Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მიწის რეგისტრაციის პროგრამა დაიწყო


მიმდინარე კვირიდან მიწის რეგისტრაციის სამთავრობო პროგრამა დაიწყო. იუსტიციის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მოქალაქეებს მთელ რიგ საბუთებს საჯარო რეესტრის თანამშრომლები უფასოდ მოუძიებენ და მიწის ნაკვეთებს დაუკანონებენ. წინასწარი ინფორმაციით, ახალმა კანონმა დაკარგული საბუთების ხარვეზებიც უნდა აღმოფხვრას.

გურჯაანში მცხოვრები ერეკლე ხარიტონაშვილი 4 ჰა მიწის ნაკვეთს, რომელზეც ვენახია გაშენებულია, უკვე 18 წელია განაგებს, თუმცა საკუთრების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია. ნაკვეთი წლების წინ თანასოფლელისგან შეიძინა, თუმცა ფინანსური და სხვა პრობლემების გამო მიწის საკუთრებაში დაკანონება ვერ შეძლო.

მიწის რეგისტრაციის პროგრამა დაიწყო
please wait

No media source currently available

0:00 0:03:34 0:00
გადმოწერა

საჯარო რეესტრის ოფიციალური ინფორმაციით, მსგავსი პრობლემა საქართველოში არსებული მიწის ნაკვეთების 75 პროცენტზეა, თუმცა სახელმწიფოს არ მოეპოვება ცნობები ამ 75 პროცენტი მიწის ნაკვეთის რა ოდენობას განკარგავენ მოქალაქეები. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის დროს განაცხადა, ამ პრობლემიდან გამომდინარე, მიწის გაფორმებისთვის გამარტივებული კანონპროექტი იქნა შემუშავებული, რომლის მიხედვითაც მოქალაქემ საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს. მას უწყებაში მხოლოდ ელექტრონული ნახაზის წარდგენა ევალება, რომელსაც კერძო კომპანიები ამზადებენ, მიწის გაფორმებისთვის საჭირო დანარჩენი დოკუმენტების მოგროვების პირობას კი საჯარო რეესტრი დებს.

იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრს ნაკვეთის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია დასჭირდა, რეესტრის თანამშრომლები მას თავადვე მოიძიებენ, სხვა პრობლემის შემთხვევაში კი მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაეხმარებიან. როგორც ლაგოდეხის გამგებელმა კახა ჯამბურიამ განაცხადა, ამ პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის მათგან ერთი ადამიანია გამოყოფილი.

როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, მიწის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურები მხოლოდ სახნავ-სათეს ფართობებს არ ეხება და ის მოიცავს სხვა უძრავი ქონების - მათ შორის, საცხოვრებელი სახლების - გაფორმებასაც. ამ შემთხვევაშიც დაინტერესებულ მოქალაქეს ევალება ნაკვეთის ან სახლის ელექტრონული ნახაზი წარადგინოს.

ელექტრონულ ნახაზებს კერძო კომპანიები ამზადებენ. კომპანიის დაქირავება მოქალაქეს ერთი ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მოსამზადებლად 50-დან 80 ლარამდე დაუჯდება. თუმცა ახლახან საჯარო რეესტრმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიძლება აზომვითი ნახაზებიც სახელმწიფომ დააფინანსოს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG