Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუზეუმში დაცული ავანგარდი


18 მაისს მსოფლიო მუზეუმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. უკვე მეცხრე წელია მუზეუმის დღეს საქართველოს მუზეუმი „მუზეუმების კვირეულით“ ეხმაურება. კვირეულის ფარგლებში ეწყობა საინტერესო გამოფენები, სამეცნიერო კონფერენციები, ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა. მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით „ავანგარდი 1900-1937“, სადაც დამთვალიერებელს რამდენიმე კვირის მანძილზე ექნება საშუალება ნახოს ქართველი, უკრაინელი, პოლონელი, რუსი და იტალიელი ავანგარდისტების 100-ზე მეტი ნამუშევარი.

გაზეთის გაყვითლებულ ფურცლებზე მოსმული რამდენიმე ხაზი შავი და წითელი საღებავით, თითქოს იეროგლიფს მიმსგავსებული. თითქოს ერთი მონახაზი კირილიცასაც ჰგავს. ოღონდ დარწმუნებით ვერაფერს იტყვი. მნახველისთვის მხატვრის ჩანაფიქრის გამოცნობა ძნელი უნდა იყოს. ეს უცნობი ავტორის ჩანახატებია. ჩანახატები ექვსი თვის წინ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაციის დროს აღმოაჩინეს. ნამუშევრები დაგრაგნილი და საგულდაგულოდ გადამალული იყო. ნანა შერვაშიძე, მუზეუმის თანამშრომელი და გამოფენა „ავანგარდის“ კურატორი, ვარაუდობს, რომ ეს ნამუშევრები დიმიტრი გორდეევის, მუზეუმის რუსული ხელოვნების განყოფილების გამგის, არქივიდან უნდა იყოს:

„იყო რეპრესირებული და სრულიად გასაგებია ჩემთვის, თუ რატომ ჰქონდა ეს ნამუშევრები გადამალული. ეს იყო უმძიმესი დრო, როდესაც, მაგალითად, ალექსეი კრუჩიონიხის ნამუშევარი გქონდა სახლში, შესაძლოა, ამის გამო დამშვიდობებოდი ყველაფერს. ეს ყველაფერი იყო გადანახული და გადამალული. ახლა ვმუშაობთ, მიენიჭა თითოეულ ნამუშევარს ნომერი, გატარდა დავთრებში“...

ხელოვნების მუზეუმში მეოცე საუკუნის ინდუსტრიულ-ტექნოლოგიური ძვრების ფონზე განვითარებული ავანგარდული ხელოვნების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, საარქივო მასალა, ავანგარდული აფიშები და წიგნებია გამოფენილი. შთამბეჭდავია ამ ყველაფრის ავტორთა გვარ-სახელები: ვასილი კანდინსკი, ნატალია გონჩაროვა, კირილე და ილია ზდანევიჩები, კაზიმირ მალევიჩი, ლევ ბრუნი, ალექსეი კრუჩიონიხი, ფიროსმანი, დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე და სხვა. ქართული, რუსული, უკრაინული, პოლონური და იტალიური ავანგარდული ხელოვნების 100-მდე ექსპონატი, რომელთა ნაწილიც პირველად გამოიფინა, ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ფუტურიზმი, კუბიზმი, დადაიზმი, ექსპრესიონიზმი - ავანგარდული მიმდინარეობები, რომლებიც ძირითადად მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს, თავისუფალი ადამიანების შექმნილი ხელოვნებაა, გვეუბნება ნანა შერვაშიძე, რომელიც მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ჩამოკიდებულ ნახატებს შორის დგას და მათ მნიშვნელობაზე, ფორმასა და შინაარსზე გვესაუბრება. გვესაუბრება იმაზე, თუ რა მოხდა მეოცე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ისეთი, რამაც თავდაყირა დააყენა ხელოვნება:

ნანა შერვაშიძე
ნანა შერვაშიძე

„იმან, რაც მაშინ ხდებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, ვთქვათ, ეს იყო ტექნიკური პროგრესი, პოლიტიკური, სოციალური თემები, დაჩქარებული ტემპი, მაშინიზმი, რომელსაც უმღეროდა ფუტურიზმი, ამ ყველაფერს უკვე ვეღარ ეწეოდა ძველი პლასტიკური ფორმა. შესაბამისად, ამან მოითხოვა უფრო სწრაფი, დინამიური და უფრო აგრესიული ფორმები. ეპოქა მოდიოდა აგრესიული და ამიტომ იმპრესიონიზმი, არაჩვეულებრივად ლამაზი ფორმები, უკვე აღარ ესადაგებოდა იმ სინამდვილეს, რაც იყო. ფორმის მოტივაციას ეპოქა ახდენს, შესაბამისი ეპოქა იყო და ამიტომ მოიტანა ეს განსაკუთრებულად დინამიური, ძალიან ორიგინალური და ურთიერთსაწინააღმდეგო ფორმა, რომელზეც დღემდე მიდის კამათი - ეს რა არის, ამას ხომ მეც შევძლებ“.

ცხადია, ამ რიტმს არ ჩამორჩენია საქართველო. არ ჩამორჩენიან ქართველი მხატვრები, მათ შორის, დავით კაკაბაძე. მუზეუმში გამოფენილია მისი ერთ-ერთი ნამუშევარი, კონსტრუქციულ-დეკორატიული კომპოზიცია - ხის, მინისა და ზეთის საღებავის ნაზავი. ნამუშევარი 1924 წელსაა შექმნილი. აი, რას წერდა მაშინ დავით კაკაბაძე იმაზე, რაც მეოცე საუკუნის დასაწყისის ხელოვნებაში ხდებოდა, რასაც თავად ქმნიდა:

„დღევანდელი ცხოვრების გარემო ძლიერ განსხვავდება წარსულისგან. ახლა მეცნიერებას უდიდესი ადგილი უჭირავს ცხოვრებაში და მაშინიზმი - მეცნიერების შედეგი - უმთავრესი ძარღვია დღევანდელი ცხოვრებისა“.

ნოვატორული ძიებების ხანა, ახლებური წესრიგის დამყარების მცდელობა - როგორც მხატვრობაში, ისე ლიტერატურაში - მკაფიოდ აისახა მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოღვაწე ხელოვანებზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთ ეპოქასა და ცვლილებებში უწევდათ ცხოვრება, განსხვავებული იყო მათი ხედვები. ნანა შერვაშიძე ქართველ ავანგარდისტებს ასე ახასიათებს:

„აბსოლუტურად გამორჩეულია ერთმანეთისგან კაკაბაძისა და გუდიაშვილის ხედვა. გუდიაშვილთან ეს არის სიმბოლიზმის, აღმოსავლური ჰედონიზმისა და მოდერნიზმის ნაზავი, რომელიც არაჩვეულებრივად ორიგინალურ მხატვრულ სამყაროს იძლევა. დავით კაკაბაძესთან ეს აბსოლუტურად რაციონალურია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ მდიდარია ჩვენი მუზეუმის კოლექცია, რადგან რამდენიმე სტილის განვითარებისთვის თვალის მიდევნების საშულება გვაქვს“.

რთული გამოდგა 30-იანი წლები თავისუფალი ადამიანებისთვის - ადამიანებისთვის, რომლებიც ხელოვნებას ქმნიდნენ, ხელოვნებას, რომელიც ბოლშევიკური მმართველობისთვის მიუღებელი და საშიში აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოღვაწე ავანგარიდსტების ნაწილმა ან თავი დაანება ავანგარდულ ძიებებს, ან დახვრიტეს და ან გადაასახლეს, ისევე როგორც, მაგალითად, კირილე ზდანევიჩი და ვასილ შუხაევი. თუმცა იმ ჯოჯოხეთმა, რომელიც 30-იან წლებში საბჭოთა ინტელიგენციას და, მათ შორის, ხელოვანებსაც დაატყდა თავს, სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმს შედევრები შესძინა. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ბოლშევიკურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ავანგარდი შესაძლოა სისტემისთვის საშიში ყოფილიყო, მათ მოსკოვის ევროპული ხელოვნების მუზეუმი დახურეს და მასში დაცული ხელოვნების ნიმუშები საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გადაანაწილეს. სწორედ ასე ერგო ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს ვასილი კანდინსკის პირველი აბსტრაქტული კომპოზიცია, შესრულებული 1911 წელს - კანდინსკისა, რომელმაც შექმნა რეალურისაგან განსხვავებული ვიზუალურ-ფერწერული სამყარო, საკუთარი წესრიგითა და ლოგიკით.

მუზეუმის საგამოფენო სივრცის ერთ-ერთი გამორჩეული ტილო კირილე ზდანევიჩს ეკუთვნის. ნიუ, 1910-იანი წლები. მკვეთრ ფერებსა და ბასრ, დანაწევრებულ ფორმებში ქალის შიშველ სხეულს პოულობ, - ისეთ სხეულს, როგორიც ავანგარდულმა ხელოვნებამ შექმნა, - დინამიკურს, აგრესიულს, ბრუტალურს.

გამოფენა, სახელწოდებით „ავანგარდი“, მიეძღვნა ავანგარდის იდეისა და კონცეფციის, თეორიისა და ალოგიზმის ერთ-ერთ სულისჩამდგმელს, პოლონური წარმოშობის ქართველ პოეტსა და ლიტერატორს, ილია ზდანევიჩს. როგორც გამოფენის კურატორები აღნიშნავენ, ილია ზდანევიჩის პერსონა არ მიეკუთვნება ერთი რომელიმე ერისა თუ ქვეყნის კულტურას, ის თანაბრად ფასეულია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისთვის. წელს ილია ზდანევიჩის 120 წლის იუბილე აღინიშნება. ხელოვნების მუზეუმში ილია ზდანევიჩის საკმაოდ ბევრი ნამუშევარი ინახება. მუზეუმის საინფორმაციო კოლექციების უფროსი კურატორი ნანა გოგელია გვეუბნება, რომ სწორედ ამ მუზეუმში ინახება 1989 წელს, ილია და კირილე ზდანევიჩების შემოქმედების პირველი გამოფენის შემდეგ, მუზეუმისათვის საჩუქრად გადაცემული მათი ნამუშევრები:

„საქმე იმაშია, რომ ილია ზდანევიჩის ქვრივმა, ელენ დუარმა, საჩუქრად გადმოგვცა პარიზიდან ძალიან ბევრი საინტერესო ნივთი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ამ გამოფენაზე წარმოდგენილია ილია ზდანევიჩის ორი დღიური, რომელიც ეძღვნება მოგონებას ნიკო ფიროსმანის შესახებ. ეს არის იმ დროს შესრულებული, როდესაც ფიროსმანი ხატავდა ილია ზდანევიჩის პორტრეტს. ის წერს თავის შთაბეჭდილებებზე ფიროსმანის შესახებ“.

„დღემდე ისმის ხოლმე კამათი - ეს რა არის, ამას ხომ მეც გავაკეთებ“, - ეს ფრაზა გამოფენის კურატორმა ნანა შერვაშიძემ ერთ-ერთი ნამუშევრის დახასიათებისას წარმოთქვა. ბევრ ადამიანს უჩნდება მსგავსი განცდა ავანგარდული მიმდინარეობების მთელი რიგი ნახატების თვალიერებისას. მათ საპასუხოდ, ნანა შერვაშიძეს ასეთი მაგალითი მოჰყავს:

„აი, ნახეთ, ვთქვათ, მამალი ყივის. ზოგი წარმოიდგენს, რომ მამალმა, უბრალოდ, დაიყივლა. ზოგი წარმოიდგენს, რომ გათენდა, ზოგი კი წარმოიდგენს, რომ რიჟრაჟია და მზე ამოიწვერა, ანუ შენზეა დამოკიდებული, როგორ აღიქვამ ამას. ყველა სურათს აქვს ქვეტექსტი. შენ თუ გინდა, რომ ჩასწვდე ამ ქვეტექსტს, ცოტა მეტი ყურადღება გჭირდება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG