Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: „გადატრიალების თაოსნები მკაცრად დაისჯებიან“


თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოახერხა სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილება. გასული ღამის განმავლობაში, ანკარასა და სტამბოლში მომხდარ შეტაკებებში, სულ ცოტა, 60 კაცი დაიღუპა, დაპატიმრებულია 800-მდე პირი. 16 ივლისს, გამთენიისას, პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელიც დასასვენებლად იმყოფებოდა, სტამბოლში დაბრუნდა და განაცხადა, რომ მკაცრად დასჯის გადატრიალების თაოსნებსა და მონაწილეებს. სტამბოლის აეროპორტში გამოსვლისას, ერდოანმა „სახელმწიფო ღალატში“ დაადანაშაულა ყველა, ვინც არეულობა მოაწყო ანკარასა და სტამბოლში და დასძინა, რომ შეიარაღებული ძალები „გაწმენდილ იქნება მოღალატე ელემენტებისგან“. ამასობაში ერთმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ სამხედრო სამსახური დაატოვებინეს ხუთ გენერალსა და 29 პოლკოვნიკს. მაგრამ თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსამსახურიდან მედიისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში გადატრიალების თაოსნები ამბობენ, რომ ბრძოლას განაგრძობენ. მტკიცედ შევებრძოლებით ყველას, ვინც მხარს უჭერს მოქმედ ხელისუფლებასო, ნათქვამია წერილში. ამავე გზავნილში გადატრიალების თაოსნები თანამემამულეებს მოუწოდებენ, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ დატოვონ საკუთარი სახლ-კარი.

XS
SM
MD
LG