Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში ავტოსაგზაო ავარიების მიზეზით ლეტალური შემთხვევები მატულობს


ქუთაისი
ქუთაისი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი სულ უფრო მზარდია. ქუთაისში ბოლო 6 თვის განმავლობაში 11 ადამიანი დაიღუპა, 2015 წელს კი ქალაქში სულ 238 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 12 ადამიანია გარდაცვლილი. იზრდება ავტოავარიების შედეგად დაშავებულთა რაოდენობაც. გასულ თვეში 9 წლის გოგონა დაიღუპა ქუთაისში მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანის დაჯახების შედეგად, აპრილში კი მაღალი სიჩქარით მიმავალმა ავტომანქანამ დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. ლეტალურად დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზად, გადაჭარბებულ სიჩქარესთან ერთად, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, საგზაო ნიშნების უცოდინრობა და მოსახლეობის დაბალი ცნობიერება სახელდება. მოქალაქეთა ნაწილი საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კანონის გამკაცრებისა და ჯარიმების გაზრდის მომხრეა.

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ზრუნავდეს, რესპონდენტთა თქმით, საჭიროა ქალაქის ქუჩებში „ზებრების“ დამატება და ნიშნულების მუდმივად განახლება, რადგან ბოლო დროს ავტომობილების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის შემოვლითი გზა ფუნქციონირებს, ქალაქის ცენტრალური ქუჩები პიკის საათებში განსაკუთრებით გადატვირთულია. ჭავჭავაძის გამზირზე ადგილობრივები გადასავლელი ხიდების მოწყობას ითხოვენ, რადგან ავტომფლობელთა ნაწილი ქვეითად მოსიარულეებს გზას არ უთმობს.

ქვეითად მოსიარულეთა მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჩივიან, თავის მხრივ, ავტომფლობელები და ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზად, ხშირ შემთხვევაში, ამორტიზებულ გზებს და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას ასახელებენ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში კი განმარტავენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ქალაქის ცენტრალურ გზებზე გამყოფი ზოლი მოეწყო და ყველა სკოლისა და საბავშვო ბაღის მიმდებარედ სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები დამონტაჟდა, ორ ადგილზე კი - იქ, სადაც ქვეითად მოსიარულეებს საფრთხე ექმნებოდათ - ხელით სამართავი შუქნიშნები განთავსდა. მერიის მიერ გატარებული ამ ზომების მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა არასახარბიელოა. რადიო თავისუფლების რესპონდენტების აზრით, ლეტალური შემთხვევების შესამცირებლად აუცილებელია ქვეითად მოსიარულეებმა და ავტომფლობელებმა უსაფრთხოების წესები დაიცვან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG