Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში გაიმართა გიორგი კვირიკაშვილისა და ენტონი ბლინკენის შეხვედრა


ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ენტონი ბლინკენის შეხვედრა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირიკაშვილმა და ბლინკენმა ისაუბრეს აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე, საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტისას ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობას, რაც გულისხმობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას და თანამშრომლობას საგანმანათლებლო სფეროში. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა და ენტონი ბლინკენმა ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესზე, ამ მიმართულებებით აშშ-ის ჩართულობისა და მხარდაჭერის როლზე და საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, უზრუნველყოს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი არჩევნები და მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით იწვევს რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს. გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე. გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ფორუმის თანათავმჯდომარეები იყვნენ საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტები, ფრანსუა ოლანდი და ჯეიკობ ზუმა.

XS
SM
MD
LG