Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჭულაძე-გვარამიას საუბრის ფარული ჩანაწერი ინტერნეტით გავრცელდა


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

14 სექტემბერს ინტერნეტში გავრცელდა „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბრის ფარული სატელეფონო ჩანაწერი.

ჩანაწერში ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ იმ წევრთა პოზიციის გამო უსაყვედურებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ, ახალი მოწვევის პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში შესვლას არ გამორიცხავენ. სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გადმოწერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას არ ენდობა, მის შეკითხვებზე პასუხის გაცემას აპირებს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც, თავის მხრივ, ადასტურებს პაატა ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბრის ფაქტს და უკვე აქვს პასუხი იმაზეც, ვინ ჩაწერა და გაავრცელა ეს საუბარი:

“სამი ფიგურანტია სულ ან საკუთრივ უშიშროების სამსახური, იმიტომ რომ ეს არის ღია კავშირით განხორციელებული ზარი, ანუ ჩვეულებრივად მობილური ტელეფონით განხორციელებული ზარი. ამას ისმენს ან სუსი, რომელსაც ხელმისაწვდომობა აქვს, ან პროვაიდერი ამ საუბრის, და ეს არის „ჯეოსელი“ ორივე შემთხვევაში. ჩემს შემთხვევაშიც და ბატონი პაატას შემთხვევაშიც, ორივე ჯეოსელის ტელეფონზე ვართ. ან ის, ვინც „როუმინგის“ ოპერატორია, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური სამსახური. ვისზე აქვს ეჭვი ქართულ ხელისუფლებას, მე ეს ძალიან მაინტერესებს,მაგრამ ყველამ ვიცით ამ შეკითხვაზე პასუხი, რაც არის. ჩვენ გვისმენს, გვითვალთვალებს, გვიღებს, იწერს და ამას შემდგომში აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის დავალებით სუსი“.

ეს საუბარი არ არის სრული, მიუხედავად იმისა, რომ ეს საუბარი, რა თქმა უნდა, შედგა. საინტერესოა ის, რომ ამ საუბრიდან ამოღებულია მონაკვეთი, სადაც პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ის არც „ოცნების“ მომხრეა და არც „ნაციონალური მოძრაობის“...
დავით ჯანდიერი

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი აქვე დასძენს, რომ ამ საუბრის ჩანაწერის გავრცელება იმის ინტერესშია, ვისაც სურს აჩვენოს, რომ პაატა ბურჭულაძე დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილთან და „რუსთავი 2“-თან და იმართება ნიკა გვარამიას მიერ. აქვე იგი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ჩანაწერი, გარდა იმისა, რომ უკანონოა, დამონტაჟებულიცაა. ის, რომ ჩანაწერი მართლაც დამონტაჟებულია და წინასაარჩევნოდ მიმართულია პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციისკენ, ჩვენთან საუბარში დაადასტურა „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრმა, დავით ჯანდიერმა:

“ეს საუბარი არ არის სრული, მიუხედავად იმისა, რომ ეს საუბარი, რა თქმა უნდა, შედგა. საინტერესოა ის, რომ ამ საუბრიდან ამოღებულია მონაკვეთი, სადაც პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ის არც „ოცნების“ მომხრეა და არც „ნაციონალური მოძრაობის“. სამწუხარო სწორედ ის არის, რომ რეალურად სამართალდამცავი ორგანოები საქართველოში და, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახური არ არის დეპოლიტიზებული, განსხვავებით იმისგან, რასაც მუდმივად გვიმტკიცებს ხელისუფლება. ეს არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმის, რომ ხელისუფლება ერევა სხვის პირად ცხოვრებაში, პირად საუბრებში და შემდგომში ხდება მისი გასაჯაროება“.

დავით ჯანდიერი ამბობს, რომ სკანდალურია არა საუბრის შინაარსი, არამედ თავად ფაქტი, რომ უსმენენ დამოუკიდებელი მედიასაშუალების ხელმძღვანელსა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერს. ამ გარემოებაზე განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას ზოგადად ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო სექტორში. კამპანია „ეს შენ გეხებას“ სახელით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული მოსმენების კანონზე მუშაობამაც აჩვენა, რომ ხელისუფლებას ფარული და უკანონო თვალთვალის პრობლემის სრულფასოვნად მოგვარების პოლიტიკური ნება არ ჰქონდა:

ეკა გიგაური
ეკა გიგაური

“ის, რაც იყო გასაკეთებელი ხელისუფლების, მან ეს არ გააკეთა და, შესაბამისად, ის კითხვის ნიშნები მაინც რჩება, რომ სპეცსამსახურებს შეიძლება ჰქონდეთ სურვილი, რომ ბოროტად გამოიყენონ თავიანთი ძალაუფლება და ის ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მათ გააჩნიათ. ცალსახად, ეს ყველაფერი არის მთავრობის პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ ეფექტური გამოძიება ჩაატარონ არა მხოლოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით, არამედ სხვა ფაქტებთან დაკავშირებითაც“.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია, ამბობს, რომ მისი პარტიის ინტერესებში არ შედის არაფრის მომცემი ხმაურის ატეხა და კარგია, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა აქვე აღნიშნავს იმასაც, რომ მნიშვნელოვანია როგორც ფორმა, ისე საუბრის შინაარსი, ანუ როგორ ცდილობს ერთ-ერთი კერძო ტელეკომპანიის დირექტორი პოლიტიკური პროცესების მართვას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ინტერნეტში 14 სექტემბერს გავრცელებული აუდიოჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს მყისიერი და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, სახელმწიფო დაცვის სამსახური აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებასთან კავშირს უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG