Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდის სოფლებში დაბალი ხარისხის გამო თხილის რეალიზაცია უჭირთ


სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. გლეხები მარცვლის მოგროვებით არიან დაკავებულნი. პარალელურად ამუშავდა მიმღები პუნქტები, სადაც, დღეის მონაცემებით, 1 კილოგრამი თხილის ფასი 3.50-დან 4 ლარამდეა. ფასი თითქმის ყოველდღიურად იცვლება. მაგალითად, ორი დღის წინ ის 5 ლარს აღემატებოდა.

მოსავლის მოწევის პარალელურად, გაჩნდნენ მცენარის ახალი მავნებლები, რომლებმაც თხილის მარცვლის ხარისხი მნიშვნელოვნად გააფუჭეს. როგორც მიმღებ პუნქტებში აცხადებენ, თხილი გაცილებით მაღალი ხარისხისაა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, სადაც, შესაბამისად, მისი ფასიც უფრო მაღალია.

ზუგდიდის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მიმღები პუნქტის თანამშრომელი, ნაზი ჯანაშია, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თხილი ჩასაბარებლად მოაქვთ მხოლოდ მათ, ვისაც მძიმე სოციალური პირობების გამო თანხა სწრაფად სჭირდება, დიდი ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ სოფლის მეურნეობის ამ პროდუქტზე, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ფასი მაღალი იქნება და მოლოდინის რეჟიმშია:

„ახლაც მოაქვთ, აბარებენ, მაგრამ ძალიან ცოტას. შარშან ამ დროს ჩვენ, დაახლოებით, ტონა - ტონა-ნახევარზე მეტს ვიბარებდით. ჩვენთან თხილი სულ უვარგისია, დამპალია. აქეთ, წალენჯიხასა და ჯვარში, მაღალ ზონაში, თხილის ფასი, მაგალითად, მაღალია“, - ამბობს ნაზი ჯანაშია.

გარედან კარგია, მაგრამ შიგნით არ ვარგა, გული დამპალია. შესახედავად კარგია, მაგრამ ნახევარზე მეტი დამპალია. გუშინ, მაგალითად, თხილი არ ჩაიბარეს, დაიწუნეს...
ნელი აბრალავა

თხილის დაბალ ხარისხზე და გავრცელებულ მავნებლებზე ლაპარაკობენ გლეხებიც. ზუგდიდის სოფლების მცხოვრებლებმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადეს, რომ იყო შემთხვევა, როცა მარცვალი დაიწუნეს და არ ჩაიბარეს ქარხნებში:

„როგორც კი თხილი აყვავდა, მას გაუჩნდა რაღაც თეთრი ლაქა. თქვეს, რომ თხილის ავადმყოფობა არისო. მეც ჩემს თხილს შევამჩნიე. იცით, როგორია? აი, თოვლივით ადევს, თეთრი ლაქაა. არ შემიწამლია. უცბად გაჩნდა და ვერ მოვახერხე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოფელ აბასთუმანში მცხოვრებმა მაია ბუკიამ.

„გარედან კარგია, მაგრამ შიგნით არ ვარგა, გული დამპალია. შესახედავად კარგია, მაგრამ ნახევარზე მეტი დამპალია. გუშინ, მაგალითად, თხილი არ ჩაიბარეს, დაიწუნეს“, ამბობს კახათელი ნელი აბრალავა.

ზუგდიდის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში აცხადებენ, რომ წელს თხილის ბაღებში სხვადასხვა სახის მავნებლები გავრცელდა - ისეთი, როგორიცაა თხილის შავი ხარაბუზა, თხილის მატლი - ცხვირგძელა, თხილის ტკიპა, მწვანე ბაღლინჯო და ამბროზიას ხოჭო. შედეგად, მცენარის ნაყოფი დაზიანდა. მწერების გავრცელებას ხელი შეუწყო იმან, რომ მცენარეები დროულად არ შეიწამლა.

მუნიციპალიტეტის მიერ იგეგმება სხვა ღონისძიებები და მუნიციპალიტეტის დახმარებით აღმოიფხვრება ეს პრობლემა, როგორც წინა წლებში მოხდა ე. წ. ამერიკულ თეთრ პეპელაზე...
ლერი დოჩია

სამსახურის უფროსმა ლერი დოჩიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თავად გლეხებს წელს პრევენციული ღონისძიებებისთვის არ მიუმართავთ, გამგეობას კი შესაწამლად საჭირო თანხები არ ჰქონდა. ადგილობრივი ხარჯებით მოხერხდა მხოლოდ შესაწამლი მაღალწნევიანი აპარატურის შეძენა, რომლითაც სარგებლობა შეეძლო როგორც ფერმერს, ისე კერძო პირს. მისივე თქმით, გავრცელებული დაავადებების, შეძენილი აპარატურისა და საჭირო პრეპარატების ინსტრუქციის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ გამგებლის წარმომადგენლები, რომლებისთვისაც მიმართვა შეეძლო ნებისმიერ გლეხს. ლერი დოჩიას განცხადებით, მომავალი წლისთვის დაგეგმილია გარკვეული ღონისძიებების გატარება:

„მუნიციპალიტეტის მიერ იგეგმება სხვა ღონისძიებები და მუნიციპალიტეტის დახმარებით აღმოიფხვრება ეს პრობლემა, როგორც წინა წლებში მოხდა ე. წ. ამერიკულ თეთრ პეპელაზე. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ „სურსათის უვნებლობას“ და საკარანტინო მდგომარეობა არ არის ამ ეტაპზე. თვითონ სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ არის საკარანტინო მდგომარეობა გამოცხადებული ამ მავნებლებზე და ამიტომ თვითონ ფერმერებმა უნდა უზრუნველყონ თავიანთ ნაკვეთებში ამ სამუშაოების შესრულება“.

გამგეობაში აცხადებენ, რომ დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების შემთხვევაში გლეხმა ადრე გაზაფხულზე ბაღები უნდა შეწამლოს სპეციალური ხსნარით - B 58-ით, მოჭრას დაზიანებული ტოტი და გაანადგუროს. მხოლოდ სათანადო ზომების მიღების შემთხვევაშია შესაძლებელი ნაყოფის გაფუჭების თავიდან აცილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG