Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიგნები მუზეუმიდან


შემოდგომაზე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის მუზეუმი იხსნება. იქ განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული საგანძური, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არასოდეს ყოფილა, და წარმოდგენილი იქნება როგორც მუდმივმოქმედი გამოფენა, ისე თემატური გამოფენები. პროექტი დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის დაფინანსებითა და ხელშეწყობით ხორციელდება.

იმ საცავამდე, სადამდეც მივდივართ, გზა გრძელია. სამკითხველო დარბაზს რომ გადაჭრი, კატალოგების კარადის უკან უნდა შეძვრე და გაცრეცილ წითელხალიჩაგადაფარებულ ოთხ საფეხურს უნდა აუყვე. მერე წიგნების თაროების გრძელ მწკრივს უნდა გაუყვე. მერე თეთრი ხის კარი გააღო და დერეფანში გახვიდე. მერე კიდევ კარი უნდა შეაღო და ქვის კიბეებით რამდენიმე სართული ჩაიარო. მერე კიდევ შეაჭრიალო გაქექილი ხის კარი და დაყუდებულ ხის კიბეს ფრთხილად ჩაუყვე. თუ რამეა, შეგიძლია მოაჯირსაც მოეჭიდო და მისია შესრულებულია, დანიშნულების ადგილი - იშვიათ გამოცემათა საცავი - ნაპოვნია.

იშვიათ წიგნთა საცავი
იშვიათ წიგნთა საცავი

საცავი, რომელშიც იშვიათ გამოცემათა 10 000 ეგზეპლარი ინახება. უძველესი, უიშვიათესი და უმნიშვნელოვანესი გამოცემები. როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მცირე სივრცე, სადაც ის წიგნები ინახება, რომლებსაც განსაკუთრებული სურნელი აქვთ და რომლებიც განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას საჭიროებენ, რამდენიმე ათეული წლის წინ ოქროს საცავად ყოფილა გათვლილი. ამიტომაც არის, რომ სანამ საცავში შეხვალ, ჯერ მძიმე და სქელი რკინის კარი უნდა გააღო, შემდეგ კიდევ რკინის გისოსი. შენობა მეოცე საუკუნის დასაწყისში სათავადაზნაურო ბანკს ეკუთვნოდა. ფონდის განყოფილების უფროსი დალი მაჩაიძე გვიღებს რკინის კარს და გვეუბნება:

„მაგრამ ამ სივრცეში არასდროს ყოფილა ბანკის ოქროები, აქ ყოველთვის იყო ჩვენი წიგნადი საგანძური, იმთავითვე გამოყოფილი საერთო მასიდან, უძველესი, უიშვიათესი გამოცემები“.

დალი მაჩაიძე, საცავის ხელმძღვანელი
დალი მაჩაიძე, საცავის ხელმძღვანელი

სწორედ ამ რკინის კარის უკან უხდებოდათ შესვლა იმ ადამიანებს, რომლებსაც უძველესი და უიშვიათესი წიგნების ნახვა სურდათ, თუმცა შემოდგომიდან წიგნები საცავიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, წიგნის მუზეუმში გადაინაცვლებენ. იქ უკეთ იგრძნობენ წიგნები თავსო და იქ უფრო მეტი საშუალება იქნება იმისათვის, რომ დამთვალიერებელმა სრულყოფილად შეიგრძნოს მუზეუმში დაცული წიგნების უნიკალურობაო, მეუბნება დალი მაჩაიძე:

„აქ საცავია და იძულებულები ვიყავით ზოგჯერ გაგვეღო კარი და შეგვეყვანა ის ადამიანები, ვისაც დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ენახა აქ დაცული წიგნები. მაგრამ ამით, რა თქმა უნდა, ზიანდებოდა წიგნებიც, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე უნდა გადმოგვეღო, გადაგვეშალა, გვესაუბრა მასზე. და ისედაც, საცავში უცხო პირის შესვლა, რა თქმა უნდა, არ არის მიზანშეწონილი. და ახლა, როდესაც შეიქმნება საგამოფენო სივრცე, გაცილებით დიდი, სათანადოდ დაცული, სადაც შემოვა დამთვალიერებელი, რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის კარგი იქნება, მასპინძლისთვისაც და სტუმრისთვისაც“.

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, გამოცემული რომში 1629 წელს, ქართულ-იტალიური ლექსიკონი; მოსკოვში არჩილ მეფის მიერ გამოცემული „დავითნი”, რომლის ტირაჟიდან სამი-ოთხი ეგზემპლარია შემორჩენილი; ვახტანგ VI-ის სტამბის გამოცემები - 1712 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი”, 1709 წელს გამოცემული „სახარება”; ერეკლეს სტამბის წიგნები; იმერეთში, საჩხერის რაიონის სოფელ წესში გამოცემული პირველი ქართული მინიატიურული წიგნი „ღვთისმშობლის სავედრებელი”; რუსეთში ათანასე ამილახვრის სტამბაში დაბეჭდილი უნიკალური ქართული გამოცემები და ა.შ. ეს იმ წიგნების უმცირესი ჩამონათვალია, რომელთა დათვალიერების შესაძლებლობაც ფართო საზოგადოებას შემოდგომიდან მიეცემა. მანამდე კი გატაცებით გვიყვებიან საცავის თანამშრომლები იმ უნიკალური წიგნების შესახებ, რომლებიც ამ ფონდშია დაცული. დალი მაჩაიძე თაროდან იღებს პირველ ქართულ ნაბეჭდ წიგნს, გამოცემულს 1629 წელს რომში:

„ეს არის პირველი წიგნი, სადაც ქართული შრიფტია აღბეჭდილი. პირველი წიგნი, რომლის გამოცემაში ქართველმაც მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ ქართულ-იტალიური ლექსიკონი, კათოლიკე მისიონერებისათვის დაბეჭდილი წიგნი, კათოლიკური სარწმუნოების გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა. წიგნის გამოცემაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა ნიკიფორე ჩოლოყაშვილმა, რომელიც კახეთის მეფის ელჩი იყო. ელჩობას პოლიტიკური შედეგი არ მოუტანია, მაგრამ, აი, ასეთი კულტურული შედეგი კი მოგვიტანა“.

იშვიათ წიგნთა საცავის ყველაზე დიდი წიგნი
იშვიათ წიგნთა საცავის ყველაზე დიდი წიგნი

ცხადია, იმისათვის, რომ წიგნი იშვიათ გამოცემათა საცავში მოხვდეს, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. სწორედ ამ კრიტერიუმების შესახებ გვიამბობს ლიზა ცაავა, რარიტეტის განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი. კრიტერიუმებს შორისაა, მაგალითად, ტირაჟი, წიგნის ფურცლის ხარისხი, წიგნის ყდა, მინაწერები წიგნზე, ავტოგრაფები, წიგნების ასაკი და ა.შ. ლიზა ცაავა გვესაუბრება ფონდში დაცულ ყველაზე დიდ წიგნზე, რომელიც 29 კილოგრამს იწონის და სადაც ევროპის ქვეყნების ხელოვნების ნიმუშებია აღწერილი და აღბეჭდილი. წიგნი პარიზშია გამოცემული 1823 წელს. მისი ავტორია სერუ დ’აჟენკური. ფონდის თანამშრომლებისთვის უცნობია, თუ საიდან მოხვდა ეს წიგნი საცავში:

„ამ წიგნის ავტორი იყო ხელოვნების მკვლევარი და თავისი ცხოვრების 35 წელი დაუთმო ამ წიგნის შექმნას. უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ ვერ მოესწრო წიგნის გამოცემას. იმ პერიოდისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი, რადგან წიგნი მდიდარია ილუსტრაციებით და წიგნში ხელოვნების ისეთი ნიმუშებია თავმოყრილი, რომელიც აღარ არსებობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად აღინუსხოს ხოლმე ის ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვანია“.

გამოფენის მოწყობა მრავალმხრივი თვალსაზრისით არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ერთი მხრივ, ის გვაჩვენებს ქრონოლოგიას ქვეყნის განვითარებისა...
გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი

ფონდში დაცული ყველაზე პატარა წიგნი კი რამდენიმე გრამს იწონის და ხელისგულზე ეტევა. „ბოროდინოს ომის გმირები“, გამოცემული 1812 წელს რუსულ ენაზე. როგორც ფონდის თანამშრომლები ჰყვებიან, ფონდი პერიოდულად ივსება სხვადასხვა კერძო კოლექციებში დაცული წიგნებით. ერთ-ერთი ასეთი ბოლო მნიშვნელოვანი მატებაა „საანბანო წიგნი“, ანდრიას მიულერის ავტორობით, რომელშიც ქართული ანბანის შესახებ მნიშვნელვანი მონაცემებია მოხსენიებული. თავად საცავი კი შედგება ისეთი უნიკალური კოლექციებისგან, როგორიცაა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ფონდი, რომელშიც, თავის მხრივ, გაერთიანებულია ქართველ ბატონიშვილთა პირადი ბიბლიოთეკების ეგზემპლარები, მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილ მოღვაწეთა – დავით ჩუბინაშვილის, რაფიელ ერისთავის, იაკობ გოგებაშვილის, პეტრე უმიკაშვილის - პირადი ბიბლიოთეკა-კოლექციები, ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძის კოლექცია, ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკა. ასევე კავკასიის ცნობილი მკვლევრის ევგენი ვეიდენბაუმის კოლექცია და სხვა.

წიგნის მუზეუმის დარბაზი
წიგნის მუზეუმის დარბაზი

ის სივრცე, სადაც წიგნის მუზეუმი უნდა განთავსდეს, რემონტისთვის მზადდება. ახლა იქ ნახევრად ამოყრილი ხის იატაკის, გადაქექილი კედლებისა და უშველებელი ფანჯრების მეტი არაფერია. თუმცა, როგორც წიგნის მუზეუმის იდეის ავტორი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გვეუბნება, რემონტის შემდეგ დარბაზი მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დამონტაჟდება ვენტილაციის უახლესი სისტემა და შეიქმნება უძველესი წიგნებისათვის აუცილებელი კლიმატური პირობები. იქ მუდმივ გამოფენებთან ერთად სისტემატურად მოეწყობა თემატური გამოფენები:

„მაგალითად, შეიძლება გვქონდეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემების გამოფენა, რომელიც, ბუნებრივია, ასახავს მათ ღვაწლსა და მნიშვნელოვან ნაბიჯებს. შესაძლოა, გვქონდეს ქართველი სიმბოლისტების პერიოდის გამოცემების ღია გამოფენა. ანუ ეს იქნება, ერთი მხრივ, მუდმივმოქმედი გამოფენა, ოღონდ, მეორე მხრივ, იქნება წინა პლანზე წამოწეული თემატური გამოფენები. შესაძლოა, ვუმასპინძლოთ იმ წიგნების გამოფენებსაც, რომლებიც ჩვენთან არ არის დაცული, მაგრამ აქვთ კერძო კოლექციონერებს. შესაბამისი გამოფენის მოწყობა მრავალმხრივი თვალსაზრისით არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ერთი მხრივ, ის გვაჩვენებს ქრონოლოგიას ქვეყნის განვითარებისა, კულტურულ ფაზებს და სხვა დანარჩენ ნიუანსებს და, მეორე მხრივ, არა მარტო ჩვენ, არამედ უცხოელ დაინტერესებულ ადამიანებს აჩვენებს ჩვენი ქვეყნის კულტურულ მზაობას, მათ შორის, ევროპულობასთან დაკავშირებითაც“.

როგორც გიორგი კეკელიძე გვეუბნება, წიგნის მუზეუმის შექმნის იდეაზე ჯერ კიდევ ათეული წლების წინ საუბრობდნენ როგორც პოეტები და მწერლები, ისე მეცნიერები. მათ შორის იხსენებს ის გალაკტიონ ტაბიძის ერთ-ერთ ჩანაწერს უძველესი წიგნების გამოფენის შემდეგ:

„წერს, რომ მიესალმებოდა, თუკი მსგავსი გამოფენა იქნებოდა მუდმივმოქმედი და, ბუნებრივია, გალაკტიონის გარდა, ბევრ ადამიანს, იქნებოდა ეს ცნობილი მოღვაწე თუ ბიბლიოთეკის რიგითი თანამშრომელი, რომელსაც ყოველდღიური შეხება ჰქონდა ამ წიგნებთან და რეალურად, ალბათ, ყველაზე უფრო დიდი ღვაწლი ჰქონდა მის შენარჩუნებაში, ამასთანავე, ჰქოდნა დიდი ოცნება, რომ ეს წიგნები ყოფილიყო შესაბამის ადგილას იმ მხრივ, რომ მათ ჰქონოდათ საზოგადოებრივი თვალსაზრისით უფრო დატვირთული ფუნქცია“.

და რაკი 2016 წელი „ვეფხისტყაოსნის“ წლად არის გამოცხადებული, წიგნის მუზეუმის პირველი თემატური გამოფენაც სწორედ საცავში დაცული „ვეფხისტყაოსნების“ გამოფენა იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG