Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი უნდა იყოს აკადემიური საბჭო


თსუ
თსუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარდა. საბჭოს არჩევნებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია სულ 35-მა კანდიდატმა გაიარა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი აკადემიური საბჭო მუშაობას 16 მაისიდან შეუდგება. როგორი უნდა იყოს აკადემიური საბჭო და რა ცვლილებებს მოითხოვენ აკადემიური საბჭოს შემადგენლობასა და არჩევის წესთან დაკავშირებით როგორც სტუდენტური თვითმმართველობის, ისე სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“-ის წევრები?

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 მაისს აკადემიური საბჭოს 13 წევრი აირჩიეს. სწორედ აკადემიური საბჭოა ის ორგანო, რომელმაც რამდენიმე თვეში რექტორი უნდა აირჩიოს, და სწორედ აკადემიური საბჭოს არჩევნების წესს აპროტესტებენ სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“-ის წევრები, რომლებმაც ამ მოტივით 10 მაისს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც გაგზავნეს. როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი დვალაძე, ისე არჩევნების დამკვირვებლები და „აუდიტორია 115“-ის წევრები ამბობენ, რომ „აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა“, თუმცა „აუდოტორია 115“-ის ერთ-ერთი წევრის, ირაკლი კუპრაძის, თქმით, სტუდენტურ გაერთიანებას სწორედ საბჭოს არჩეული წევრების მიმართ აქვს პრეტენზია. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, საბჭო დაკომპლექტდა იმავე შემადგენლობით და იმავე მიმართულების წარმომადგენლებით, რომლებიც ნაკლებად გამოირჩევიან უნივერსიტეტის რეფორმირებისკენ სწრაფვით:

„გაყვანილნი იქნენ ისეთი კანდიდატები, რომლებიც არიან ყველაზე მეტად ინფანტილურები რეფორმების მიმართ. ერთ-ერთი კანიდატი, მაგალითად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან ვერ გავიდა აკადემიური საბჭოს არჩევნებში, ვინაიდან შესაძლებელი იყო, რომ მას შეექმნა საფრთხე ვიღაცების სტატუს- კვოსთვის და მის ნაცვლად მოხვდა ორი წევრი, რომლებიც არასდროს გამოირჩევიან თუნდაც მკაფიო, ცალსახა პოზიციებით და ყოველთვის შუაში დგანან რაღაც გადაწყვეტილებებს შორის, რაც ვერასდროს ვერ შეცვლის საკეთილდღეოდ უნივერსიტეტის მდგომარეობას“.

იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა რაოდენობა არის ათი. შესაბამისად, ამ სტუდენტებს გააჩნიათ ზეგავლენის საშუალება...
ირაკლი კუპრაძე

აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა 2 წარმომადგენელი, არჩეულად კი ითვლება კენჭისყრის მიხედვით ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმის უფლების მქონე სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრება საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ 1/4-ით. „აუდიტორია 115“-ის წევრების პრეტენზია შეეხება იმასაც, რომ აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები და შესაძლოა სწორედ მათმა ხმამ იქონიოს გავლენა შედეგებზე:

„მაგალითად, იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა რაოდენობა არის ათი. შესაბამისად, ამ სტუდენტებს გააჩნიათ ზეგავლენის საშუალება მაშინ, როდესაც პოზიციები გაყოფილია რომელიმე პროფესორის საკეთილდღეოდ. ეს ათი ხმა ყოველთვის გადამწყვეტი ხდება გაყოფილი პოზიციების დროს და ისინი პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებენ ამ მდგომარეობას“.

სრულიად საპირისპიროს ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბახტურიძე, რომელიც თვლის, რომ აკადემიური საბჭოს არჩევნებში იმდენად მცირე რაოდენობის სტუდენტი იღებს მონაწილეობას, რომ მათ არჩევნების შედეგზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. მეტიც, სწორედ ამიტომ პაატა ბახტურიძე ამ წესის შეცვლის აუცილებლობასა და ამ მიმართულებით უმაღლესი განათლების შესახებ კანონშიშესწორების შეტანის აუცილებლობაზე ლაპარაკობს:

„აკადემიური საბჭოს არჩევნებში სტუდენტების ხმა, ფაქტიურად, დაკარგულია, იმიტომ რომ როდესაც არჩევნებში მონაწილეობას იღებს 180 პროფესორი და 10 სტუდენტი, ამ სტუდენტების ხმა ვერაფერს შეცვლის. ეს საკითხი დაურეგულირებელია კანონით. კანონი არჩევნების წესთან დაკავშირებით უნდა იყოს ზოგადი ხასიათის და შემდეგ უკვე უნივერსიტეტში, შიგნით, ჩვენ უკვე შეგვიძლია დავარეგულიროთ. მაგალითად, ან წინასწარ ჩატარდეს არჩევნები იმ სტუდენტებისა, რომლებიც შემდეგ აკადემიური საბჭოს არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ან სტუდენტურ თვითმმართველობას მიეცეს საშუალება, რომ წარადგინოს იმ სტუდენტების რაოდენობა, რომელიც არის სრული აკადემიური პერსონალის ¼“.

ამიტომ არსებობს ხოლმე კარგ ამერიკულ უნივერსიტეტეტბში მმართველი საბჭოები, რომლებიც არ არიან რექტორის დაქვემდებარებაში არც ერთ დონეზე...
სიმონ ჯანაშია

უნივერსიტეტის შიდა წესდების თანახმად, აკადემიური საბჭო შედგება 14 წევრისგან. „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ მათი რაოდენობა 28-მდე უნდა გაიზარდოს, რადგან თვლიან, რომ აკადემიური საბჭო, რომელშიც შვიდი ფაკულტეტეტის ყველა შიდა მიმართულების წარმომადგენელი გაერთიანდება, გაცილებით ლეგიტიმური და ობიექტური იქნება. ირაკლი კუპრაძის თქმით, შიდა წესდების შეცვლა მარტივი პროცედურაა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და მისი განხორციელება რამდენიმე დღეშია შესაძლებელი. მისივე თქმით, შიდა წესდების შეცვლაზე უკვე არსებობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობაც და თუკი იქნება ადმინისტრაციის პოლიტიკური ნება, აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზრდება.

იმთავითვე შეცდომად მოიაზრებს აკადემიური საბჭოს წევრებად ისევ და ისევ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის არჩევას განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია. მისი თქმით, არსებული წესის თანახმად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ირჩევს რექტორს, რომელიც შემდგომ მათთან დებს ხელშეკრულებას, რაც არაჯანსაღი ურთიერთობების მიზეზად შეიძლება იქცეს. ის უცხოური უნივერსიტეტების გამოცდილებასა და იქ არსებულ წესზე ამახვილებს ყურადღებას:

„ამიტომ არსებობს ხოლმე კარგ ამერიკულ უნივერსიტეტეტბში მმართველი საბჭოები, რომლებიც არ არიან რექტორის დაქვემდებარებაში არც ერთ დონეზე და სწორედ ისინი ირჩევენ რექტორს. ეს დაახლოებით ისეთივე სისტემაა, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გარედან მოსული ადამიანებით დაკომპლექტებული ბორდი“.

აღსანიშნავია ისიც, რომ „აუდიტორია 115“-ის წევრები მუშაობენ საკანონმდებლო ცვლილებებზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში. ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, 13 მაისს გაიმართება სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივანი. შეხვედრაზე განიხილება სტუდენტების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთი პუნქტი აკადემიური საბჭოს მიერ რექტორის არჩევის წესს ეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG