Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტების პროტესტი რექტორობის მომავალი კანდიდატის მიმართ


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

23 სექტემბრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ეყოლება. სწორედ ამ დღეს დაინიშნა უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები. მეოთხე დღეა, უნივერსიტეტში პრეტენდენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს, რომელიც 14 სექტემბერს დასრულდება. ამ დროისათვის სარეგისტრაციო განაცხადი მხოლოდ ორ პრეტენდენტს აქვს შეტანილი, თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 12 ან 13 სექტემბერს წარადგენს უნივერსიტეტში საკუთარ განაცხადს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე, გიორგი შარვაშიძე. მან თანამდებობა 9 სექტემბერს დატოვა. თანამდებობის დატოვების მიზეზი სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობაა.

ის, რომ გიორგი შარვაშიძეს მართლაც სურდა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობა, ამის შესახებ მან ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უთხრა რადიო თავისუფლებას. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილის სურვილს გახდეს უნივერსიტეტის რექტორი უარყოფითად შეხვდნენ სტუდენტები. როგორც უნივერსიტეტის თვითმმართველობის, ისე სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრები ფიქრობენ, რომ ამ ნაბიჯით უნივერსიტეტი საბოლოოდ დაკარგავს ავტონომიას, თუმცა მხოლოდ ეს არ არის სტუდენტთა წუხილის მიზეზი. 12 სექტემბერს სტუდენტური თვითმმართველობის პრესკონფერენცია გიორგი შარვაშიძის გადაწყვეტილების გამო დაიგეგმა. ბახვა კვირიკაშვილი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილის რექტორობა პირდაპირპროპორციული იქნება უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვისა. მეტიც, მისი თქმით, აკადემიური საბჭოს წევრებზე, ანუ იმ ადამიანებზე, რომლებმაც 23 სექტემბერს ახალი რექტორი უნდა აირჩიონ, ზეწოლა მიმდინარეობს:

სწორად გამიგეთ, არ ვიცი, რას გულისხმობენ სტუდენტები. მე შემიძლია პირადად ჩემზე ვისაუბრო მხოლოდ და, რა თქმა უნდა, ჩემს შემთხვევაში ვერანაირ ზეწოლაზე საუბარი ვერ იქნება...
ირინა ქურდაძე

„დაახლოებით, ივლისის ბოლოს აკადემიური საბჭო გავიდა ერთთვიან შვებულებაში. უცებ 5 აგვისტოს დაინიშნა აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელიც საჯარო სივრცეში არ იყო გავრცელებული და უკვე 8 აგვისტოს დაანონსდა რექტორის არჩევნები. ზუსტად ეს ბადებს ეჭვს იმისას, რომ ეს იყო კონკრეტული ზეწოლის შედეგები, რადგან შვებულებაში გაშვებული აკადემიური საბჭო უცებ, ფორსმაჟორში, იკრიბება და იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას“.

აკადემიური საბჭოს წევრებზე მიმდინარე ზეწოლის შესახებ საუბრობს რადიო თავისუფლებასთან „აუდიტორია 115“-ის წევრი გიორგი არობელიძეც. მისი თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ აკადემიური საბჭოს წევრებთან ხორციელდება სატელეფონო ზარები, რათა მათ არჩევნებში ერთ კონკრეტულ კანდიდატს დაუჭირონ მხარი. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ირინა ქურდაძე, თუმცა ის იმასაც ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ თავს გულისხმობს:

„სწორად გამიგეთ, არ ვიცი, რას გულისხმობენ სტუდენტები. მე შემიძლია პირადად ჩემზე ვისაუბრო მხოლოდ და, რა თქმა უნდა, ჩემს შემთხვევაში ვერანაირ ზეწოლაზე საუბარი ვერ იქნება“.

„აუდიტორია 115“-ის წევრებისათვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი შარვაშიძის, კანდიდატურა რექტორის თანამდებობაზე რამდენიმე მიზეზით არის მიუღებელი. როგორც გიორგი არობელიძე ამბობს, სწორედ გიორგი შარვაშიძე იღებდა მონაწილეობას იმ სამმხრივ შეხვედრებში, რომლებიც, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გაზაფხულზე მიმდინარეობდა და სადაც „განათლების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებზე იყო საუბარი. სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმება, უნივერსიტეტისთვის დაფინანსების გაზრდა, უმაღლეს სასწავლებლებში „გარეშე რეფერირების“ სისტემის დანერგვა - ეს იმ ცვლილებების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც „აუდიტორია 115“-ის წევრები მოითხოვდნენ და რომელთა განხორციელებისათვის, გიორგი არობელიძის თქმით, განათლების მინისტრის მოადგილეს არაფერი გაუკეთებია. გიორგი არობელიძე იმ დაპირებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის შესახებ გიორგი შარვაშიძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ერთი თვის წინ ილაპარაკა:

გიორგი შარვაშიძე
გიორგი შარვაშიძე

„უნივერსიტეტი უნდა გახდეს რეალურად წამყვანი უნივერსიტეტი რეგიონის მასშტაბით და ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამაზე უფრო მაღალი და გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ კვლევითი უნივერსიტეტი“.

ამ დაპირებას გიორგი არობელიძე შეკითხვას უპირისპირებს:

„თუ მისი მინისტრის მოადგილეობის დროს მან ვერ შეძლო უნივერსიტეტს ჰქონოდა მეტი დაფინანსება, რომელსაც კვლევებისთვის გამოიყენებდა, დღეს ის როგორ აპირებს ძალიან მწირი ბიუჯეტის პირობებში, რომ მან უნივერსიტეტი გადააქციოს კვლევით დაწესებულებად? ეს, უბრალოდ, აბსურდია. მას თუ უნივერსიტეტისთვის სიკეთე უნდოდა, მისი ყოფილი თანამდებობა გაცილებით ბევრ ბერკეტს აძლევდა იმისათვის, რომ უნივერსიტეტისთვის სხვადასხვა დახმარება მოეტანა“.

„აუდიტორია 115“-ის წევრები ფიქრობენ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილის გარდა, უნივერსიტეტის რექტორობისთვის იბრძოლებს, ასევე, უნივერსიტეტის შიდა კლანის რომელიმე წევრი, რომლის მიზანიც იქნება არსებული სტატუსკვოსა და დღის წესრიგის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ რამდენიმე დღის წინ მათ გაავრცელეს სპეციალური განცხადება და მიმართეს საქართველოსა თუ უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებს, იკისრონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. მათი აზრით, სწორედ იმ ადამიანებმა უნდა შეიტანონ უნივერსიტეტის განვითარებაში საკუთარი წვლილი, რომლებიც სამეცნიერო თუ სხვა შრომითი საქმიანობით არიან დაკავებულნი და შესაბამისი გამოცდილება აქვთ.

უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, 30 მარტს, თანამდებობა დატოვა ვლადიმერ პაპავამ. სტუდენტების აზრით, რექტორი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ართმევდა თავს. ვლადიმერ პაპავას ედავებოდნენ იმასაც, რომ ის არ ამჟღავნებდა უნივერსიტეტში ე. წ. „ოდეერების“ ყოფნის ფაქტს. მიუხედავად ვლადიმერ პაპავას არაერთი განცხადებისა, რომ ის გადადგომას არ აპირებს, საბოლოოდ, მან ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG