამოვიკვლიეთ ეს დაფქვილი ოქრო. ეს ყველაფერი, ერთად აღებული, დღემდე არსებული ერთ-ერთი საუკეთესო არქეოლოგიური და არქეომეტრული დასტურია ადრეულ ხანაში ოქროს მოპოვების თვალსაზრისით, მთელს მსოფლიოში ჩატარებულ გამოკვლევებს შორის. ამდენად, ხელთ გვაქვს სრულიად უეჭველი არქეოლოგიური, სამეცნიერო მტკიცებულება.“

საყდრის-ყაჩაღიანის ბორცვი აფეთქებამდე.
საყდრის-ყაჩაღიანის ბორცვი აფეთქებამდე.

საყდრისის ბორცვის აფეთქების შემდეგ, საბადო, როგორც ისტორიული ძეგლი, განადგურდა. როგორც თომას შტიოლნერი გვიხსნის, გადარჩა უამრავი ადრე მოპოვებული და დაცული ნიმუში, დაცული როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში. როგორც პროფესორი შტიოლნერი გვებუნება, ოქროს მომპოვებელმა კომპანია „არ-ემ-ჯიმ“ ბოლნისის მუზეუმში მეტად არაპროფესიულად გადაიტანა ქვის უამრავი ხელსაწყო. უხვადაა შემონახული მადნისა და მადნის ნაშთების ნიმუშებიც. ასე რომ, მადლობა ღმერთს, შევძელით, დაგვეცვა მასალა, ასევე, მადნის ქიმიური ანალიზები, რაც საშუალებას იძლევა, აღვადგინოთ დამადასტურებელი დასკვნების მთელი ჯაჭვი. შესაბამისად, ექსპერტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მასალის გაანალიზებაო, გვითხრა პროფესორმა შტიოლნერმა და დაამატა: რადიონახშირბადის მეთოდით დათარიღება გაკეთდა მსოფლიო დონის ლაბორატორიებში და, ამდენად, ეჭვს არ იწვევს, რომ ეს იყო ოქროს საბადო. ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა სირთულეები დაიწყო, ამაში ეჭვიც არავის ეპარებოდაო, იხსენებს ბოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი: „მაშინ არ გვეგონა, თუ ჩვენს დასკვნებს ასე მტრულად მოეკიდებოდნენ. ამიტომ სამეცნიერო პერიოდიკაში მონაცემების გამოქვეყნებას არ ვჩქარობდით. ახლა ეს, ნაწილობრივ მაინც, მოხდა. მალე გამოქვეყნდება შემაჯამებელი ნაშრომი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ყველა მონაცემი. სამეცნიერო თვალსაზრისით სადავო არაფერია. საუკეთესო შემთხვევაში, პრობლემა პოლიტიკური ხასიათისაა. და მე, როგორც მეცნიერმა, გულწრფელად უნდა ვთქვა: სირცხვილია, რომ ეს პოლიტიკური პრობლემა ასე უშნოდ გადაეხლართა მეცნიერებას.“

პროფესორი შტიოლნერი „უსინდისო და ბინძურ მაქინაციას“ უწოდებს იმას, რომ ვიღაცამ მოისურვა მისი და მისი ქართველი თუ გერმანელი კოლეგების მიერ ჩატარებულ კვლევის დისკრედიტაცია: „არსებობს იმის ნიშნები, რომ კომისიის წევრები მოისყიდეს. ვიცით, რომ ექსპერტთა ერთ-ერთმა კომისიამ იქ გათხრები ჩაატარა. ვიცით და გვაქვს მტკიცებულება, რომელიც არ გამოგვიქვეყნებია, რომ ამ ხალხმა გათხრები იქ ჩაატარა, სადაც იცოდა, რომ ვერაფერს მიაგნებდა. როცა საბადოზე გათხრას აწარმოებ, იქ უნდა ეძებო, სადაც რამის მოძებნა შეიძლება. სწორედ ეს არ გააკეთეს კოლეგებმა. ვიცით, რომ ბატონმა ფიცხელაურმა სწორედ იქ გათხარა, სადაც კაცი ვერაფერს იპოვიდა, შემდეგ კი თქვა, ვერაფერს მივაგენიო. ცხადია, და ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის საბუთი, რადგან რაც იქ გააკეთეს, ეს იყო საზოგადოებრიობის შეცდომაში შეყვანა, სრულიად დაუფარავად გეუბნებით“.

პროფესორი შტიოლნერი ამბობს, ვინც საყდრისს სისტემატურად იკვლევდა, კვლევის საფუძველზე სხვა დასკვნას ვერ გააკეთებდაო. ის იხსენებს, რომ კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის უწყებამ დაიქირავა ექპერტები, რომლებმაც დაადასტურეს შტიოლნერისა და მისი ჯგუფის წევრთა დასკვნა. მეცნიერების დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ გერმანელი პროფესორი იოკენჰიოველი და ბულგარელი პროფესორი ჟელევი, დაადასტურა დასკვნა, რომ ეს იყო აქამდე ცნობილი უძველესი ოქროს საბადო.

„ასეთმა შედეგმა, როგორც ჩანს, სულაც არ გაახარა სამინისტროების ხელმძღვანელები, ისინი არ ელოდნენ, რომ მოიძებნებოდა ხალხი, ვინც მეცნიერულად სწორად განსჯიდა. საჭირო გახდა ჩვენთან მოლაპარაკება. შეხვედრა თითქმის მთელი ერთი წლით გადადეს და ბოლოს, 2014 წელს, ძეგლი გაანადგურეს. მოსალაპარაკებლად გვეპატიჟებოდნენ RMG Gold-ი, კულტურის სამინისტრო, ძეგლთა დაცვის უწყება, გვეუბნებოდნენ, რომ საჭიროა გამოკვლევა, რომ კიდევ ერთხელ გამოიკვლევდნენ, სანამ გაანადგურებდნენ. მაგრამ აშკარაა, არ სურდათ გამოკვლევა, რადგან თვეების განმავლობაში არაფერი გაგვიგია. ბოლოს კი შევიტყვეთ, რომბორცვი გაანადგურეს. ძალიან შევეცადეთ, მოგვემზადებინა ყველა მონაცემი, რათა სასწრაფოდ ჩატარებულიყო ექსპერტიზა. მე თავიდანვე მესმოდა, რომ თუ ბორცვის დამუშავება ეკონომიკური მოსაზრებით

საყდრისის საბადოს ინტერიერი.
საყდრისის საბადოს ინტერიერი.

გახდებოდა საჭირო, ამას არქეოლოგია ხელს ვერ შეუშლიდა. მაგრამ მას შეეძლო კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა. გადარჩენა შეიძლებოდა გათხრებით, ან ბორცვის შენარჩუნებით. ჩვენ მზად ვიყავით, გაგვეთხარა, რასაც მეტი დრო დასჭირდებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, გადავარჩენდით ამ უნიკალურ მასალას. აშკარა იყო, რომ ეს აღარ სურდათ, რადგან, ეტყობა, ხარჯებიგაიზარდა და ეკონომიკური თვალსაზრისით ეს აღარ იყო შესაძლებელი. აქ, ალბათ, ოქროს ფასის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. როცა ოქროს ფასი მაღალია, შეიძლება უფრო მეტხანს მოცდა, როცა დაბალია - პირიქით. ამიტომ კომერციული თუ სამრეწველო, საბაზრო თვალსაზრისით, ეს გასაგებია,მაგრამ მიუღებელია იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლობა და წესების დაცვით თამაში გსურს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი საქართველოსთვისაც მეტად გულდასაწყვეტია. თუმცა, არაერთხელ აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ: კარგია, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყო საქართველოს საზოგადოებრიობა, მისი ცალკეული ჯგუფები, რომლებმაც თავიანთი მოთხოვნები გამოთქვეს. დემოკრატიაში ეს მნიშვნელოვანია. ადამიანმაუნდა იცოდეს საკუთარი უფლებები, ხოლო კულტურის, კულტურის ძეგლების დაცვა ამის ნაწილია.“

თომას შტიოლნერი იხსენებს, რომ მან და მისმა უწყებამ ქართულ მხარეს ფინანსური მხარდაჭერაც შესთავაზეს იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნებოდა საშუალება, ყველა ხარჯი თვითონ ეტვირთა. ეს იყო 2014 წლის სექტემბერში. მაგრამ საქართველოდან დუმდნენ. დეკემბრამდე არც ძეგლთა დაცვის უწყებას, არც RMG-ს, მათთვის აღარ მიუმართავს: „თუ არ ვცდები, 12 დეკემბერი იყო, როცა სოციალური ქსელით მომაწოდეს ფოტოები, რომლებიც დაუჯერებელს ასახავდნენ! ძეგლი ააფეთქეს, ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა. ახლა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ამოცანაა, ეს ყველაფერი გამოამზეუროს.“

კანონის დარღვევის გამომზეურებასთან ერთად, საჭიროა, რომ საყდრისზე, როგორც ოქროს უძველეს საბადოზე, რაც შეიძლება მეტი იცოდეს კაცობრიობამ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბოხუმის სამთამადნო მუზეუმის განზრახვა, იმ მუზეუმისა და კვლევითი ცენტრისა, სადაც თომას შტიოლნერი საქმიანობს. საქართველოში გავრცელდა კიდეც ხმა, თითქოს გერმანიაში საყდრისს მუზეუმს უშენებენ, რის თქმაც, როგორც ბოხუმელი პროფესორი გვიზუსტებს, გადაჭარბებულია:

„ბოხუმში, მუდმივ ექსპოზიციაზე, რომელიც ახლა განახლების ფაზაშია, საყდრისს თავის ადგილს მივუჩენთ, რადგან ის სამეცნიერო თვალსაზრისით მნივშნელოვანია. მომზადდება კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება, ზოგადად, ოქროს სფერო, და საკუთრივ, საყდრისიც, სადაც ჩვენ დიდხანს ვაწარმოებდით კვლევას. მნიშნველოვანია საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და

საყდრისის საბადოს დამცველთა აქცია.
საყდრისის საბადოს დამცველთა აქცია.

მთავრობის გეგმა, ბოლნისში გაიხსნას მუზეუმი, სადაც საყდრისის მასალები გამოიფინება. პირადად ჩემი აზრით, მხოლოდ ვინმეს დასჯა ძეგლის განადგურებისთვის ბევრს არაფერს მოიტანს. მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, თუ რა არის საყდრისი, რა მნიშვნელობა აქვს მას. საჭიროა კულტურული მემკვიდრეობის პრობლემების ჩვენება, იმის ჩვენება, რომ როცა უხეირო მართვასთან გვაქვს საქმე, ყოველთვის გვექნება სირთულე.პროცესები ამ სფეროში ყველგან იმართება, ეს პრობლემა, საგანძურის პრობლემა, ყველგან არის. საზოგადოებებმა უნდა იცოდნენ, რა გზას დაადგნენ, როგორ დაძლიონ ეს პრობლემები. როცა ეკონომიკური ინტერესები დომინირებს, მათ განხორციელებას ხელი კი არ უნდა შევუშალოთ, არამედ უნდა გამოვნახოთ პრობლემის მოგვარების გზები. ერთადერთი რაც ამაში დაგვეხმარება, გამჭვირვალობაა. ამის მიღწევა იოლი არ არის. მაგრამ, როცა მუზეუმს ვაარსებთ, მოვლენების წარმოდგენა, სამართლიანად უნდა მოხდეს ყველა მონაწილის მიერ. ყველამ უნდა იცოდეს, რა ეკონომიკური წნეხის ქვეშ იყო კომპანია, როგორ ცდილობდა საზოგადოება, შეენარჩუნებინა ძეგლი, რა მდგომარეობაში იყვნენ მეცნიერები, რომლებიც ხვდებოდნენ, რომ სამეცნიერო თვალსაზრისით რაღაცას სწორად არ აკეთებდნენ. საბოლოოდ ყველამ იზარალა. ფირმამ წლების განმავლობაში ნახა ზარალი, საზოგადოებამ დაკარგა ძეგლი და ამის გამო დარჩა იარა, მეცნიერებამ ამომწურავად ვეღარ მოიპოვა მონაცემები. ამგვარად, ყველა წაგებული დარჩა. მცირე რაოდენობით ოქროს კი მოიპოვებენ, მაგრამ შორეული პერსპექტივით მაინც წაგებული დარჩნენ. ამიტომ მგონია, უმჯობესი იქნება, თუ საქმის ვითარებას გამჭვირვალედ და გაწონასწორებულად წარმოვადგენთ.“

ის, რასაც თომას შტიოლნერი ახლა დაწვრილებით გვიამბობს, მან უფრო მოკლედ მისწერა საქართველოს პარლამენტს. ინტერვიუში გერმანელმა პროფესორმა მითხრა, მაქსიმალურად შევეცადე, სამართლიანად გადმომეცა, რასაც ვფიქრობდიო. ის ახსენებს, მისი აზრით, მთელს ამ საქმეში ყველაზე უარეს პრობლემას: „ყველაზე უარესი პრობლემა ის კი არ არის, რომ არსებობს ფირმა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს ეძებს, ან სამუშაო ადგილების შექმნაზე ლაპარაკობს. არა, ეს ლოგიკურია. ყველა უარესი ისაა, რომ კოლეგები, ჩვენი უშუალო კოლეგები, შურითა და ქვენა მოტივებით ეწევიან სხვა კოლეგების დისკრედიტაციას, რათა ამით თვითონ იხეირონ. აი, ეს იყო ყველაფრის მიზეზი. 2013 წელს, ეს კოლეგები არქეოლოგიის მხარეს უნდა დამდგარიყვნენ და ეთქვათ, რომ ეს ძველი ძეგლია, საჭიროა გამოსავლის მოძებნა. მაგრამ მათ განაცხადეს, რა ფასი აქვს ამის კვლევას, აზრი არ აქვსო. ის, რაც მოხდა, „ცოდვით დაცემას“ შეიძლება შევადაროთ და ეს სიკეთეს ვერ მოუტანს საქართველოს არქეოლოგიას, თუნდაც იმიტომ, რომ ამას მოჰყვა ცხარე დაპირისპირება სამეცნიერო პატიოსნების თვალსაზრისით. ჩემთვისა და ირინე ღამბაშიძისთვის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, უდიდესი გაწბილება კოლეგების ქცევა იყო და არა ფირმა, რომელსაც ლეგიტიმური ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებდა.“

დაბოლოს, თომას შტიოლნერი გვიამბობს თბილისში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც საერთაშორისო პროექტის ჩარჩოებში გაიმართება და რომლის თემაც საყდრისი იქნება:

„კავკასიის შესახებ საერთაშორისო, გერმანულ-ფრანგულ-აზერბაიჯანულ-ქართული პროექტის ჩარჩოებში თბილისში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია. ბატონ ლორთქიფანიძესა და ქალბატონ ღამბაშიძეს მოველაპარაკე, რომ ეს იქნებოდა საუცხოო შესაძლებლობა, საზოგადოებას გავაცნოთ ოქროს მოპოვებისა და ოქროს მთელი კომპლექსის სამეცნიერო კვლევის სრული შედეგები. თანაც, ეს უნდა მოხდეს უფრო პოპულარულ, არა სპეციფიკურად სამეცნიერო დონეზე, რათა საკითხი არასპეციალისტებისთვისაც გასაგები გახდეს. ეროვნულ მუზეუმში მოეწყობა მცირე გამოფენაც, ქართულსა და ინგლისურ ენებზე გამოიცემა პატარა წიგნი, ის ახლა მზადდება. ყურადღება გამახვილებული იქნება შინაარსობრივ მხარეზე, ჩემი მიზანი არ არის ვიღაცის წინააღმდეგ ახალი ბინძური კამპანიის წამოწყება, ამას აზრი არ აქვს. მნიშვნელოვანია, მოვლენები, მეცნიერულად მაინც, დაუმახინჯებლად იქნეს წარმოდგენილი. მართალია, საქართველოს საზოგადოებამ ისედაც იცის, რაც მოხდა, იცის, რომ არსებობდა ეს ძეგლი, მაგრამ მნიშვნელოვანია, მოხდეს იმის გააზრებაც, რომ ეს იყო ოქროს მოპოვების ძველი საბადო.“

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG