Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: მომავალშიც ვიყოთ სტაბილურობის შუქურა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა რეგიონში


„ჩვენ წინაშე მდგარი ყველაზე დიდი ამოცანა ის არის, რომ მომავალშიც ვიყოთ სტაბილურობის შუქურა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა რეგიონში, სადაც რთულ გამოწვევებს ვაწყდებით“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა ატლანტიკური საბჭოს გამოცემას, New Atlanticist-ს. კვირიკაშვილის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველომ მიაღწია დიდ პროგრესს ეკონომიკური განვითარების, საზოგადოების გაერთიანებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. „2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის შედეგად, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია და ასობით ათასმა ადამიანმა იძულებით დატოვა საცხოვრებელი. ამ ტრაგედიის შედეგებს ყოველდღიურად ვხედავთ და 2008 წლის აგვისტოს გამოცდილება გვარწმუნებს, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია უფრო ძლიერი და თავდაცვისუნარიანი სახელმწიფოს მშენებლობისკენ“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნას და მშენებლობას ისეთი ქვეყნისა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა მოქალაქის კეთილდღეობა. ამავე ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი შეუქცევადია. „საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ევროკავშირისა და ნატოს წევრობას განიხილავს როგორც აუცილებლობას, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტებს, მშვიდობას და კეთილდღეობას როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთლიანად რეგიონში“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG